11:15:05     29-03-2012
რა საფრთხეს უქმნის მეწამორის ატომური ელექტროსადგური კავკასიას?

არის თუ არა მზად კაცობრიობა სხვადასხვა სამეცნიერო-ტექნიკური ცდებისთვის? სანამ სწავლულები და მეცნიერები ახალ ტექნიკურ მიღწევებზე მუშაობდნენ და კაცობრიობას აცნობდნენ ყოველივეს, ფილოსოფოსები მათი ცდების ნეგატიური მაჩვენებლების წარმოჩინებას ცდილობდნენ. შედეგად კი მიდიოდნენ ერთ დასკვნამდე: თუ ადამიანებმა რაღაც „სუპერმექანიზმის“ მაგვარი შექმნეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ამ ქმნილების მართვა შეუძლიათ. ეს შეხედულება კი იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ მათი აზრით მთავარი ის კი არ არის იცოდე, რა ღილაკს დააწვე და როგორ მართო იგი, არამედ ადამიანს უნდა შესწევდეს ძალა, პირველ რიგში, საკუთარი თავი გააკონტროლოს. „ატომური ხანის“ ისტორია კი იმას ამტკიცებს, რომ ადამიანს საკუთარი თავის კონტროლი ძალიან უჭირს.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, „ატომური უსაფრთხოება“ ატომური საშიშროებებისგან მსოფლიოს დაცვას გულისხმობდა, მაგრამ ამ დროისათვის, სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა: ეს საშიშროება განსაკუთრებით აქტუალური ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევაში ხდება. ალბათ ყველას კარგად ახსოვს 2011 წელს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, ატომური ელექტროსადგურის, „ფუკუსიმა 1“-ის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებული ისტორია.
თუმცა, ეს არ იყო პირველი ტრაგედია, რომელიც ატომურ ელექტროსადგურს უკავშირდება. მსოფლიო უკვე მოესწრო მსგავს სიტუაციებს ამერიკის შეერთებული შატატების სამკილომეტრიან კუნძულსა და ჩერნობილში. მაგრამ სწორედ ფუკუსიმას ტრაგედიამ აჩვენა კიდევ ერთი პოტენციური საშიშროება.
დიახ, რა თქმა უნდა შესაძლებელია ყოველგვარი იმედების დამყარება ატომურ ელექტროსადგურებზე, უსაფრთხოების ყოველგვარი ზომების მიღება და მომსახურე პერსონალის დაცვა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ყოველივეს გათვალისწინება და კონტროლი შეუძლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ისეთ უკონტროლო სიტუაციებს ეხება, როგორიც მიწისძვრა და წყალთან დაკავშირებული სტიქიებია. თუ ჩერნობილის ტრაგედია ადამიანის დაუდევრობამ გამოიწვია, მაშინ ფუკუსიმამ დაგვარწმუნა, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების კონტროლი შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ ფუკუსიმას დაპროექტებისას და მისი აშენების განმავლობაში, გაითვალისწინეს ყოველივე, მათ შორის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გამოწვეული დაბრკოლებებიც, მაგრამ მასშტაბების შეფასებისას შეცდნენ.
ასეა თუ ისე, ფუკუსიმა 1-ზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, ელექტროსადგურების სრულ უარყოფაზე ალაპარაკდა. მაგალითად, გერმანია პირობას დებს, რომ ქვეყნის მასშატაბით არსებულ თითოეულ ატომურ ელექტროსადგურს 2020 წლისთვის დახურავს. საფრანგეთი და ესპანეთი თავიანთ ელექტროსადგურებზე ტესტებს ჩაატარებენ, რაც ამ სადგურების შემდგომ ბედს განსაზღვრავს. მაგრამ ბევრი ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ქვეყნებიც იტყვაინ უარს ატომურ ენერგიაზე. ელექტროსადგურებზე აუარის თქმა შვეიცარიამაც გადაწყვიტა, სადაც ქვეყნის ენერგორესურსის საერთო მაჩვენებლის 40 პროცენტი სწორედ ამ სადგურებზე მოდიოდა. ასეთი გამოძახილი ჰქონდა იაპონიის ტრაგედიას ევროპისა და განვითარებული ქვეყნების თითქმის სრულ რაოდენობაში.
მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ატომური ელექტროსადგურები მხოლოდ ევროპის ქვეყნებში არ არსებობს. ამ შემთხვევაში, პრობლემის კლასიკურ მაგალითად შეგვიძლია სომხეთის მეწამორის ატომური ელექტროსადგური დავასახელოთ, სადაც სიტუაცია ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სრულებით საწინააღმდეგოდ ვითარდება.
სპეციალისტების აზრით, შესაძლოა, მეწამორის ატომური ელექტროსადგური დღეისათვის ყველაზე საშიში „ატომური ობიექტი“ იყოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს სადგური გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენდა, ანუ ჩერნობილის ელექტრო სადგურამდე გაცილებით ადრე და დაფუძნებულია ძველ სტანდარტებსა და ნორმებზე. ეს ნორმები კი თანამედროვე რისკფაქტორებს არ ითვალისწინებს. მეორე პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ექსპერტების აზრით, ადგილი სადაც ეს ელექტროსადგურია აგებული, მეტად წარუმატებლად არის შერჩეული , კერძოდ კი სეისმურად მეტად აქტიურ ზონაში. იგი ძალიან ახლოს მდებარეობს მთებთან, სადაც არსებობს „მიძინებული“ ვულკანი და მეცნიერების აზრით, მისი „გამოღვიძება“ სრულებით შესაძლებელია. ეს ფაქტორები უკვე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ აზერბაიჯანს, თურქეთსა და ევროკავშირს, მეწამორის ატომური ელექტრო სადგურის დახურვა მოეთხოვათ.
მაგრამ სამწუხაროდ, სომხეთში ამ საკითხთან დაკავშირებით არაფრის გაგონება არ სურთ. აღსანიშნავია, რომ სადგური სპიტაკსა და გიუმრიში, შემდეგ კი ლენინაკანში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ უკვე დახურული იყო, მაგრამ შემდეგ მისი ამოქმედება კვლავ გადაწყვიტეს. ის კვლავ განაგრძობს მუშაობას სეისმურად აქტიურ ზონაში და არც „მიძინებულ“ ვულკანს უშინდება.
სომხეთის ხელისუფლების არგუმენტები კი ამ თემასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, მეტად პრიმიტიულია. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, რადგან სხვა გზით ვერ მოაგვარებენ ქვეყნის ელექტრორესურსთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს კი იმის გამო ხდება, რომ „არაკეთილმოსურნე“ მეზობლები მათ ელექტრო „ბლოკადას“ განაგრძობენ.
სამწუხაროდ, ამ არგუმენტებს არ შეიძლება რეალური ვუწოდოთ. პირველ რიგში, ეგრეთ წოდებულ „ბლოკადაში“, რომელსაც სომხეთი თურქეთსა და აზერბაიჯანს აბრალებს, ამ ქვეყანამ საკუთარი თავი თავად შეიყვანა, მეორე მიზეზი კი გახლავთ ის, რომ სომხეთი მეტად დამოკიდებულია ირანზე, რომელიც სომხეთს ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მთავარი მიზეზი, რომლის გამოც სომხეთის ხელისუფლებამ მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დახურვაზე უნდა იფიქროს, გახლავთ ის, რომ ეს სადგური თავად სომხეთის მოსახლეობას უქმნის დიდ საშიშროებასა და რისკს.
მაგრამ მეწამორის ირგვლივ არსებულ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა, ამ პრობლემაზე თვალს ხუჭავს და უმცირეს ყურადღებასაც კი არ უთმობს. ხოლო თუ ამ სიტუაციაში ყოველივეს საკუთარ სახელს დავარქმევთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეისათვის „ყველაზე საშიში ატომური ელექტრო სადგური“ ერთგვარი შანტაჟისთვის გამოსადეგი იარაღია: ერევანი იუწყება, რომ რეაქტორებით „თამაშს“ მანამდე განაგრძობს, სანამ გზას არ გაუხსნიან თურქეთსა და აზერბაიჯანში.
ეს კი შეიძლება ითქვას, რომ სპეციალურად შედგენილ გეგმას ჰგავს, რომელიც საშიშ ასაფეთქებელ ნივთიერებას „ეთამაშება“ და საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, თუ რა დაემართება თავად აფეთქების შემთხვევაში.
0