09:49:30     28-03-2012
ერთაწმინდა (ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიიდან)
სოფელი ერთაწმინდა მდებარეობს კასპის რაიონში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, კასპიდან 20 კილომეტრის მანძილზე.
ერთაწმინდის წმ. ესტატეს ტაძრის კომპლექსი დგას შუა სოფელში. კომპლექსში შედის: ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, სამონასტრო და სამეურნეო ნაგებობების ნაშთები. სახელწოდება „ერთაწმინდა“ დაკავშირებულია წმ. ესტატეს სახელთან. „ესტატე წმინდა“ დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა „ერთაწმინდად“. სოფლის ძველი სახელწოდებაც - ესტაწმინდაა. XVII საუკუნის დამდეგისათვის სოფელი და ტაძარიც თარხნიშვილთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. ერთაწმინდის ტაძარში სააკაძეების საძვალეა. აქაა დამარხული გიორგი სააკაძის ვაჟის პაატას მოკვეთილი თავი.
წმ. ესტატეს ტაძარი კომპლექსის დომინანტს წარმოადგენს. თარიღდება XIII საუკუნის პირველი ნახევრით. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს: აღადგინეს ოთხივე ფასადის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამხრეთ პორტალი, ლავგარდნის ნაწილი (უჩუქურთმოდ). 1951 წლის სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად აღდგენილ იქნა გუმბათი.
ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (22, 2 X 14, 3 მ), ნაშენია კარგად გათლილი მოყვითალო ფერის ქვით. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს, დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. გარედან სამივე კარი სწორკუთხაა, შიგნიდან დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელებს დიდი და ღრმა ყრუ ლუნეტები აქვს. ძირითადი ჯვრის მკლავები კუთხის ნაწილებთან შედარებით რამდენადმე ამაღლებულია. გარედან გუმბათის კვადრატის საფუძველი მკლავების ფრონტონების წვეროთა დონეზეა. კომპოზიცია დასრულებულია გუმბათით, რომელიც თავდაპირველად ვიწრო და მაღალი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ახლანდელი გუმბათია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხორციელდება აფრებით. გადამხურავ კონსტრუქციებს ტაძარში საყრდენი თაღებით შემაგრებული ცილინდრული კამარა და სფერული კონქი წარმოადგენს. ზოგი თაღი შეისრულია. გუმბათი აღმოსავლეთით საკურთხევლის ბემის კედელთან შერწყმულ ბურჯებს ეყრდნობა, ხოლო დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ბოძს. ჩრდილოეთი და სამხრეთ მკლავები მცირე სიღრმისაა. საკურთხეველი და გვერდის ოთახები ერთი საფეხურით შემაღლებულია. საკურთხევლის აფსიდს ღრმა ბემა ერწყმის. ამიტომ ორ სართულად განლაგებული კუთხის სათავსები წაგრძელებული ფორმისაა. აღმოსავლეთით მათ აფსიდები აქვთ. საკურთხევლის აფსიდში მოჩუქურთმებული საპირით შემკული ნიშია. დასავლეთ მკლავი კუთხის მონაკვეთებთან დაკავშირებულია ოდნავ შეისრული თაღებით, რომლებიც პილასტრებსა და რთულპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა. მრავალპროფილიანია პილასტრების ბაზისებიც. დასავლეთ მკლავში თავისებური პატრონიკეა, რომელშიც მოხვედრა დასავლეთ კედლის სარკმელში გაკეთებული ხვრელობით შეიძლება. ტაძარს ბევრი სარკმელი აქვს. ისინი თითქმის ყველა თაღოვანია. აღმოსავლეთით მდებარე სარკმელი ორ რეგისტრადაა განლაგებული. ქვედა რეგისტრის სარკმლები თანაბარი სიმაღლისა და ერთ დონეზე განლაგებულ ნიშებშია გაჭრილი, ზედა რეგისტრში მცირე ზომის შეწყვილებული სარკმლებია. შეწყვილებული სარკმლები სამ დანარჩენ მკლავშიც არის. სამხრეთით და ჩრდილოეთით შედარებით მცირე ზომის სარკმლებს ქვედა წყვილიც ემატება. ამის გარდა, თაღოვანი და მრგვალი სარკმლები დატანებულია აღმოსავლეთ კუთხის სათავსში და მკლავებს შორის, ბემის კედლებთან. ორი მრგვალი მცირე ზომის სარკმელი აღმოსავლეთით კონქში გაჭრილ გასასვლელსაც აქვს. ჩრდილოეთ კედლის მონაკვეთში გაჭრილი თაღოვანი სარკმელი გვიანდელია. თავდაპირველად გუმბათის ყელში თორმეტი სარკმელი ყოფილა, ახლა რვაა.
ინტერიერში კედლების დიდი ნაწილი შელესილია. ტაძრის ჩრდილოეთ მკლავის ჩრდილოეთ კედელზე გაიხსნა (1960-1970 წწ.) მოხატულობის სამი რეგისტრი. მხატვრობა შესრულებულია არა უადრეს XVII საუკუნისა. ზედა რეგისტრში გამოსახულია ნადირობიდან დაბრუნებული წმ. ესტატე, რომელიც თავის ცოლს უმჟღავნებს სასწაულის ამბავს. აქვეა მათი ორი შვილი, ისინი სუფრასთან სხედან. მეორე რეგისტრში წმ. ესტატე თავისი ოჯახით მღვდელმთავრის წინაშე დგას. მესამე რეგისტრის კომპოზიცია საზეიმო ხასიათისაა. სადა ფონზე გამოსახულია ფრონტალურად მდგომი ოთხი წმინდანი. ეს რეგისტრი მთავრდება ორნამენტული ზოლით (ფარდის იმიტაცია). მხატვრობა ხასიათდება წერის მშრალი, სქემატური მანერით. მომწვანო ფერის სარჩულზე ორ ფენად დატანილ თეთრას გაღიაფერებას მკვეთრად უპირისპირდება მუქი ყავისფერი ზოლი (ჩრდილი). კონტურები მეტწილად შავია. მხატვრობის კოლორიტში გაბატონებულია მუქი და მღვრიე ფერები (მონაცისფრო-თეთრი, ლურჯი, ყვითელი, ყავისფერი, შავი). შარავანდებისათვის გამოყენებულია ოქრო.
