16:00:35     27-03-2012
ინგა გრიგოლია: რაც არ უნდა გვლანძღონ, რეიტინგი აჩვენებს, რომ კურსი სწორად გვაქვს შერჩეული

ყოფილი ტელეჟურნალისტი და საკრებულოს დეპუტატი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ მისი და მისი პარტიელების მაღალი რეიტინგი, მათი ჟურნალისტური მოღვაწეობისა და შემდეგ, სწორი პოლიტიკური ორიენტაციის დამსახურებაა. გრიგოლია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არ სურს საუბარი ბიძინა ივანიშვილზე ან სხვა ოპოზიციურ პარტიებზე. „რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს ან სხვა პარტიებს, ამ თემაზე არანაირი კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს. მთელი ამ დროის განმავლობაში, მათგან წამოსული ლაფის ნიაღვრის მიუხედავად, ჩვენ არავის დავტაკებივართ და არ დაგვიწყია საპასუხოდ ტალახის სროლა“-ამბობს გრიგოლია.
საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, შესაძლოა, მან მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, თუმცა, ჯერ, ჟურნალისტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, „პრესა.ჯი“-ს ინგა გრიგოლია ესაუბრა.
- რამ განაპირობა ის, რომ ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი გაქვთ?
- პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ პარტიულად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი ჩვენთვის, იმედისმომცემი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დავდებთ სერიოზულ შედეგს. 5 პოლიტიკური ლიდერიდან, სამი „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან“ არის და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ გვაქვს სწორად შერჩეული გზა და ვაკეთებთ სწორ აქცენტებს.
გარდა ამისა, ჩვენი პარტია მხოლოდ „მიშა წადის“ პრინციპით არ მოქმედებს. ვინტერესდებით იმითაც, ამის იქით საზოგადოებას რა აწუხებს. მთავარი პრობლემები არის უმუშევრობა, ტარიფები გადასახადებზე და სოფლის მეურნეობა.
გარდა ამისა, გვაქვს სერიოზული ფრაქციები პარლამენტსა და საკრებულოში. ერთობლივი მუშაობით კი მივიღეთ ეს რეიტინგი.
- რაც შეეხება პერსონალურ რეიტინგებს, ოპოზიციური ლიდერებიდან თქვენ გაქვთ ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი, რამ განაპირობა კვლევის ეს შედეგი?
- ქდმ-ს პლუსია ის, რომ პარტიაში ყველა არის ძალიან ცნობადი სახე. ცნობილი ჟურნალისტების პარტია - ხშირად დისკრედიტაციის მიზნით არის ხოლმე ნათქვამი ჩვენ მიმართ. ჩვენი სახელები და გვარები იმ პერიოდიდან მოდის, როცა ოპოზიციას ეძინა და არავინ არაფერს ამბობდა. იმ პერიოდში გიორგი თარგამაძე და მისი გუნდი საზოგადოებას აცნობდა ინფორმაციას, თუ რა ხდებოდა რეალურად ქვეყანაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ რეიტინგი სტარტს იღებს სწორედ ჩვენი ჟურნალისტური მოღვაწეობიდან და შემდეგ გრძელდება იმით, რომ გვქონდა სწორი პოლიტიკური კურსი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მომავალ პარლამენტში აუცილებლად სერიოზული შედეგით ვიქნებით. მე გულწრფელად რომ გითხრათ, არ მაქვს გადაწყვეტილი, თუ არა კენჭს არჩევნებში, მაგრამ ქდმ, ამ რეიტინგებიდან გამომდინარე, შემოდგომაზე სერიოზულ შედეგს დადებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს ან სხვა პარტიებს, ამ თემაზე არანაირი კომენტარის სურვილი არ მაქვს. მთელი ამ დროის განმავლობაში, მათგან წამოსული ლაფის ნიაღვრის მიუხედავად, ჩვენ არავის დავტაკებივართ და არ დაგვიწყია საპასუხოდ ტალახის სროლა.
- რის გამო შეიძლება აღარ იყაროთ კენჭი საპარლამენტო არჩევნებში, ჟურნალიტიკაში ბრუნდებით?
- არ ვარ ჯერ ჩამოყალიბებული, თუკი საკუთარ თავზე მეკითხებით. იყო საუბარი რომ ვბრუნდები ჟურნალისტიკაში. ეს საუბრები მოდის იქიდან, რომ განვაცხადე, ჩემთვის უფრო საყვარელი საქმე ტელევიზია არის–მეთქი.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება თქვენ „მეცხრე არხზე“ გადახვიდეთ...
- ტელევიზიასთან მიმართებაში, არაფერი ამ ეტაპზე არაა გადაწყვეტილი და არც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არც „მეცხრე არხთან“ და არც სხვა ტელეკომპანიებთან. მე ვთქვი, რომ როდესაც ქვეყანაში იქნება სრულიად თავისუფალი მედიაგარემო, მაშინ დავბრუნდები. ამ წუთას არ ვფიქრობ ტელევიზიაზე. წინ არის არჩევნები და მინდა „ქრისტიან დემოკრატები“ ვნახო პარლამენტში და ეს არის ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი.
0