16:18:10     27-03-2012
ჩაფიძე: NDI-ზე ნაკლებად გავავრცელებდი გაყალბების ეჭვებს, უფრო ნავაროს მისამართით არის კითხვები

„მეოცნებეები“ VS „NDI“
„ქართული ოცნება“ ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის წინააღმდეგ გამოდის. ბიძინა ივანიშვილი NDI-ის კვლევის შედეგის გამო გაცოფებულია. შუშის სასახლეში ამ წუთებში იმაზე ბჭობენ, თუ როგორ გადაფარონ სამარცხვინო 10 პროცენტიანი რეიტინგი.
ბედის ირონია: ივანიშვილი რეიტინგებში მინიმუმ 50 პროცენტიან მონაცემებს ელოდა, თუმცა გამოკვლევებმა სხვა სურათი აჩვენა, რომლის მიხედვითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 47 პროცენტი, „ქართულ ოცნებას“ კი მხოლოდ 10 პროცენტი აქვს. მესამეზეა ქრისტიან-დემოკრატები - 3 პროცენტით.
აღსანიშნავია, რომ NDI-ს კვლევების მიხედვით, პრეზიდენტ სააკაშვილს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ბევრად მაღალი რეიტინგი აქვს, ხოლო ინგა გრიგოლია რეიტინგით ბიძინა ივანიშვილს უსწრებს.
ელისო ჩაფიძე, „ქართული ოცნების“ საინციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ NDI-ის კვლევებს არ ენდობა...
„პრესა.ჯი“: NDI-ის კვლევების თანახმად, „ქართულ ოოცნებას“ 10 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.. ელოდით ასეთ დაბალ შედეგებს?
ელისო ჩაფიძე: მე, რეალური ციფრები რაც მაქვს, ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს 30 პროცენტზე უფრო მეტი რეიტინგი მოსახლეობაში. ეს კველევები ჩატარებულია საკმაოდ სერიოზული სოციოლოგიური სამსახურების მიერ.
- ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევებს უნდობლობას უცხადებთ?
- NDI-ის კვლევების სერიოზულად განხილვა, ჩემი აზრით, არც ღირს... ჩვენი კოალიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, აპირებს მიმართოს ამერიკის მთავრობას. ამ ორგანიზაციას ხშირად იყენებენ ხოლმე საარჩევნო გარემოს გასაუარესებლად და ვფიქრობთ, ესაა ანგაჟირებული კვლევები. გარდა ამისა, უცნაურია, როცა კვლევებს უტარებ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ბევრი რამ აქვთ დასაკარგი...
- თქვენთვის სანდო სოციოლოგიური სამსახურები ამავე ხალხს არ უტარებენ კვლევას?
- ჩვენი კვლევები ჩატარებულია ანონიმურად. უფრო მეტი ალბათობით და ესაა უფრო გულახდილი კვლევები საზოგადოების მხრიდან. ჩვენთვის ის კვლევები უფრო სანდოა... როცა ჩვენ რეგიონებში ვხვდებით ხალხს, იგივე ქობულეთში... იქ ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და გამოხატავდა მხარდაჭერას.
- თქვენი აზრით, საერთაშორისო ამერიკული ინსტიტუტი კვლევებს აყალბებს? იქნებ მართლა 10 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“...
- ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ჩვენ ამ მონაცემებს არ ვეთანხმებით და გააყალბა თუ არა, ეს უნდა შეაფასონ იმ ადამიანებმა, რომლებიც აფინანსებენ NDI-ის მოღვაწეობას საქართველოში.
შესაფასებელია ლუის ნავაროს საქმიანობაც... NDI-ზე ნაკლებად გავავრცელებდი ამ გაყალბების ეჭვებს და ბრალდებას.. უფრო ნავაროს მისამართით არის კითხვები.
„უოტერგეიტის“ სკანდალიც ამერიკაში მოხდა, აქედან გამომდინარე, შეიძლება ეჭვის საფუძველიც გამხდარა ასეთი სხვადსხვა ორგანიზაციების ქმედებები...
ბატონი ლუის ნავარო ასეთი ტიპის გამოკითხვებს ქართული ორგანიზაციების ხელით ატარებს, ფაქტობრივად, მძევლის მდგომარეობაში მყოფ ქართულ საზოგადოებას უტარებენ კვლევებს...
- ბიძინა ივანიშვილის რეაქცია როგორი იყო? ალბათ უკმაყოფილოა განსაკუთრებულად დაბალი რეიტინგის გამო...
- ის ამ კვლევებს არ ენდობა...
0