წმინდა კათალიკოს-პატრიარქის, აბროსი ხელაიას ხსენების დღე წმინდა კათალიკოს-პატრიარქის, აბროსი ხელაიას ხსენების დღე />


  08:50:23     29-03-2012

წმინდა კათალიკოს-პატრიარქის, აბროსი ხელაიას ხსენების დღე

a16567.jpg

1927 წლის 16 (ახალი სტილით 29) მარტს თბილისში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მეცნიერი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და დიდი მამულიშვილი, წმინდა ამბროსი აღმსარებელი. დღეს მისი ხსენების დღეა. 

მომავალი პატრიარქი, ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია დაიბადა 1861 წელს, ზუგდიდის მაზრის სოფელ ინჩხაურში. 1873-1879 სწავლობდა მარტვილის სასულიერო სასწავლებლში. 1885 დაამთავრა ტფილისის სასულიერო სემინარია.

ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს აკურთხეს მღვდლად. მსახურობდა სოჭში, სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. იყო სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა მათ წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ. 1896 წელს დაქვრივდა, მისი მეუღლე მშობიარობას გადაჰყვა. მამა ამბროსის დარჩა სამი შვილი, რომლებსაც მერე თვთონ ზრდიდა და მუდამ თან ჰყავდა, ყაზანში სწავლისას და გადასახლების დროსაც.

1900 წელს ბერად აღიკვეცა, უწოდეს ამბროსი. აკადემია დაასრულა 1901 წელს. დაწერა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“. 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დანიშნეს.

ჭელიშის მონასტერში მან აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ე. წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე წმიდა სახარება, შემდგომში „ჭელიშის ოთხთავის“ სახელით ცნობილი.

როგორც ყველა მამულიშვილი, ისიც იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, რის გამოც 1905 რუსეთში გადაასახლეს. 1908 დააბრალეს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში მონაწილეობა. თუმცა მერე გაამართლეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს.

საქართველოში დაბრუნება შეძლო 1917 წელს. იყო ჯერ ჭყონდიდის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი, შემდეგ ცხუმ-ბედიის (აფხაზეთის) მიტროპოლიტი.

1921 წლის 7 სექტემბერს აირჩიეს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად, მისი აღსაყდრება მოხდა 14 ოქტომბერს.

როგორც ვიცით, 1921 წელს რუსეთის იმპერიამ კვლავ დაიპყრო საქართველო. კვლავ დაიწყო ქართველი ხალხის არნახული ჩაგვრა, ქვეყანას წაართვეს სუვერენიტეტი, წაართვეს ძირძველი ტერიტორიები, იხურებოდა ეკლესიები, ხელოვნურად იქმნებოდა ავტონომიური წარმონაქმნები...

ამ ვითარებაში, ტრადიციისამებრ, როგორც არა ერთხელ გაუკეთებიათ ქართველ მღვდელმთავრებს, ერის წინამძღოლის უმძიმესი ტვირთი იკისრა, ერისათვის წამებულის გზა აირჩია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ამბროსიმ.

მან 1922 წლის თებერვალში, საკათალიკოსო საბჭოს თანხმობით, მემორანდუმი გაუგზავნა გენუის საერთაშორისო კონფერენციას. უწმინდესის მიმართვა დაიბეჭდა გენუის გაზეთში და გავრცელდა.

გენიუს საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა 1922 წლის 10 აპრილიდან 19 მაისამდე. ის ეხებოდა ძირითადად ფინასურ და ეკონომიკურ საკითხებს. კონფერენციის უმთავრესი მიზანი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური აღორძინება. მასში მონაწილეობდა 29 სახელმწიფოსა და დიდი ბრიტანეთის 5 დომინიონის წარმომადგენელი.
ამერიკელები მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ჩავიდნენ.

რუსი ბოლშევიკები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ კონფერენციას. მას უნდა დასწრებოდა ლენინი, მაგრამ მის მაგივრად ჩიჩერინი ხელმძღვანელობდა რსფსრ-ს დელეგაციას.

რუს ბოლშევიკებს უნდოდათ უცხოეთის სახელმწიფოებს ეცნოთ რუსული ბოლშევიკური სახელმწიფო და მასთან ხელშეკრულება დაედოთ.

რუსმა ბოლშევიკებმა თავის მიზნებს გენუის კონფერენციაზე ვერ მიაღწიეს...

კათოლიკოს-პატრიარქი და საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრი დააპატიმრეს. შემდეგი ბრალდებებით:

კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, ეკლესია-მონასტრებში დაცული საგანძურის გადამალვა, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება და სამხედრო ტაძრის, რომელიც დღევანდელი პარლამენტის ადგილას იდგა, კომკავშირისადმი გადაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წამომადგენლის გამოუცხადებლობა.

მოაწყვეს ღია სასამართლო პროცესი, სადაც მიჰყავდათ ურწმუნო კომკავშირლები, რომელნიც შეურაცხყოფდნენ სამღვდელოთ. თუმცა, სასამართლო კიდევ ერთხელ იქცა დამპყრობთა მხილების ტრიბუნად. მთელმა ქართულმა ეკლესიამ მხარი დაუჭირა თავის საჭეთმპყრობელს. იმ დღეებში გაისმა წმინდა ამბროსი კათალიკოსის გაბედული სიტყვები, რომელსაც მამულიშვილური ფორმულა შეიძლება ვუწოდოთ: "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!"

ბოლშევიკებმა პატრიარქის მოკვლა ვერ გაბედეს, საერთაშორისო სკანდალს მოერიდნენ, მათ ხომ ევროპულ სახელმწიფოებთან დაახლოება უნდოდათ. პატრიარქს 8 წელი მიუსაჯეს. თუმცა, პატიმრობამ ჯანმრთელობა შეურყია საქართველოს გმირ პატრიარქს.

1926 წელს ბოლშევიკები იძულებული გახდნენ კათალიკოსი და სხვა სასულიერო პირები ციხიდან გამოეშვათ. მართლმადიდებლობის პოზიციების დასუსტებას  ეკლესიის შიგნიდან შეეცადნენ, მაგრამ ქართული ეკლესია დარჩა ძველი ტრადიციების მიმდევარი, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა უწმინდესმა პატრიარქმა ამბროსი I-მა.

ჯანმრთელობაშერყეულმა მამულიშვილმა დიდხანს ვეღარ იცოცხლა. უწმინდესი ამბროსი I გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს, თბილისში. დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში. 1995 წელს ქართულმა ეკლესიამ კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია წმინდანად შერაცხა, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელით.

გავიხსენოთ წმინდა პატრიარქის მიმართვა კონფერენციისადმი.

კათალიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი

,,1918 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას… რასაკვირველია ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი. მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გავლურების და გახრწნის კარამდე!

ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა:

მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.

ამიტომ ვითხოვ:

1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.

2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა.“

0

ავტორი: