შანდორ პეტეფი - „ჩემი სიმღერები“ შანდორ პეტეფი - „ჩემი სიმღერები“ />


  05:21:06     27-03-2012

შანდორ პეტეფი - „ჩემი სიმღერები“

a16498.jpg

დიდი უნგრელი პოეტი, შანდორ პეტეფი (Sándor Petőfi) დაიბადა 1823 წლის 1 იანვარს. ბავშვობა პატარა შანდორს უზრუნველი ჰქონდა, მამა, მშრომელი კაცი იყო. 12 წლისას უნგრულის გარდა სცოდნია ლათინური, გერმანული, ფრანგული და სლოვაკური. ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო მომავალი პოეტი, ოჯახის საქმე ცუდად რომ წაუვიდათ. მამამისი, იშტვან პეტროვიჩი გაკოტრდა, მერე კი მათი სახლი ადიდებულმა დუნაიმ წაიღო.  ოჯახი 1838 წლიდან სიღატაკეში ცხოვრობდა, ამიტომ მომავალმა პოეტმა სწავლას თავი დაანება.

ძალიან უყვარდა თეატრი, სახლიდან გაიპარა და უნგრეთის „ეროვნულ თეატრში“ მოეწყო. მამამ ძალით დაატოვებინა იქაურობა. 1839 წელს ჯარისკაცი გახდა, ჯანმრთლობის გაუარესების გამო 1841 წელს  არმიიდან გამოუშვეს. იყო მოხეტიალე დასის მსახიობიც... ლუკმაპურის ძიებაში მთელი უნგრეთი შემოიარა.

შანდორ პეტეფის პირველი ლექსი 1842 წელს გამოქვეყნდა. გამომცემლები მის ნიჭს ვერ ამჩნევდნენ. ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, მიხაი ვერეშმარტის დახმარებით მოახრრხა პირველი წიგნის გამოცემა. წიგნმა წარმატება და სახელი მოუტანა.

მუშაობა დაიწყო მოდების ჟურნალში. . იყო რედაქტორის თანაშემწე, კორექტორი, დამკაბადონებელი...  მცირე ანაზღაურება ჰქონდა, ლექსებისათვისაც ძალიან მცირე ჰონორარს იღებდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, რადგან თავის საყვარელ საქმეს აკეთებდა. მარტო 1844 წელს 135 ლექსი და ორი პოემა დაწერა, 21 წლის მგოსანმა... 1844-1849 წლები უნგრული პოეზიისათვის უმნიშვნელოვანესია, იმ დროს შეიქმნა ბრწყინვალე პოეზია შანდორ პეტეფისა. მან უარი თქვა იმ დროს გაბატონებულ „მაღალ სტილზე“ და ხალხური მეტყველებით გაამდიდრა უნგრული პოეზია. წერდა სამშობლოზე, უბდალო ხალხზე, ჯარისკაცებზე, უმღეროდა თავისუფლებას...

უნგრეთის დიდი პატრიოტი 1847 წელს სათავეში ჩაუდგა „ახალგაზრდა უნგრეთის“ ორგანიზაციას. მან შექმნა ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფი „ათეულის საზოგადოება“, რომელიც ლიტერატურის დემოკრატიზაციისათვის იბრძოდა. მონაწილეობდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის „12 პუნქტის“ შემუშავებაში. იყო ბუდასა და პეშტის 1848 წლის 15 მარტის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საერთოდ, 1848-1849 წლების რევოლუციური და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. იბრძოდა უნგრეთის დემოკრატიული, დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებისათვის. მისი ლექსები აღაფრთოვანებდა ხალხს…

დიდი პოეტი დაიღუპა 1849 წლის 31 ივლისს ტრანსილვანიაში, ხალხთა თავისუფლების ჩამხშობის, ევროპის ჟანდარმის - რუსეთის იმპერიის ულმობელი ფელდმარშლის, პასკევიჩის არმიის კაზაკების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაშინ უნგრეთის ეროვნული გმირი მხოლოდ 26 წლისა იყო...
 
გთავზობთ შანდორ პეტეფის ორ შესანიშნავ ლექსს, რომლებიც თარგმნილია გრიგოლ აბაშიძის მიერ.

ჩემი სიმღერები

(თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ)

ხშირად ოცნება მიმაფრენს ცაში,
და მე არ ვიცი რას ვფიქრობ მაშინ.
სამშობლოს თავზე დაფრინავს ფიქრი,
სამყაროს თავზე ჩიტივით მივქრი.
სიმღერა ამ დროს, რომ ვმღერი წყნარად,
ნაზია მთვარის სხივების დარად.

ოცნებას ფუჭს და უსაგნო ფიქრებს,
მომავლისათვის ზრუნვა სჯობს იქნებ,
მაგრამ მომავალს ღმერთს ანდობს ყველა,
მივანდოთ, იყოს სიმღერა შველა.
სიმღერა სავსე იის სურნელით,
ჩიტივით ლაღი და უზრუნველი.

როდესაც ლამაზ გოგონას ვხვდები,
მეცხრე ცაზე ვარ, მესხმება ფრთები.
მის ცისფერ თვალებს ჩავყურებ ხარბად,
ასე ვარსკვლავი ტბას ჩასცქერს, ალბათ,
სიმღერა ამ დროს რომ იბადება,
სულში იშლება ტრფობის ვარდებად.

ვუყვარვარ სატრფოს? მაშ მოდი, ლხინო,
თუ არ ვუყვარვარ, დარდით ვსვათ ღვინო,
როცა ვსვამ ღვინოს, როცა ვარ მთვრალი,
რატომღაც მაშინ ჭრელდება თვალი,
სიმღერაც, როცა მთვრალი ვიმღერი,
ვით ცისარტყელა არის შვიდფერი.

ხელთა გვაქვს ჭიქა, ღვინით ვხურდებით!
სამშობლოს ხელს კი არის ხუნდები,
ბროლის ჭიქების წკრიალს ორწილი
ჩხრიალი ფარავს რკინის ბორკილის.
და ვმღერი ამ დროს სავსე ნაღველით
სამშობლოს სევდის გამომსახველი.

მაგრამ რად ითმენს ბორკილებს ერი.
აღსდგეს, მტარვალებს ადინოს მტვერი,
თუ იმედი აქვს მძინარეს ბანგით,
რომ ბორკილს შესჭამს ოდესმე ჟანგი?!
ამ დროს ვერ ვუცქერ ჩემს ხალხს გულგრილად,
სიმღერას ვაქცევ ჭექა-ქუხილად.

ჩემს ცუდ ლექსებზე

(თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ)

შემეძლო წერა შეუსვენებლად
კარგი ლექსების, კარგი ოდების,
მაგრამ თუ ზოგჯერ ცუდ ლექსებს დავწერ,
ვწერ სიბრალულით და შეცოდებით.

სულ კარგს რომ ვწერდე, ვისღა ექნება
მიზეზი ჩემთან გამოდავების?
რაღას იზამდნენ, რით იცხოვრებდნენ
კრიტიკოსები საცოდავები?!

მათ ნასუფრალი ინახავს ჩვენი,
სულს უდგამთ სუფრის ნარჩენი ტკბილი,
და ნასუფრალით რაკი ცხოვრობენ,
ღმერთმა შეარგოთ მათ ჩემი წილიც.

მიიღონ, შთანთქან, დე, გამაძღრებმა
კმაყოფილებით შეჰქმნან სისინი,
მათაც სხვასავით სიცოცხლე უნდათ,
იხსენებიან კაცად ისინიც.

0

ავტორი: