14:29:29     30-03-2012
პარლამენტის წევრის ასაკობრივი ზღვარი 21 წლამდე იწევს

საქართველოს მოქალაქეს, დეპუტატობის შანსი, 21 წლიდან ექნება. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრად, შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან.
როგორც „პრესა.ჯი-ს” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიგი წერეთელმა განუცხადა, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, უმრავლესობის შიგნით, დიდი ხანია დისკუსია მიმდინარეობს. ევროპის ბევრ ქვეყანაში, 21 წლის ახალგაზრდას, პარლამენტში პასიური და აქტიური საქმიანობის საარჩევნო უფლება აქვს.
„თუ ბევრ ქვეყანაში, ეს, 18 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი, რატომ არ შეიძლება, რომ ქართველ ახალგაზრდებს ასეთი შანსი და პრივილეგია ჰქონდეთ და 21 წლიდან? თუ 21 წლის ადამიანს, საზოგადოება მხარს უჭერს და ის, დეპუტატობას იმსახურებს, რატომ არ შეიძლება, კანონმდებელი გახდეს? – არ მესმის. პირიქით, ქართული ახალგაზრდობა მომზადებულია იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღოს“, – აცხადებს დეპუტატი.
ცვლილებასთან დაკავშირებით, წერეთელი ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებს და ამბობს, რომ მსოფლიოში, გასულ საუკუნეებშიც და ახლაც, 21 წლის ასაკში, ბევრი გამოჩენილი ადამიანია, რომელთაც უნარ–ჩვევები მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული.
რაც შეეხება იმ საკითხს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში მოხვდებიან თუ არა 21 წლის ახალგაზრდები, კანონმდებელი აცხადებს, რომ მას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
პარლამენტის წევრის ასაკობრივი ზღვარის 21 წლამდე დაწევას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი იმით ხსნის, რომ ცვლილება, პარლამენტის კიდევ უფრო მეტ წარმომადგენლობითობას ხელს შეუწყობს და პარლამენტის უფლებამოსილებები გარკვეულწილად გაიზრდება.
დეპუტატის განცხადებით, ინიციატივა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ საქართველოს პარლამენტში არჩეული იყვნენ და წარმოადგინონ შესაბამისი რაიონი და რეგიონი”, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, პარლამენტში უკვე მოხდა. არსებული რეგულაციით, პარლამენტის წევრის ასაკობრივი ზღვარი 25 წელი იყო. ხოლო, პარლამენტის წევრის ასაკის ზედა ზღვარი საქართველოს კანონმდებლობაში, დაწესებული არ არის.
0