ტაძრის ფასადები მდიდრულადაა მორთული. დეკორი XIII საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. მოჩუქურთმებულია კარ-სარკმელთა საპირეები და ლავგარდანი. ოთხივე ფასადზე შეწყვილებული სარკმლების კომპოზიციაა, შუაში ჯვრით. ყველაზე საზეიმოდ და გულმოდგინედაა შემკული აღმოსავლეთის ფასადი. მისი სიბრტყე სამნაწილიანია. ცენტრალური არე გვერდის მონაკვეთებისაგან მაღალი მდიდრულად მორთული ნიშებით არის გამოყოფილი. ფასადის ცენტრალურ ღერძზე, საპირეებით შემკულ შეწყვილებულ სარკმლებს შორის, ჩასმულია დეკორატიული ჯვარი, რომელიც ქვედა მკლავის დამასრულებელი როზეტით უშუალოდ ერწყმის დიდ, ცენტრალური სარკმლის საპირეს. სარკმელი თავისი მორთულობით ლილვებით შედგენილ ღეროზეა შეყენებული. ტაძრის კედლებს (გარდა დასავლეთის ფასადისა) შემოვლებული აქვს ჰორიზონტალური დეკორატიული სარტყელი-ფრიზი, რომელიც წიბოებზე აყოლებულ დეკორატიულ ლილვებთან ერთად ერთ მთლიან სახეს ქმნის. უხვი დეკორით გამოირჩევა პორტალები და აღმოსავლეთ ფასადის ნიშების სარკმლები. ტაძრის ფასადების დეკორი მრავალსახიანია როგორც ხასიათით, ისე შესრულების მანერით. შეიმჩნევა რამდენიმე ოსტატის ხელი. დახვეწილი გემოვნებით შესრულებული ნახატის გვერდით ხელოსნური ნამუშევარიცაა. გვხდება წრეების, წრე-რომბების, ოთხყურების, კალათისებრი წნულისა და მათში ჩართული ფოთლოვანი ორნამენტის კომპოზიციების მრავალგვარი ვარიანტი. თავისი ხუროთმოძღვრებითა და მორთულობით ტაძარი ენათესავება XII-XIII საუკუნეების მიჯნის, XIII საუკუნის პირველი ნახევრის ძეგლებს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი, ახტალა და სხვ.)
გალავანი განვითარებული ფეოდალური ხანის გვიანდელ პერიოდს განეკუთვნება. ნაგებია ძირითადად ბრტყელი ნატეხი ქვით, თავდაპირველად ჰქონია შვიდი კოშკი, ხოლო გალავანი იმდენად მაღალი ყოფილა, რომ მხოლოდ ტაძრის გუმბათიღა მოჩანდა.
სამრეკლო გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილშია ჩართული, თავდაპირველი სახით არ არის შემორჩენილი. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, იგი დაუნგრევიათ, რადგან ძველ სამრეკლოში ახალი ზარი ვერ ჩატეულა და ძველის ადგილზე ანალოგიური ფორმის, ოღონდ უფრო ფართო, ორსართულიანი სამრეკლო აუგიათ. სამრეკლოს ზედა სართული მრგვალია. მას ოთხი თაღოვანი ხვრელობი აქვს. თაღის ქუსლებს ზემოთ კედელი აგურისაა. თაღების შეერთების ადგილზე გამოყვანილია ბრტყელი აფრები. ამგვარად შექმნილ წრეს ეყრდნობა გუმბათის სფერული კამარა. ლავგარდანი შედგენილია ოდნავ შვერილი ქვების ერთი მწკრივისგან.
გარგარის წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლიდან 1,5 კილომეტრზე, ნასოფლარ გარგარის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (4,1 X 6,25 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ნაგებობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია კედლების ზედა ნაწილი და ცილინდრული კამაროვანი გადახურვა. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში თაღოვანი სარკმელია. ერთი სწორკუთხა სარკმელი დარბაზის სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშია. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან მიუშენებიათ სათავსი, რომლის მხოლოდ კონტურია შემორჩენილი.
ცუცუბნის წმ. თევდორეს ეკლესია დგას სოფლიდან დაახლოებით ორ კილომეტრზე, ცხირეთისკენ მიმავალ გზაზე, ე. წ. ცუცუბანში. ადგილობრივების გადმოცემით ამ ადგილს ადრე ხუცუბანს უწოდებდნენ. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ნაგებობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია კედლების ზემოთა ნაწილები, დაკარგულია ლავგარდნის ყველა ქვა. კედლები ერთი მეტრის სიმაღლეზე მიწითაა დაფარული.
ეკლესია დარბაზულია (8,2 X 4,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფერის ქვებით. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. იგი დიდი ზომის (2,15 X 0,95 მ) რუხი ფერის არქიტრავითაა გადახურული. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. საკურთხეველში ჩანს მოხატულობის კვალი.
ფასადების კედლები ნაწყობია რუხი ფერის ფილაქვით. ჰორიზონტალური რიგები ყველგან დაცულია. კუთხეები საგანგებოდ არის გამოყვანილი მომწვანო ფირუზისფერი კვადრებით. ასეთივე ფერის ქვები გამოყენებულია აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზე.
0