ივანიშვილის დაბალი რეიტინგის მიზეზები ივანიშვილის დაბალი რეიტინგის მიზეზები />


  17:04:08     28-03-2012

ივანიშვილის დაბალი რეიტინგის მიზეზები

a16562.jpg

SPIEGEL ONLINE-თან ინტერვიუში, "ქართული ოცნების" ლიდერი საკუთარ პოლიტიკურ ხედვაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროპა მისი გუნდისთვის მისაბაძი მაგალითი, მიზანი და ბედისწერაა.“ 

ივანიშვილის განცხადება, საგარეო ორიენტირთან დაკავშირებით, კარდინალურად არ ემთხვევა იმ მოსაზრებებს, რომლებსაც ის ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის პირველ ხანებში ახმოვანებდა. კერძოდ, მის დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებზე, აშკარა ჩრდილოეთისკენ გადახრა ემჩნეოდა, ეტყობა ოცნების ლიდერი თავიდან კარგად არ იყო გარკვეული ქართული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერაში იმ საგარეო ვექტორის მიმართ, რომელიც ქვეყანას უკვე არჩეული აქვს.

საზოგადოებრივი ტენდენციის გათვალიწინებითა და მრჩევლების დახმარებით, ივანიშვილი იძულებული ხდება თავისი მოსაზრებები გადააკეთოს, ამ ფონზე, მისი პოზიცია, შეხედულებები და განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობებით სავსეა,რაც ახალშეკოწიწებული გაერთიანების რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს.

NDI-ს კვლევის შედეგად, გაერთიანებამ პროცენტულად დაბალი მაჩვენებელი მიიღო.  თუმცა ბუნებრივია, რომ თავად „ქართული ოცნება“ NDI-ის მონაცემებს არ ეთანხმება. დაბალი რეიტინგის ძირითადი მიზეზი, ორპოლუსიანობის ტენდენციაა, რომელსაც ივანიშვილის გაერთიანებამ წინასაარჩევნო პერიოდში უპირატესობა მიანიჭა იმ იმედით, რომ საზოგადოებაში პოპულარობას მოიხვეჭდა.

ტენდენცია არ გამართლდა. მან მმართველი გუნდის წისქვილზე დაასხა წყალი და შესაბამისად, ამ უკანასკნელის რეიტინგი დღეისათვის მაღალია. ივანიშვილის განცხადება „შუა გაიკაფოს“ ასევე პოლიტიკურად წამგებიანი სვლა იყო.  შუაში იგულისხმება არამარტო პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ივანიშვილი სააკაშვილის ჯიბის პარტიებად  და ფსევდოოპოზიციად მოიხსენიებს, არამედ საზოგადოების ის სოლიდური ნაწილი, რომლისთვისაც ქვეყანაში არსებული საგარეო ვექტორი უცვლელია, მაგრამ ამავე დროს არც სააკაშვილი სურს, არც „ქართული ოცნება“ და დასაყრდენს ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალებში ეძებს. 

რაც შეეხება ბედისწერას, რომელსაც „SPIEGEL ONLINE“-თან ინტერვიუში ახსენებს ივანიშვილი, ბედისწერამ მისი ცხოვრების ღუზა წლების წინ რუსეთის ნაპირთან ჩაუშვა, უხილავი შემწის ეს გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ეს ზუსტად იმ დროს დაემთხვა, როდესაც დიდი იყო სურვილი ეროვნულ თვითმყოფადობაზე დამყარებული, თავისუფალი, დასავლურ ფასეულობეზე ორიენტირებული სახელწიფოს მშენებლობა, მაგრამ სრული წარმოდგენა, როგორი სისტემა უნდა ჩამოყალიბებულიყო ამ მიზნის განხორციელებისთვის - ბუნდოვანი.

სწორედ ეს გარემოება გახდა მიზეზი რუსეთში 90-იანი წლების დასაწყისში ოლიგარქიული კასტის წარმოქმნისა, რომელიც სახელწიფოში არსებული ხარვეზებით  ექსპლუატირების ხარჯზე გამდიდრდა.  დაგროვილი კაპიტალის პოლიტიკური სარჩულით გამყარება ოლიგარქების ერთ-ერთ უმთავრესს მიზნად იქცა. სიმდიდრეს ძალაუფლების წყურვილი მოყვა  და მათ მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში ინტეგრირება დაიწყეს.  ქართული წარმოშობის რუსმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ბედისწერისა თუ სხვა უხილავი შემწეების შთაგონებით, ღუზა მშობლიურ ნაპირთან ჩაუშვა. 

ოლიგარქის ამბიციას რუსული კაპიტალით აიხდინოს „ქართული“ ოცნება, საზოგადოების მხარდაჭერა და ნდობა სჭირდება, რომელიც მის პოლიტიკურ გაერთიანებას ამ მომენტისთვის არ გააჩნია. ივანიშვილის ნომერ პირველი გეგმა მოახერხოს მმართველი გუნდის ძალაუფლებიდან ჩამოშორება, ამ ვითარებაში პერპექტივას მოკლებულია.

0

ავტორი: