22:21:35     30-03-2012
ბიძინისტები ერთმანეთს დაერივნენ, მასალკინი დუმბაძეს უტევს

„რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მასალკინი, მურმან დუმბაძის, კოალიცია „ქართული ოცნების“, აჭარის რეგიონული სტრუქტურის ლიდერად შესაძლო დანიშვნას აპროტესტებს. ამბობს, რომ არ სურს, უფროსად პარტიიდან გარიცხული წევრი მოევლინოს. მასალკინის განცხადებით, თავის დროზე დუმბაძე პარტიიდან იმის გამო გარიცხეს, რომ ექსკლუზიურ უფლებებს ითხოვდა. ამას კი, პარტიული წესდება კრძალავდა.
„რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მურმან დუმბაძეს ქსენოფობიურ განცხადებებშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მურმან დუმბაძემ უნდა აღიაროს ისევ ძველი თანამოაზრეების, ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას იდეოლოგიას ემხრობა, თუ დაივიწყა „მხოლოდ ქუჩა, მხოლოდ აქციები, მხოლოდ რევოლუცია“? „პრესა.ჯი“-ს გიორგი მასალკინი ესაუბრა.
- თქვენ განაცხადეთ, რომ მურმან დუმბაძეს ხელმძღვანელად არ მიიღებთ, რატომ?
- მიზეზი არის სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური და პირადი ფსიქოლოგიური. მე ვთვლი, რომ ის თემა, რითაც მურმანი გახდა პოპულარული ბოლო პერიოდში, მოიცავს ბევრ რისკს. პოლიტიკური მიზეზი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური კოალიცია და უნდა იყოს პოლიტიკური წესრიგი. მურმანი, სწორედ უდისციპლინობის გამო გაირიცხა პარტიიდან. ვფიქრობ, მისი მხრიდან გაუთვლელი და სპონტანური ნაბიჯები ისევ არის მოსალოდნელი. ეს დააზიანებს პოლიტიკურ კოალიციას.
- რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მიზეზებს...
- პირველი ორი მიზეზის გამო, ლოგიკურად ჩანს მესამე მიზეზის არსებობა. ამ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც მურმან დუმბაძე პარტიის გარეთ იყო, მის ირგვლივ დაიწყო ისეთი წრის ჩამოყალიბება, რომელიც არ წარმოადგენს ხელისუფლების ჯანსაღ ალტერნატივას.
- გამოითქვა ვარაუდი, დუმბაძეს იმის გამო უპირისპირდებით, რომ გსურთ ეს პოსტი თავად ჩაიბაროთ...
- ძალიან კარგია ეს რომ მკითხეთ. არც ბათუმის მაჟორიტარობაზე, არც შტაბის უფროსობაზე პრეტენზია არ გამაჩნია. მე წარმოვადგენ აქ „რესპუბლიკურ პარტიას“ და არ მინდა პარტიიდან გარიცხული პიროვნება მოგვევლინოს უფროსად.
- „რესპუბლიკურმა პარტიამ“ რის გამოც გარიცხა მურმან დუმბაძე, ბიძინა ივანიშვილი სწორედ იმ საკითხში ეთანხმება მას...
- სხვა მიზეზით გაირიცხა მურმან დუმბაძე პარტიიდან. ეს იყო მხოლოდ საბაბი. მან მოითხოვა რეგიონში ექსკლუზიური უფლებები. მანვე დააყენა საკუთარი თავი პარტიის გარეთ. სხვათაშორის, ხვალ ბათუმში ჩამოსვლას აპირებენ მურმან დუმბაძის ყოფილი თანამოაზრეები. მაინტერესებს, რა პოზიციას დაიკავებს ამ შემთხვევაში მურმან დუმბაძე.
- თქვენ ამბობთ, რომ იდეურად, მურმან დუმბაძე ნინო ბურჯანაძესა და კახა კუკავას პოლიტიკურ კურსთან უფროა ახლოს, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“?
- ყოველ შემთხვევაში, მე არ მომისმენია დუმბაძისგან, არის თუ არა, ისევ ძველ პოზიციაზე: „მარტო აქციები, მარტო ქუჩა, რევოლუცია“. ბევრი შეკითხვა იბადება ძალიან.
- დუმბაძის პოზიციაა მხოლოდ ქუჩა, მხოლოდ აქციები და მხოლოდ რევოლუცია?
- ის იზიარებდა ამ ხედვებს. ის ხელმძღვანელობდა იმ აქციას, რომელიც გასული წლის მაისში, აჭარის ტელევიზიასთან ჩატარდა. ხვალაც ატარებენ მიტინგს გარკვეული ძალები. როდესაც ადამიანი იქნება კოალიციის სახე აჭარაში, ხომ უნდა ვიცოდე, რა პოზიცია აქვს არჩევნების მიმართ, აქციების მიმართ? აკეთებს თუ არა ისევ ქსენოფობიურ განცხადებებს. სუფრაზე შეიძლება ვიღაცამ რაღაცა თქვას, მაგრამ შეიძლება 80 მილიონიან მეზობელზე, რომელიც ნატოს წევრია, თქვა „ოკუპანტი და აგრესორია“–ო? თურქეთზე მაქვს საუბარი. მურმან დუმბაძის გარემოცვაში, ეს განცხადებები ისმის. თქვენ მოწმე გახდებით, რომ ხვალ გამოჩნდება ძალა, რომელიც გამოვა მიტინგზე და იტყვის რაღაც საზიზღრობას. ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ხვალ ვიტრინის ჩამსხვრევა არ მოხდება, ან დროშის დაწვა?
მურმანს კარგად ესმის რაღაცეები, არ არის უჭკუო კაცი, მაგრამ ის უკვე გახდა მისი გარემოცვის მძევალი. თუნდაც „ასავალ–დასავალის“ მძევალი...
- ივანიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული გამოცემა ეროვნულ საქმეს აკეთებს და ამისთვის მადლობასაც უხდის...
- ეს ის შემთხვევაა, როდესაც მე, ბიძინა ივანიშვილს არ ვეთანხმები. ამისთვის არც განვიცდი რაიმე დისკომფორტს. არ არის აუცილებელი ყველას ერთი აზრი ჰქონდეს, თუნდაც კოალიციაში.
0