09:51:37     29-03-2012
ისტორიული სოფლის, ატოცის ეკლესიები
სოფელი ატოცი მდებარეობს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, მდინარე ფრონეს მარცხენა ნაპირზე, ქარელიდან 27 კილომეტრის მანძილზე. ატოცს მრავალჯერ განუცდია მტერთაგან თავდასხმა. 1759 წელს ატოცს ლეკთა დიდი არმია შემოსევია. მეფე თეიმურაზმა და ერეკლემ ჯარი შეჰყარეს და მტერს მიაშურეს. დასახმარებლად მოიხმეს აგრეთვე სოლომონ მეფეც. ლეკებმა თავს გაქცევით უშველეს.
კოდას წმ. ელიას ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6 X 4,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი ქვა. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. დარბაზის კამაროვანი გადახურვა სატრიუმფო თაღს და გრძივ კედლებს ეყრდნობა. ფასადებს შემოკლებული აქვს თლილი ქვის ლავგარდანი. ეკლესია გადახურულია ფილაქვის ორფერდა სახურავით.
მთავარანგელოზის ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება X საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (8,2 X 5,3 მ), ნაგებია ქვის კარგად გათლილი კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ღრმა ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელია, მის გვერდებზე თითო ოთხკუთხა ღრმა ნიშია. საკურთხევლის კედელს ჩამოსაჯდომი გასდევს, ხოლო სარკმლის ქვემოთ სატრაპეზო ქვა დგას. ეკლესიას სარკმლები დასავლეთით და სამხრეთითაც აქვს. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობისა და მოხატულობის კვალი. ეკლესიის ცოკოლი მაღალია, ორსაფეხურიანი და სწორკუთხა; ლავგარდანი შედგენილია სწორკუთხა ფილებისაგან. ეკლესია ლორფინებით ყოფილა გადახურული. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე მოგვიანებით მიშენებული პირამიდული კოშკისგან მხოლოდ ყრუკედლებიანი პირველი სართულია შემორჩენილი.
ღვთისმშობლის ეკლესია დგას სოფლის განაპირას, დასავლეთით, ადგილ გულიკაანთ უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია კედლების წყობის ქვედა 3-5 რიგი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის კედლები კუთხითურთ. ეკლესია დარბაზულია (5,4 X 3,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი ქვა. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია.
ღვთისმშობლის ეკლესია დგას სოფლის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (12,15 X 7,3 მ), ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი კვადრები. სამხრეთით სწორკუთხა შესასვლელია, დასავლეთის შესასვლელი ამოშენებულია. ნახევარწრიული აფსიდი საკმაოდ ამაღლებულია. მის ღერძზე სარკმელია. აფსიდის ორივე მხარეს ვიწრო და მაღალი სამკვეთლო და სადიაკვნეა. სამკვეთლოში აღმოსავლეთით ერთი სარკმელია. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრეთის კარის თავზე და ჩრდილოეთ კედელშია. დარბაზის გრძივი კედლები და შეისრული კამარა დანაწევრებულია წყვილი მასიური პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. კედლები მთლიანად შელესილი და შეთეთრებულია. სამხრეთის კარის არქიტრავზე ჯვრის გრაფიკული გამოსახულებაა. დასავლეთ (კარის თავზე) და აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. ნაგებობას აგურის ლავგარდანი და კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.
წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის ცენტრში. გადმოცემით აგებულია 1903 წელს ძველი პატარა ეკლესიის ადგილზე. ეკლესია მოზრდილი გუმბათოვანი ნაგებობაა (17,1 X 11,7 მ), ნაგებია უხეშად ნატეხი ქვითა და აგურით. კონსტრუქციულ ნაწილებში თლილი კვადრებია გამოყენებული. საფუძვლად სამნავიანი ბაზილიკის გეგმა უდევს. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია თითო ოთხკუთხა მასიური ბურჯითა და მათზე გადაყვანილი ფართო ნახევარწრიული თაღებით. გვერდის ნავები ტოლია და არქიტექტურულად მსგავსი. შუა ნავი საგრძნობლად მაღალია გვერდის ნავებზე. გადახურულია ნახევარსფერული კამარით და მაღალი თორმეტსარკმლიანი გუმბათი აქვს. შუა ნავის დასავლეთ შესასვლელის თავზე სამრეკლოს მეორე სართულზე გასასვლელი კარია. აღმოსავლეთით ფართოსარკმლიანი ნახევარწრიული აფსიდია. საკურთხეველი ორი საფეხურით ამაღლებულია და შუაში არდაბაგი აქვს. საკურთხეველს გასასვლელებით უერთდება სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნე, რომლებიც გვერდის ნავების უწყვეტ გაგრძელებას წარმოადგენს და თითოეულს აღმოსავლეთით თითო ფართო სარკმელი აქვს. ინტერიერის მთელი აღმოსავლეთ ნაწილი საკურთხეველთან, სამკვეთლოსა და სადიაკვნესთან ერთად გამოყოფილია ხის მაღალი კანკელით, რომელშიც კარგად შემონახული მოგვიანო ხანის ხატებია ჩასმული. ჩრდილოეთით და სამხრეთით ექვს-ექვსი სარკმელია, ხოლო დასავლეთით - ორი. კედლები გარეთ და შიგნით მთლიანად შელესილი და შეთეთრებულია. ნაგებობას გარედან ბაზილიკური იერი აქვს - შუა ნავი მკვეთრად არის ამოწეული გვერდის ნავებიდან. გუმბათი როგორც შიგნით, ისე გარეთ არ შეესაბამება საერთო მასებს. ფასადების ქვედა ნაწილებში ნალესი დახაზულია და თლილი კვადრების იმიტაციას ქმნის. ფასადებზე სარკმლები ნახევარწრიულ დეკორატიულ თაღებშია ჩასმული. ლავგარდანი შედგენილია აგურის სამი რიგისაგან.
ეკლესიაზე დასავლეთით მიშენებულია ნაგებობა, რომლის პირველი სართული ეკლესიის კარიბჭეა, ზედა სართული კი გახსნილთაღებიანი სამრეკლო.
ეკლესიას შემოვლებული აქვს უსწორო ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. მის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში თლილი ქვის ფართო თაღოვანი ალაყაფის კარია.
წმ. მარინეს ეკლესია დგას სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6,1 X 4,4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კონსტრუქციული ნაწილები ამოყვანილია თლილი ქვის თანაბარ რიგთა წყობით. შიგნით თაღოვანი, გარედან არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე - თითო ოთხკუთხა ნიში. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია ნატეხი ქვით ნაგები კანკელით, რომელსაც შუაში აღსავლის კარი აქეს. სამხრეთით ერთი თაღოვანი სარკმელია. გრძივი კედლები და ნახევარწრიული კამარა დანაწევრებულია წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. კამაროვანი გადახურვა საბჯენ თაღზე და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დამყარებულ სატრიუმფო თაღს ეყრდნობა. აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადების სარკმლების თავზე ტოლმკლავა ჯვარია ამოკვეთილი. ლავგარდანი თლილი ქვისაა.
0