ზურაბ პოლოლიკაშვილი: ჩემი მთავარი პრიორიტეტი - საქართველოს პოპულარიზაციაა ზურაბ პოლოლიკაშვილი: ჩემი მთავარი პრიორიტეტი - საქართველოს პოპულარიზაციაა />


  22:49:33     27-03-2012

ზურაბ პოლოლიკაშვილი: ჩემი მთავარი პრიორიტეტი - საქართველოს პოპულარიზაციაა

a16525.jpg

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ისევ დიპლომატიას დაუბრუნდა. ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, მას ნდობა საქართველოს პარლამენტმა, დღეს, მეორედ გამოუცხადა და დიპლომატი საქმიანობას, ოფიციალურად, უახლოეს მომავალში შეუდგება.

როგორც პრესა.ჯი-ს პოლოლიკაშვილმა განუცხადა, ელჩის პოსტზე, მისი მთავარი პრიორიტეტი - საქართველოს პოპულარიზაცია იქნება. მისი თქმით, ევროკავშირის მიმართულებით, ესპანეთი ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა, რომელიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერია.

“ვფიქრობ, რომ თანამშრომლობის კუთხით, ბოლო წლების მანძილზე,  ორ ქვეყანას შორის, საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარდა და იმ მთავრობასთან ვმეგობრობდით, რომელიც ნოემბერში, ესპანეთის ხელისუფლების სათავეში მოვიდა. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში, ხოსე მარია აზნარის ვიზიტი, ვინაიდან, ეს ადამიანი ესპანეთში, დღეს ერთ-ერთი წონიანია ფიგურაა”, - განაცხადა მან.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ მისი მიზანია – ორ ქვეყანას შორის უმაღლესი რანგის ვიზიტების დაგეგმვა, საქართველოს პოპულარიზაცია და ინვესტიციების მოზიდვა.

„ტურიზმისა და განათლების რეფორმის კუთხით, აქტიურად ვითანამშრომლებ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. იმ კონტაქტებს, აქტიურად ვიყენებდი, რაც   აქამდე გამაჩნდა, მაგრამ მომავალში, ვეცდები, რომ საინტერესო პროექტებს საფუძველი ჩაეყაროს. ის, რომ მინისტრის პოსტზე ვმუშაობდი, ქვეყნისთვის დაფასებაა და სხვა შემართებითა და მოტივაციით შეიძლება საქმიანობის წარმართვა”, - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ პოლოლიკაშვილი ესპანეთის სამეფოში, ელჩად საქართველომ უკვე მეორე ვადით მიავლინა, კერძოდ, ის ელჩის პოსტზე, 2006-2009 წლებში საქმიანობდა. ამას გარდა, პოლოლიკაშვილი 2005-2006 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, 2009-2010 წლებში,  საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო, ხოლო 2010 –2011 წლებში,  „საფეხბურთი კლუბ თბილისის დინამოს“ გენერალური დირექტორი.

ამასთან, პოლოლიკაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დიპლომატის რანგი.

 ელჩის თანანმდებობაზე, პოლოლიკაშვილი, ნიკოლოზ ნათბილაძეს შეცვლის.

0

ავტორი: