ნუგზარ წიკლაური: „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათად, სიცრუე და უპასუხისმგებლობა იქცა ნუგზარ წიკლაური: „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათად, სიცრუე და უპასუხისმგებლობა იქცა />


  05:29:45     27-03-2012

ნუგზარ წიკლაური: „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათად, სიცრუე და უპასუხისმგებლობა იქცა

a16499.jpg

მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატის ნუგზარ წიკლაურის ვარაუდით,  „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ალასანიას განცხადება - სამეგრელოში, შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნასთან დაკავშირებით, აფხაზურ მხარესთან და ყველა იმ ადამიანთან იყო შეთანხმებული, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას ცდილობენ.

როგორც  „პრესა.ჯის“  წიკლაურმა განუცხადა, ირაკლი ალასანიას განცხადებები ძალიან მძიმე და პროვოკაციული შინაარსის იყო, რომელიც არანაირი არგუმენტაციით არ არის გამყარებული.

„ალასანიას ე.წ. წერილი, რომელიც მან უშიშროების საბჭოს გაუგზავნა, არანაირ საიდუმლოებას არ შეიცავდა. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ალასანიას დოკუმენტს, ე.წ. აფხაზეთის მხარე გამოიყენებდა და სულ რაღაც ორ დღეში, სეპარატისტებმა განცხადება გააკეთეს, რომ ქართული მხარე, უკანონო შეიარაღებული ფორმირებებით, კონფლიქტის რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობსო. ეს ყველაფერი ძალიან საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ალასანიას განცხადება აფხაზურ მხარესთან და ყველა იმ ადამიანთან იყო შეთანხმებული, რომლებიც ცდილობენ, რომ კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაცია მოხდეს. პოლიტიკოსმა თავისი განცხადებები მეტი პასუხისმგებლობით უნდა აკეთოს“, - დასძინა დეპუტატმა.

წიკლაურის შეფასებით,  „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათად, სიცრუე და უპასუხისგებლობა იქცა.

„ისინი აღარ ლაპარაკობენ ჰომსზე, დაღუპულ ადამიანებზე და იმ სცენარზე, რომელიც სირიაში მიმდინარეობს. ახლა საუბარი იმაზე დაიწყეს, თითქოს ამ რეზერვში, კრიმინალური წარსულის მქონე პირები მონაწილეობენ.  „ქართული ოცნების“  მცდელობა  იქითკენ არის მიმართული, რომ როგორმე ის პოლიტიკური ზიანი შეამცირონ, რომელიც ალასანიამ უპასუხისმგებლო განცხადებით საქართველოს მიაყენა. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათად, სიცრუე და უპასუხისმგებლობა იქცა, როგორც პოლიტიკური სპექტრის მიმართ, ასევე ქართული საზოგადოების მიმართ. იმ ზიანს, რომელიც ალასანიას განცხადებით საქართველომ მიიღო, „ქართული ოცნება“ ვერ შეამცირებს და ჩვენ ხალხი მუდამ ინფორმირებული გვეყოლება, თუ რა ხერხებს მიმართავენ ისინი, რომ მცირე პოლიტიკური სარგებელი ნახონ“, - განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ირაკლი ალასანიამ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება, სამეგრელოში, შეიარაღებული დაჯგუფებებს ქმნის, რომელსაც არჩევნების შემდეგ გამოიყენებს. ალასანიას ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს როგორც დეპუტატებმა, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. მინისტრის განმარტებით, თავდაცვის სამინისტრო, სამეგრელოში რეზერვს ამზადებს და ქვეყანას რეზერვი ყველა რეგიონში ეყოლება. ახალაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რეზერვში 40 ათასი მოხალისე ირიცხება, თუმცა, რეზერვისტთა რაოდენობის - 100 ათასამდე გაზრდა მოხდება.

აღსანიშნავია, რომ ალასანიას განცხადება, აფხაზმა სეპარატისტებმა აიტაცეს და  საერთაშორისო საზოგადოებას „აგრესორი“ საქართველოსკენ ყურადღების მიპყრობა მოსთხოვეს.

0

ავტორი: