05:07:31     27-03-2012
„გაზპრომის“ და პუტინის მაქინაციები...

პუტინი „მზად არის“, „გაზპრომის“ მონოპოლიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ საკმაოდ მსუბუქად, ყოველგვარი სერიოზული დანაკარგების გარეშე. ვერ ვიტყვით რამდენად შეიძლება ამ ყოველივეს „ბრძოლა“ ვუწოდოთ, უბრალოდ ერთგვარ თამაშად კი ნამდვილად შეგვიძლია შევაფასოთ. ასეთი მაქინაციებით რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ნამდვილად გამოირჩევა - წერს დასავლური პრესა.
გასულ პარასკევს, გარკვეული შეხვედრების ფარგლებში, „გაზპრომის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბუნებრივ აირზე ფასების მატებაა შესაძლებელი. თუმცა რუსეთის ხელისუფლება საზოგადოებას ამშვიდებს და აღნიშნავს, რომ ფასების ზრდას აუცილებლად გააკონტროლებს და ეცდება ეს ყოველივე დადგენილ ფარგლებს არ გასცდეს.
როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის ივლისში საწვავზე ფასები 15 პროცენტით გაიზრდება, ეს ყველაფერი „გაზპრომის“ მოთხოვნით, ხოლო ინდუსტრიული ორგანიზაციებისთვის 26,3 პროცენტით. რა თქმა უნდა, ეს არ არის სახარბიელო სიტუაცია და შესაძლოა, ასეთმა სიტუაციამ დიდი უსიამოვნებაც გამოიწვიოს, მაგრამ პუტინი, რეაგირების ნაცვლად, მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება.
„ჩვენ კარგად ვხვდებით არსებულ სიტუაციას და გვესმის მისი სირთულეც. უბრალოდ, რეზერვების ძიება ტარიფების მომატებაში კი არა, არსებული საწვავის სწორად განაწილებაშია აუცილებელი. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ჩვენ იმასთან შედარებით, რაც გასულ წელს დავგეგმეთ, განსაკუთრებულს არაფერს ვაპირებთ“, - აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განცხადებით, ფასები იმდენად უმნიშვნელოდ მოიმატებს, რომ განსაკუთრებული უკმაყოფილების გამოხატვა არ არის საჭირო. ეს ყველაფერი საფუძველს მოკლებული მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იქნება, თუ მატება დადგენილ ჩარჩოებს გასცდება.
ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ სერიოზული რეაგირება სრულებით მიუღებელია, რადგან პროექტისა და ინიციატივის წარდგენის უფლება ნებისმირ ორგანიზაციას აქვს, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ „ნებისმიერ ორგანიზაციაში“ „გაზპრომის“ გაერთიანება არ შეიძლება. წამოყენებული ინიციატივა გარკვეულ საშიშროებას ნამდვილად შეიცავს, პუტინის დაპირებების სერიოზულად მიღება კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
0