13:10:54     29-03-2012
ოლიგარქი ივანიშვილი სიმღერას იწყებს...

ბერა ივანიშვილი საზოგადოებას ხვალ ახალ კლიპს წარუდგენს, რომელსაც „ოცნებების ღამე“ ჰქვია. კლიპი ბერას მამის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ოცნებებს ეხმიანება. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლიპში, რომელსაც ბერას თაყვანისმცემლები ხვალ ნახავენ, ბიძინა ივანიშვილიც მღერის. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, „პრესა.ჯი“ ბერას მეგობარს, ლევან მდინარაძეს, იგივე დიჯეი რემბოს დაუკავშირდა.
მდინარაძე ჩვენთან საუბრისას არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი კლიპში ამღერდება. ჩვენი შეკითხვა, მიიღებს თუ არა კლიპში ოლიგარქი რაიმე ფორმით მონაწილეობას, მდინარაძემ უპასუხოდ დატოვა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ვერაფერს იტყვის.
„მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. დაელოდეთ კლიპის პრემიერას და ნახავთ რაც იქნება“. ამასთან, რემბომ განგვიმარტა, რომ მისი „ფეისბუქის“ გვერდზე, ბერას ახალ სომღერასთან დაკავშირებით, სტატუსი დევს და ის გამოვიყენოთ.
სტატუსში მდინარაძე წერს: „კლიპზე არის ბევრი მითქმა -მოთქმა, მაგალითად, ეწერა ესეთი რამ , - რომ კლიპში ბატონი ბიძინა იღებს მონაწილეობასო, როგორც ერთ-ერთი მონაწილეო, ზოგმა ისიც დაწერა რომ რაღაც მონაკვეთში მღერისო…. ეს თუ ესეა -ძალიან სენსაციური იქნება :). მოკლედ, მე ბევრს არ ვილაპარაკებ და გეტყვი, რომ არ გამოტოვო თრეილერი“.
თრეილერის მოკლე მონაკვეთი მილიარდერის რეპერმა ვაჟიშვილმა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე დადო. ვიდეორგოლიდან ირკვევა, რომ კლიპის შინაარსი პოლიტიკურია.ამღერდება თუ არა ივანიშვილის „ოცნებების ღამეში“, ეს ხვალ გახდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ბერას სიმღერისა და კლიპის პრემიერა სწორედ ხვალ, ფილარმონიაში შედგება.
0