13:20:49     27-03-2012
NDI-ის რეიტინგებით, ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილს უსწრებს

ამერიკის ნაციონალური კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული და გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, ოპოზიცია უკმაყოფილო დარჩა. აღფრთოვანება არც მმართველ გუნდს გამოუხატავს, თუმცა განსაკუთრებით დამწუხრებულები „მეოცნებეები“ არიან.
NDI-ის კვლევის მიხედვით „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხოლოდ 10% -ის მხარდაჭერა აქვს. მმართველ პარტიას - „ნაციონალურ მოძრაობას“ 47%, ხოლო „ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას“ 3%.
რაც შეეხება პოლიტიკური სუბიექტების რეიტინგებს, ოპოზიციონერი ლიდერებიდან გამოკითხულთა 54%-ს გიორგი თარგამაძე, 49%-ს ინგა გრიგოლია, 40%-ს კი ბიძინა ივანიშვილი მოსწონს. თარგამაძე, როგორ ოპოზიციონერი ლიდერი, მოსწონს 51%-ს ხოლო 29%-ს არ მოსწონს.
ქდმ-ს საკრებულოს დეპუტატისა და ყოფილი ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას მიმართ ნდობა მოსახლეობის 49%-ს აქვს, 30%-ს კი ის არ მოსწონს. რაც შეეხება პოლიტიკაში ახლახანს გამოჩენილ ოპოზიციონერ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ის ოპოზიციონერ ლიდერთა შორის მესამე ადგილზეა.
საკუთარი რეიტინგები „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ-დემოკრატებს“გუშინვე წარუდგინეს, თუმცა კვლევის გაცნობაზე არცერთი ოპოზიციონერი ლიდერი არ გამოცხადებულა.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა რეიტინგის გაცნობა NDI-ს წარმომადგენელთან არ ისურვა და შეხვედრაზე პრესსამსახურის ხელმძღვანელი გაგზავნა. ანალოგიურად მოიქცა ირაკლი ალასანიაც. ამას გარდა, „რესპუბლიკელები“ უნდობლობას უცხადებენ NDI-ის მიერ ჩატარებულო კვლევებს და აცხადებენ, რომ მათ ამ კვლევის მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვთ.
კვლევებს უნდობლობას უცხადებენ „ქართული ოცნების“ წევრებიც. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესპიკერი მაია ფანჯიკიძე განმარტავს, მათ არანაირი ნდობა ამ კვლევის მიმართ არ აქვთ და ამ თემაზე არც კომენტარის გაკეთება არ სურთ.
„მიგვაჩნია რომ ეს რეიტინგები არ არის რეალური და ყველაფერს არჩევნები გვაჩვენებს. ჩვენ გამარჯვების იმედი გვაქვს“- ამბობს ფანჯიკიძე.
მაია ფანჯიკიძე გამარჯვებასა და ოცნების ახდენაზე კომენტარს „ქართული ოცნების“ 10%-იანი რეიტინგის ფონზე აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ NDI –მ კვლევა 22 თებერვლიდან 5 მარტამდე საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 3161 ადამიანი გამოიკითხა.
0