18:24:34     27-03-2012
ობამას ჩურჩულს მედვედევთან, დღეს, „საიდუმლო კონვერტის“ ამბავიც დაემატა

სეულის ბირთვული სამიტის სკანდალის გმირმა, ბარაკ ობამამამ, დღეს, განმარტების გაკეთება ჩათვალა საჭიროდ. მან დააზუსტა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებისას არაფრის დამალვას არ აპირებს: „ამჟამინდელი სიტუაცია არც ისე შესაფერისია მოლაპარაკებებისთვის. მე ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეტს 2013 წელს მივაღწევთ“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ეს განმარტება ობამასა და მედვედევის გუშინდელ დიალოგს მოყვა, რომელიც ჟურნალისტებმა სრულიად შემთხვევით მოისმინეს. პრეზიდენტები ერთი-ერთზე საუბრობდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მიკროფონები ჩართული იყო. სკანდალი სწორედ ამ „გახმაურებული“ დიალოგის ნაწყვეტმა გამოიწვია. ჟურნალისტებმა გაიგეს ობამას შემდეგი სიტყვები:
„ყველა საკითხი, განსაკუთრებით კი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხი შესაძლებელია გადაწყდეს, თუმცა მნიშვნელოვანია მან (პუტინმა) ამისთვის სივრცე მომცეს“, შემდეგ კი დასძინა: „ეს ჩემი ბოლო არჩევნებია, არჩევნების შემდეგ შევძლებ უფრო მოქნილი ვიყო“, რაზეც მედვედევმა უპასუხა, რომ მისთვის გასაგებია „ეს ცნობა“ და რომ ამ ინფორმაციას გადასცემს ვლადიმერს (პუტინს.).
მას შემდეგ, რაც აღნიშნული დიალოგის შინაარსი საჯარო გახდა, ობამას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების რისხვა დაატყდა თავს, განსაკუთრებით ოპონენტი რესპუბლიკელებისგან. ნიუტ გინგრიჩმა განაცხადა: „და ეს არის აშშ-ის პრეზიდენტი… ის ხომ, იდეაში, აშშ-ის სამხედრო თავდაცვაზე უნდა ფიქრობდეს. ის ეუბნება რუსებს, რომ შეუძლია დაუთმოს, მაგრამ არ შეუძლია, მოცემულ მომენტში, ეს საჯაროდ აღიაროს. ჩვენ ობამასგან განმარტებები უნდა მოვითხოვოთ.“
აღშფოთდა მიტ რომნიც: „ახლა არ არის შესაფერისი დრო, რომ პრეზიდენტმა იეშმაკოს ამერიკელ ხალხთან და დაგვიმალოს, რას უპირებს ჩვენს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას, ჩვენს სამხედრო ძალას და ჩვენს ვალდებულებებს ისრაელის წინაშე“ - განაცხადა რომნიმ, რომელმაც რუსეთს შეერთებული შტატების ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერი უწოდა და შეშფოთება გამოთქვა ობამას „გეგმებზე, რუსეთთან რაღაც შეთანხმებების შესახებ“.
რესპუბლიკელებმა სატელევიზიო ვიდეო-რგოლიც შექმნეს სახელწოდებით „რას ეუბნება ობამა მსოფლიო ლიდერებს, როცა ფიქრობს, რომ თქვენ არ უსმენთ“…
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამძაფრებული აჟიოტაჟის გამო ,აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არაფრის დამალვას არ აპირებს რუსეთთან და ანტისარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ წინ აქვს ხანგრძლივი კონსულტაციები პენტაგონთან, კონგრესთან და ორ პარტიასთან.
გუშინდელი სკანდალი არ ჩამცხრალა, რომ დღეს მედიასაშუალებები (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად, რუსული) მის ახალ დეტალებზე წერენ: „ობამამ მევედევის საშუალებით პუტინს წერილი გადასცა“, „ობამამ პუტინს სახელმწიფო დეპარტამენტისგან იდუმალი კონვერტი გაუგზავნა“ -იუწყება ზოგიერთი გამოცემა. მათი ინფორმაციით, პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ „ობამამ მედვედევს კონვერტი მისცა და ჩუმად სთხოვა, ის, პუტინისთვის გადაეცა. დელეგაციაში უარი თქვეს დაეზუსტებინათ, ხომ არ შეიცავს კონვერტი აშშ-ის ახალ წინადადებებს ანტისარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით“. შენიშნავენ იმასაც, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც წინა დღეს აშშ-ს საპასუხო ზომებით ემუქრებოდა, მოულოდნელად შეარბილა პოზიცია და განაცხადა, რომ „დრო არ არის დაკარგული“ და რომ „თანამშრომლობა და ყველა ასპექტის განხილვა, შესაძლოა, უფრო აქტიური გახდეს“.
0