08:58:06     30-03-2012
ალასანია, სეპარატისტები და ოკუპანტები თანამოაზრეები გახდნენ...

მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიას განცხადება დასავლეთ საქართველოში ხელისუფლების მიერ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ სოხუმმა აიტაცა, ეს „იდეა“ ახლა მოსკოვშიც „გაითავისეს“. ჟენევის მოლაპარაკებთა მორიგ რაუნდზე ჩასულმა რუსულმა დელეგაციამ, თავის აღშფოთება-შეშფოთებაზე საუბარი სწორედ ამ თემით დაიწყო და დაამთავრა.
„საქართველო, აფხაზეთის მოსაზღვრე რაიონებში, არაფორმალურ შეიარაღებულ გაერთიანებებს ქმნის“ - განაცხადა ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. გრიგორი კარასინმა ირაკლი ალასანიას ბრალდებები, რომელიც თავის მხრივ, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მანამდე „გაამრავალფეროვნა“, კიდევ უფრო კარგად დააზუსტა და დეტალურად მოყვა, თუ „რა ხდება“ ოკუპირებული რეგიონის სიახლოვეს:
„ბოლო თვეებში, სიტუაციის გამწვავება შეინიშნება საქართველო-აფხაზეთის საზღვრის რაიონში, სადაც გრძელდება ქართული სპეცსამსახურების პროვოკაციები. იანვრის თვიდან უკვე მოკლულია 7 ადამიანი. გაჩნდნენ რაღაც შეიარაღებული ფორმირებები. ამას ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ადასტურებენ. ქართული მხარე, ჩვენი განცხადების შემდეგ, ტრადიციულად, შეეცადა, პასუხისმგებლობა აფხაზებზე და გადაეტანა და რუსეთის მხრიდან პროვოკაციებზე ესაუბრა, მაგრამ ჩვენ ციფრებით და ფაქტებით ვუჩვენეთ, რომ ვფლობთ სიტუაციას, ვიცით კონკრეტული ადგილები, თუ სად რა ხდება“ - განაცხადა მან.
სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ სოხუმმა და მოსკოვმა, როგორც ჩანს, მორიგი პროვოკაციების ციკლი უკვე წამოიწყეს, რათა „დაადასტურონ“ ალასანიას ინფორმაცია. გუშინ ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სეპარატისტების ინფორმაციით „უკანონოდ გადალახა საზღვარი“. შალვა ხუხუა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმმა გალის რაიონში აიყვანა. სოხუმის ცნობით, მას თან ჰქონდა მაკაროვის სისტემის პისტოლეტი დამხშობით. ხუხუა შემდგომი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, გალის რაიონის უშიშროების განყოფილებაში გადაიყვანეს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ როგორც აფხაზური სააგენტო „აპსნიპრესი“ იუწყება, აფხაზეთის სპეცსამსახურები ამუშავებენ ვერსიას, რომლის თანხმადაც ხუხუა, შესაძლოა, „აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსიულ-ტერორისტული აქტების ჩადენასთან იყოს კავშირში“.
კარასინის თქმით, აღნიშნული „ფაქტებით“ უნდა დაინტერესდნენ ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც „პასუხს აგებენ ქართულ ტერიტორიაზე“ და ასევე რუსი მესაზღვრეები, რომლებიც „შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ“…
ამ ვითარებიდან გამომდინარე, მოსკოვმა ჟენევაში კიდევ ერთხელ მოითხოვა, საქართველომ ხელის მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს, რასაც კრემლი დიდი ხანია ცდილობს.
რა თქმა უნდა, ქართული მხარე არ აპირებს ამ დოკუმენტზე მხოლოდ თავისი ხელმოწერით (მოსკოვის მოთხოვნით დოკუმენტს ქართულმა და სეპარატისტულმა მხარეებმა უნდა მოაწერონ ხელი), მოსკოვს, როგორც რეალურად კონფლიქტის მონაწილე მხარეს, აარიდოს ეს პასუხისმგებლობა. კრემლის აზრით, ის არაფერ შუაშია არც აფხაზეთის და არც ცხინვალის რეგიონის კონფლიქტთან, ის არ არის მხარე და ამიტომ ზემოაღნიშნულ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მას არც ეკუთვნის.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მოსკოვი უკვე ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზე „იზრუნებს“, იქნება ტერმინის - „ოკუპირებული ტერიტორიები“ - საკითხი დასვას, რადგან მისი აზრით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ასეთი სტატუსი არ შეეფერებათ და თურმე, ამის გამო, „შეურაცხყოფილებადაც“ თვლიან თავს. ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 8 ივნისსაა დაგეგმილი.
0