დუმბაძე ბიძინასნაიარად აოცნებდა - „რესპუბლიკელები“ „აბსაიტში“ დარჩნენ დუმბაძე ბიძინასნაიარად აოცნებდა - „რესპუბლიკელები“ „აბსაიტში“ დარჩნენ />


  15:30:42     26-03-2012

დუმბაძე ბიძინასნაიარად აოცნებდა - „რესპუბლიკელები“ „აბსაიტში“ დარჩნენ

a16473.jpg

„ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური გადაჯგუფებების მორიგი სერია იწყება. „რესპუბლიკური პარტიიდან“ გარიცხული მურმან დუმბაძე  ბიძინა ივანიშვილს შეუერთდა.

მურმან დუმბაძე რომ ითანამშრომლებს კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“,  მაია ფანჯიკიძემაც დაადასტურა.  ფანჯიკიძემ ისიც განაცხადა, რომ მომავალში, დუმბაძესთან  კონსულტაციით ბევრი საკითხი გადაწყდება,  აჭარაში „ქართული ოცნების“ მუშაობასთან დაკავშირებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც, ივანიშვილისა და დუმბაძის შეხვედრის დროს, აზიზიეს მეჩეთის თემა იყო. შეხვედრის შემდეგ, დუმბაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ბათუმის ცენტრში, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია.

„ბიძინა ივანიშვილი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სახელმწიფოებმა ნაკლებად უნდა იზრუნონ ერთმანეთის ტერიტორიაზე რელიგიური ობიექტების მშენებლობაზე. ამ პროცესში, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა სრულიად შესაძლებელია. რაც შეეხება იშხანისა და ოშკის გადარჩენის აუცილებლობას, თურქეთის მთავრობაში მოიძებნებიან ძალები, რომლებიც თუ საქმის არსს კარგად ავუხსნით, ამ პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარებიან“- განაცხადა დუმბაძემ შეხვედრის შემდეგ.

ამ გახმოვანებული პოზიციის გამო, თავს უხერხულად უნდა გრძნობდნენ  „რესპუბლიკელები“.  შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, მურმან დუმბაძე „რესპუბლიკური პარტიიდან“  სწორედ იმის გამო გარიცხეს, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციები ჰქონდა, რომელიც პარტიის პოზიციებისგან განსხვავდებოდა.

სწორედ ერთი წლის წინ, 2011 წლის მარტში იქნა გარიცხული რესპუბლიკური პარტიის რიგებიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და პარტიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე. მიზეზად,  პარტიული წესდების რამდენიმე მუხლის დარღვევა დასახელდა. მაშინ „რესპუბლიკელებმა“ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ დუმბაძის გარიცხვა უკავშირდება, პარტიის ოფიციალურ კურსთან მის შეუსაბამო პოზიციას. მურმან დუმბაძემ, რომელიც ეწინააღმდეგება ბათუმში აზიზიეს მეჩეთის  აშენებას,  პარტიიდან გარიცხვამდე, რამდენიმე დღით ადრე, საპროტესტო აქცია გამართა. „რესპუბლიკელებმა“ გააფრთხილეს თანაპარტიელი, თუმცა დუმბაძემ ცენტრის გაფრთხილება არაფრად ჩააგდო.

ცნობილია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი,  მიესალმებოდა საქართველოს მთავრობის მცდელობას, თურქულ მხარესთან მიაღწოს შეთანხმებას, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების დაცვის თაობაზე.

„რესპუბლიკურ პარტიას“  დიდი თავისტკივილი აქვს.  მკვეთრი პოზიცია,  აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით უნდა შეცვალონ და ივანიშვილის გულის საამებლად,  უარი თქვან თავიანთ პირვანდელ შეხედულებაზე, ან მამამარჩენალ არქიფოსთან,  განსხვავებული მოსაზრებებით ითანამშრომლონ.

სწორედ ამის გამო, „რესპუბლიკელები“  ბიძინას კარზე, მურმან დუმბაძის „დაბლოკვას“ ცდილობდნენ, თუმცა ხიდაშელ-უსუფაშვილის შესაძლებლობები არც ისეთი ყოფილა, როგორიც თავად ეგონათ.

მათი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, რის გამოც, ახლა  ექს–თანაგუნდელებთან ერთად უწევთ მუშაობა. მურმან დუმბაძის „ოცნებასთან“ თანამშრომლობის პერსპექტივამ და ბიძინასთან შეხვედრამ, შეაშფოთა „რესპუბლიკური“ პარტიის სხვა წევრებიც.

„რესპუბლიკური პარტიის“,  ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ეროვნული კომიტეტის წევრი გიორგი მასალკინი ივანიშვილს ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ თუ დუმბაძე „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის სათავეში აღმოჩნდება, ის „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნება.

 მურმან დუმბაძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს ინფორმაციას, რომ მასალკინმა მიკროფონთან ეს ფრაზა ნამდვილად თქვა. „გიდასტურებთ მის ამ განცხადებას. ბატონმა მასალკინმა ეს ნამდვილად გაახმოვანა, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს სიტყვის გაქცევა იყო და არ ვაკისრებ ამისთვის არანაირ პასუხისმგებლობას“.  

დუმბაძე „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას იმასაც ადასტურებს, რომ „რესპუბლიკელები“ივანიშვილთან ბლოკავდნენ.  „მეც მომდიოდა ხმები, რომ ეს ასე იყო. თუმცა, მათი მხრიდან, ამის მიზეზი იყო ალბათ ის, რომ ჩემს მიმართ ჰქონდათ შეკითხვები. რადგან ჩემი და ბატონი ივანიშვილის შეხვედრა შედგა, ვფიქრობ „რესპუბლიკელებს“ აღარ ექნებათ კითხვები“- ამბობს დუმბაძე.

ივანიშვილისა და დუმბაძის შეხვედრას ესწრებოდა, უსუფაშვილის მიერ „ნაძირალად“ წოდებული, სოზარ სუბარიც. როდესაც  დავით უსუფაშვილს ვკითხეთ, გრნობდა თუ არა უხერხულობას იმის გამო, რომ მას უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები დუმბაძესთან, გვიპასუხა, რომ პოლიტიკა და გუნდის პრინციპები ამას მოითხოვს. რამდენიმეათასიანი ყოველთვიური ჰონორარი კი, მოითხოვს  პარტიული პოზიციიდან გადახვევას და  ბიძინას მსგავსად ოცნებას.

0

ავტორი: