05:19:20     27-03-2012
გამოვიდა თამილა წოწორიას წიგნი „გალაკტიონ ტაბიძის რითმა"
გამომცემლობა “ინტელექტმა" დაბეჭდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, თამილა წოწორიას ნაშრომი „გალაკტიონ ტაბიძის რითმა".
რედაქტორები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ტაბიძე და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ ბარბაქაძე. ნაშრომში მონოგრაფიულად შესწავლილია გალაკტიონ ტაბიძის რითმის ევფონიურ-სემანტიკური ფუნქცია. კვლევა ასეთი თანმიმდევრობით არის წარმოდგენილი:
შესავალი
თავი პირვლი - ქართული რითმის ისტორიისათვის
თავი მეორე - გალაკტიონ ტაბიძე - რითმის ხელოვანი
თავი მესამე - გალაკტიონის რიმის ევფონია
I. რითმის ევფონია ლექსთა კრებულების მიხედვით
II. ზუსტი რითმები
1) ომონიმური რითმები
2) ტავტოლოგიური რითმები
III .არაზუსტი რითმები
1) ასონანსები
2) კონსონანსები
3) დისონანსები
თავი მეოთხე
გალაკტიონის რითმის სემანტიკა
1) გალაკტიონის რითმის მორფოლოგია
2) გალაკტიონის რითმის ლექსიკა
3) გალაკტიონის რითმის სემანტიკური ფუნქციისათვის
რეზიუმე
ლიტერატურა
აღნიშნულ ნაშრომს ასე აფასებს პროფესორი ნოდარ ტაბიძე, რომელიც ამ გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორია: „გალაკტიონზე გულგრილად საუბარი მკრეხელობაა. აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს გამთანგავი პოეზიით თრობა, ლაჟვარდებისაკენ გაფრენის სურვილი, გენიოსის წინაშე სიწითლის გამოკრთომა. თამარელა წოწორიას წიგნი ამით გამორჩეულია.“
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამილა წოწორია:
საგანგებო დაინტერესება გალაკტიონ ტაბიძის რითმით XX საუკუნის 60-ანი წლებიდან იწყება. გალაკტიონის რითმის შესწავლას ხელი შეუწყო პროფესორ აკაკი ხინთიბიძის მიერ „არტისტული ყვავილების" რითმის ლექსიკონისა (1979 წ.) და გალაკტიონის რითმის სრული ლექსიკონის (1992 წ.) შედგენამ. ეს უკანასკნელი ლექსიკონი გამოუქვეყნებელია.
ახალმა პოეტიკამ ახალი რითმა მოიტანა, რომლის სულისჩამდგმელიც გალაკტიონ ტაბიძეა. გალაკტიონის პოეზია ყურადღებას იქცევს რითმის რაოდენობრივი მონაცემებით, იგი 31 ათასამდე რითმას და 73 ათასამდე სარითმო ერთეულს შეიცავს, გამოირჩევა გარითმვის ხერხთა რიცხვით (197), რაც უნიკალურია ქართულ პოეზიაში. თხზულებათა ძირითადი ტექსტის 28 361 რითმა (2390 რითმა ვარიანტისეულია) განლაგებულია 2 493 ლექსისა და 34 პოემის დაახლოებით 68 200 სტრიქონში. ანუ 68 200 სტრიქონზე 65 920 სარითმო ერთეული მოდის. გალაკტიონის რითმის ღირსებათაგან აღსანიშნავია: რითმის მრავალმარცვლიანობა, შედგენილი (2403) და შეთავსებული რითმების (2705) ხვედრითი წილი, შერეული(2452) და შიდა რითმების სიმრავლე.
გალაკტიონის რითმა მისი ლექსის მუსიკალობის გამოვლინებაა. გალაკტიონს თავი მუსიკალურ პოეტად მიაჩნდა ("მე მუსიკას უფრო ვუგდებ ყურს"). გალაკტიონის რითმა, ბგერითი შედგენილობისა და ევფონიის მხრივ არის განსაკუთრებით საყურადღებო. პოეტის ლექსებისა და პოემების ნახევარზე მეტი ზუსტი რითმებითააა დაწერილი. ტრადიციასთან მჭიდრო კავშირზე მიუთითებს ომონიმური რითმების სიმრავლე, თუმცა ტავტოლოგიური რითმების რაოდენობა ომონიმურზე მეტია და მათი რაოდნობა 15 ათასზე მეტია.
სალექსო რეფორმამ ქართულ რითმოლოგიაში არაზუსტი რითმების სიუხვეც მოიტანა. ასონანსების (ხმოვანთა იგივობა) რაოდენობა 12 ათასამდეა, კონსონანსებისა კი (ხმოვანთა შენაცვლება) - 2 630-ია. მათ გვერდით ადგილს იმკვიდრებს დისონანსური რითმაც, ასეთი 275 რითმა, რაც ლექსიკონშია ფიქსირებული, გაბედული სიტყვა იყო.
რითმის მორფოლოგიაზე, ლექსიკასა და სემანტიკაზე საუბარი შეუძლებელია, თუ რითმად მთლიანი სიტყვები არ იქნა მიჩნეული. სარითმო კლაუზულებს ლექსიკა-სემანტიკა არა აქვთ. ქართული რითმის დეფინიციაში ბგერებისა და ბგრათკომპლექსების ადგილი სიტყვამ უნდა დაიჭიროს. ქართულში, სხვა ენებისაგან განსხვავებით, რითმა კლაუზულას არ უდრის. ნაშრომში გალაკტიონის რითმის ევფონია და სემანტიკა შესწავლილია პოეტის ცალკული კრებულების, თორმეტტომეულისა და მთლიანად მისი შემოქმედების გათვალისწინებით. გალაკტიონის სალექსო სტრიქონების უხვი ციტირებით რითმა ყველა პარამეტრითაა დახასიათებული.
გალაკტიონმა თითქოს ამოწურა ქართული რითმის შესაძლებლობები, როგორც გარითმვის ხერხების, ასევე რითმის მუსიკალური ჟღერადობისა და აზრობრივი შესაძლებლობის მხრივ. მაგრამ გალაკტიონის რითმას არ ატყვია ხელოვნური ძიების კვალი და ლექსიდან ცალკე გამოტანილიც კი მკითხველზე შთაბეჭდილებას ახდენს. ნაშრომში რითმა განხილულია ლექსის მთლიან კონტექსტში - რიტმთან, ალიტერაციასთან და ლექსის იდეურ-შინაარსობრივ სამყაროსთან მიმართებაში, მით უმეტეს, რომ ამ მთლიანობაში რითმა გადამწყვეტ როლს ასრულებს“.
0