ლეხ კაჩინკის ქალიშვილმა, სმოლენსკის კატასტროფის ოფიციალურ ვერსიას, ყალბი უწოდა ლეხ კაჩინკის ქალიშვილმა, სმოლენსკის კატასტროფის ოფიციალურ ვერსიას, ყალბი უწოდა />


  18:16:41     29-03-2012

ლეხ კაჩინკის ქალიშვილმა, სმოლენსკის კატასტროფის ოფიციალურ ვერსიას, ყალბი უწოდა

a16599.jpg

მარტა კაჩინსკაიას არ სჯერა მამის დაღუპვის ოფიციალური ვერსიის. ის სიმართლის დადგენას ევროპარლამენტისგან ითხოვს. პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ღია მოსმენა ევროპარლამენტში უკვე მეორედ გაიმართა. ამჯერად მას ლეხ კაჩინსკის შვილი და პოლონეთის მთავრობის სხვა დაღუპული წევრების ოჯახების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მარტა კაჩინსაიამ განაცხადა, რომ ითხოვს კომპეტენტური საერთაშორისო კომისიის შექმნას, რომელიც ტუ-154-ისა და მის ბორტზე მყოფი 96 ადამიანის დაღუპვის ნამდვილ მიზეზებს დაადგენს.

როგორც ცნობილია, გამოძიება ამ საკითხზე, როგორც პოლონურმა, ისე რუსულმა მხარემაც ჩაატარა. კაჩინსკაია ამბობს, რომ ამ ორი გამოძიების დასკვნებს შორის შეუსაბამობა ძალიან ბევრია. ამდენად, საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის საჭიროება, მისი თქმით, უკვე რეალობითაა ნაკარნახევი.

კატასტროფიდან 2 წლის შემდეგ, თავს იჩენს ამ ტრაგედიის ახალ-ახალი დეტალები, რომლებზე საუბარიც არ არის, ან შეგნებულად თუ შეუგნებლად სხვაგვარადაა კონსტატირებული როგორც პოლონურ, ისე რუსული გამოძიების მასალებში.

ცოტა ხნის წინ ჩატარდა ავიაკატასტრფაში დაღუპული ერთ-ერთი პირის ცხედრის ექსგუმაცია და პოლონელი გამომძიებლები ამბობენ, რომ აღმოჩენილია რუსეთის პათოლოგანატომების „შეცდომები“… კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ერთ-ერთი დაღუპულის ცხედრის გაკვეთის შემდეგ შედგენილ რუსულ დასკვნაში აღწერილია გარდაცვლილის იმ შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, რომელიც ამ ადამიანს სიცოცხელშივე, უკვე წლების განმავლობაში აღარ ჰქონდა. კიდევ ერთ დაღუპულს, რუსულ დოკუმენტებში, საგრძნობლად მოუმატეს სიმაღლე.

ექსგუმაცია ტუ-154-ის ბორტზე მყოფი სხვა პირების ოჯახებმაც მოითხოვეს, რადგან ფიქრობენ, რომ რუსულ დასკვნებსა და ანგარიშებში ძალიან ბევრი, რბილად რომ ვთქვათ, უზუსტობაა.

„მე იმედი მაქვს, რომ სიმართლე კატასტროფის მიზეზების შესახებ უფრო ფართოდ გავრცელდება. საუბარია ახალი დასკვნების პოპულარიზაციაზე, ასევე, საერთაშორისო კომისიის მოწვევაზე, რომელიც ობიექტურად შეისწავლის, თუ რა მოხდა“ - განაცხადა ლეხ კაჩინსკის ქალიშვილმა ევროპარლამენტში. მას არ სჯერა ოფიციალური ვერსიის, რომ თითქოსდა, კატასტროფის მიზეზი მფრინავი იყო, რომელიც ცდილობდა ნისლის მიუხედავად, თვითმფრინავი მაინც დაესვა. პრეზიდენტის ქალიშვილი ამ ვერსიას სიყალბეს უწოდებს.

ბოლო პერიოდში წარმოიქმნა კიდევ ერთი ეჭვი. პოლონეთის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებმა უცნაურად მიიჩნიეს ის, რომ თვითმფრინავის კორპუსის ნაწილები დეფორმირებული აღმოჩნდა. მათი აზრით, ეს, შესაძლოა, ბორტზე მომხდარ აფეთქებაზეც კი მიუთითებდეს. ამიტომ, ისინიც ექსპერტთა კომპეტენტური კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელსაც გამოძიების დოკუმენტებთან დაუშვებენ და რომელიც არსებული მასალის ანალიზს მოახდენს.

ლეხ კაჩნსკის ძმა იაროსლავ კაჩინსკი ევროპარლამენტში გამართულ ღია მოსმენას ვარშავიდან ადევნებდა თვალს. მან არ გამორიცხა, რომ თვითმფრინავი თავდასხმის შედეგად განადგურდა:

„თუ იქ იყო აფეთქება, როგორც დღეს ითქვა, ეს კატასტროფა, მაშინ, თავდასხმას უფრო ჰგავს. და თუ ეს კატასტროფა თავდასხმას ჰგავს, მაშინ ეს ახალი ხარისხია პოლიტიკაში“ - თქვა მან ევროპარლამენტთან ვიდეოხიდის დროს.

პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა ტრაგედია. ბორტზე იმყოფებოდა 96 ადამიანი, - ქვეყნის პრეზიდენტი და მისი მეუღლე, ასევე უმაღლესი თანამდებობის პირები.

0

ავტორი: