09:53:28     28-03-2012
მაქსიმ გორკიმ გიორგი მუხრანბატონის ოჯახი გადაარჩინა
დიდი რუსი მწერალი მაქსიმ გორკი (Максим Горький) დაიბადა 1868 წლის 16 (ახალი სტილით 28) მარტს. მისი ნამდვილი ნამდვილი სახელი და გვარია ალექსი მაქსიმეს ძე პეშკოვი (Алексей Максимович Пешков)
მომავალი მწერალი დაიბადა ნიჟნი ნოვგოროდში. მამა ადრე დაკარგა. დედა გათხოვდა. ცხოვრობდა ბაბუის (დედის მხრიდან) ოჯახში. 11 წლის ასაკიდან შრომა უწევდა. მისი ფსევდონიმიც, გორკი, ამ ვითარებამ გამოიწვია, Горький - მწარე.
განათლების მიღებას თვითგანსწავლის გზით ახერხებდა. მძიმე სამუშაოების შესრულება უწევდა. ერთი პერიოდი, 1901 წლიდან ტფილისშიც მუშაობდა მუშად ამიერკავკასიის რკინიგზის სახელოსნოებში.
1906 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ. მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმს. დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია ბოლშევიკების გამარჯვებას. თუმცა, მერე დაბრუნდა რუსეთში, სადაც სოციალისტური რეალიზმის კლასიკოსად გამოაცხადეს...
მაქსიმ გორკი გარდაიცვალა 1936 წლის 18 ივლისს. ორი წლით ადრე მისი ვაჟი, მაქსიმე გარდაიცვალა. არის ვარაუდი, რომ მწერალი და მისი ვაჟი, ბოლშევიკებმა მოწამლეს... სხვადასხვა გახმაურებულ სასამართლო პროცესზე ზოგი, დიდი თანამდებობის ყოფილი პირი, შემდგომში რეჟიმის მიერ მოღალატედ გამოცხადებული, აღიარებდა ამას.
ისტორიას, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, მაქსიმ გორკიზე და გიორგი მუხრანბატონზე, არც რუსები მალავენ, კერძოდ, რომანოვთა სამეფო ოჯახის ოფიციალური ცნობარები...
ჯერ ცოტა ისტორია. დაახლოებით 1512 წელს ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის ვაჟმა, ბაგრატმა თავის გვირგვინოსან ძმას დავით მეათეს „გამოსთხოვა მუხრანი საუფლისწულოდ და არაგვისა და ქსნის-ხევნი მთიულ-მოხევითურთ თვისსა მორჩილებასა ქვეშე“... მოგვითხრობს ვახუშტი ბატონიშვილი.
„ბაგრატ აღაშენა ციხე მტვერისა“ - ქსნის ციხე.
საუფლისწულოს საზღვრები დროთა განმავლობაში იცვლებოდა. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულისათვის მასში სამოცამდე სოფელი შედიოდა.
მუხრანელ ბაგრატიონთა სახლის უფროსს მუხრანბატონი ეწოდებოდა, სახლიკაცებს მუხრანბატონიშვილები. ქართლის სამეფოში შიდა ქართლის სადროშოს სარდლობა მუხრანბატონებმა მიიღეს.
1658 წელს შეწყდა ქართლის მეფეთა შტო. ტფილისის ტახტზე ავიდა როსტომ მეფის შვილობილი, მუხრანელ ბაგრატიონთა სახლის მეთაური, ვახტანგ V (შაჰნავაზი). მისმა შთამომავლებმა ქართლში იმეფეს 1724 წლამდე, როცა ვახტანგ VI რუსეთს გაემგზავრა. ვახტანგ V-ის შვილმა, არჩილმა ცოტა ხნით იმერეთსა და კახეთშიც იმეფა.
მუხრანბატონობა გადავიდა უმცროს შტოზე, ვახტანგის V-ის ძმის კონსტანტინეს შთამომავლებზე.
1801 წელს რუსეთის იმპერიამ ცალმხრივად დაარღვია 1883 წელს ქართლ-კახეთის სამეფოსთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც „გეორგიევსკის ტრაქტატის“ სახელითაა ცნობილი, გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და მოახდინა მისი ანექსია. მალე რომანოვთა დინასტიის წარმომადგენელმა, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დაიპყრო სხვა ქართული სამეფო-სამთავროებიც. ქართლში გაუქმდა მუხრანის საუფლისწულოც. უხეშმა ძალამ ბაგრატიონთა უძველესი სამეფო საგვარეულოს შვილები რომანოვთა სულ ახალი დინასტიის ქვეშევრდომებად აქცია.
მუხრანის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენლებს მუხრანბატონობა გაუგვარდათ. ადრე მუხრანბატობობა ერთს ჰქონდა, სხვები კი მუხრანბატონიშვილებად იწოდებოდნენ. საუფლისწულოს გაუქმების მერე, დინასტიის მეთაურობა მხოლოდ სიმბოლური გახდა.
1903 წელს უძეოდ გარდაიცვალა მუხრანბატონთა შტოს მეთაური კონსტანტინე ივანეს ძე, ერეკლე II-ის ქალიშვილის, ქეთევანისა და იოანე მუხრანბატონის შვილთაშვილი, და მუხრანელ ბაგრატიონებში უფროსობა გადავიდა მის ბიძაშვილზე, ალექსანდრე ირაკლის ძეზე.
ალექსანდრე ირაკლის ძე მუხრანბატონი იყო იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ამალის გენერალ-მაიორი, ცხენოსანთა პოლკის მეთაური. ალექსანდრეს და, ნინა ბაგრატიონი ნიკოლოზ მეორის დედის ფრეილინა.
ალექსანდრე ბაგრატიონის ვაჟი თბილისში ცხოვრობდა მეუღლესთან, პოლონური შლიახტის წარმომადგენლის სიგიზმუნდ ზლოტნიცკის ასულ ელენესთან და სამ შვილთან ერთად.
გიორგის ჰყავდა ვაჟი ირაკლი და ქალიშვილები მარიამი და ლეონიდა.
1918 წელს ალექსანდრე ბაგრატიონი სხვა 40 გენერალთან და ოფიცერთან ერთად ბოლშევიკებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი პიატიგორსკში. მისთვის ოქროს საათი წაურთმევიათ. არ შეშინდა ბაგრატიონი და კატეგორიულად მოითხოვდა საათის დაბრუნებას.
ხმლებით აჩეხეს რუსმა ბოლშევიკებმა უშიშარი ქართველი.
1919 წელს უძეოდ გარდაიცვალა უკანასკნელი წარმომადგენელი ბაგრატიონ-მუხრანელთა სამეფო შტოსი, ვახტანგ V შაჰნავაზის შთამომავალი დიმიტრი პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი. ასე იქცა ქართლის ბაგრატიონთა შორის გიორგი ალექსანდრეს ძე უფროსად.
1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის გამო სამშობლოს დატოვება მაინც მოუხდა გიორგი ბაგრატიონს ოჯახთან ერთად. ჯერ სტამბოლში ცხოვრობდნენ ერთი წელი, მერე ბერლინში. მაგრამ ვერ გაძლეს უსამშობლოდ და მიუხედავად დიდი რისკისა დაბრუნდნენ საქართველოში.
ბაგრატიონებმა გერმანიაში გაიცნეს მწერალი მაქსიმ გორკი, რომელმაც შემდგომში დიდი სამსახური გაუწია ბაგრატიონებს.
1924 წლის პატრიოტული აჯანყების სისხლში ჩახშობის მერე ქვეყანაში ცხოვრება განსაკუთრებით საშიში გახდა. მუხრანის ერთ-ერთი ეკლესიის ფრესკებს დღესაც ატყვია ბოლშევიკების ნატყვიარები.
შეშფოთებულმა მშობლებმა, 1926 წელს, ირაკლი ნიცაში გაამგზავრეს, მამიდასთან. თავად მაინც ვერ მიატოვეს სამშობლო.
1930 წელს გიორგი ბაგრატიონი, სრულიად უმიზეზოდ, ალბათ ბაგრატიონობის გამო, დააპატიმრეს. მას მოუწია ორი წელი ციხეში ჯდომა.
1931 წელს მაქსიმ გორკის დახმარებით გიორგი ბაგრატიონის მეუღლემ და ქალიშვილებმა საფრანგეთში წასვლა მოახერხეს. რუსი მწერალი დაპირდა მათ, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ბაგრატიონსაც დაეხმარებოდა უცხოეთში გამგზავრებაში.
მართლაც, მაქსიმ გორკიმ შეასრულა პირობა. ასე აღმოჩნდა გიორგი მუხრანბატონის მთელი ოჯახი იძულებით ემიგრაციაში.
გიორგი ბაგრატიონის ქალიშვილმა, მარიამმა ვერ გაძლო უცხოეთში და სწავლის დამთავრების მერე სამშობლოში დაბრუნდა. 1948 წელს იგი მიზეზის გამოცხადების გარეშე დააპატიმრეს და მაგადანში გადაასახლეს 8 წლით.
რომ არა მაქსიმ გორკი, ბაგრატიონ-მუხრანბატონების ოჯახს განადგურება ელოდა.
ასე გადაარჩინა მაქსიმ გორკიმ გიორგი მუხრანბატონის ოჯახი.
0