04:26:46     26-03-2012
მცხეთის ჯვარი (ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიიდან)
მცხეთის ჯვარი მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. კომპლექსში შედის: მცირე ეკლესია, დიდი ტაძარი, გალავანი და სხვა ნაგებობები.
IV საუკუნის 30-იან წლებში აქ ღია ცის მეფე მირიან III-ს აღუმართავს ხის მაღალი ჯვარი - სიმბოლო ახლად მიღებული ქრისტიანული სარწმუნოებისა. ამ ჯვარს თაყვანს სცემდნენ არა მარტო ქართველები, არამედ მთელი კავკასიის ქრისტიანები. ძეგლის სახელწოდებაც ამ ჯვრიდან მომდინარეობს. ქართლის პირველმა ერისთავმა გუარამმა (545-586 წწ.) ხის ჯვრის ჩრდილოეთით „... იწყო ეკლესია ჯუარისა პატიოსანისა“. ეს იყო ჯვრის მცირე ეკლესია.
ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრებამ, ქვეყნის გაძლიერებამ, ფეოდალური ურთიერთობის განმტკიცებამ საჭირო გახადა ახალი უფრო დიდი ეკლესიის აგება, რაც განხორციელდა VI-VII საუკუნეების მიჯნაზე გუარამის ძის სტეფანოზ ერისმთავრის (586/587-604/605 წწ.), მისი ძმების დემეტრესა და ადარნერსეს (604/605-634/635 წწ.), ერისმთავართა სხვა წევრებისა და შეძლებულ დიდებულთა თანამონაწილეობით.
მრავალგზის დაზიანებისა და შეკეთების მიუხედავად კომპლექსმა, განსაკუთრებით დიდიმა ტაძარმა, დღემდე შეინარჩუნა თავდაპირველი სახე.
ჯვრის მცირე ეკლესია მდებარეობს დიდი ტაძრის ჩრდილოეთით, აგებულია VI საუკუნის მეორე ნახევარში. მისასვლელი მხოლოდ აღმოსავლეთიდანაა. გეგმით ჯვაროვანი, გარედან სადა, სწორკუთხა მოხაზულობის დარბაზული ტიპის მცირე ნაგებობაა (8,3 X 5,5 მ). ნაშენია კარგად გათლილი, მომწვანო ფერის ქვიშაქვის დიდი კვადრებით. მწყობრი ჰორიზონტალური ნაკერების სწორხაზოვნება ფასადებზე და ინტერიერში მკაცრადაა დაცული. ეკლესია დაზიანებულია.
ეკლესიის ცენტრალური კვადრატი უფრო მაღალია, ვიდრე შენობის დარჩენილი ნაწილები. იგი გადახურული ყოფილა ჯვაროვანი კამარით. ჯვრის მკლავები ცილინდრული კამარითაა გადახურული. აღმოსავლეთის და დასავლეთის მკლავები შედარებით დაგრძელებულია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია განიერი ბემით. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, ნიშებია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მოზრდილი სარკმლებია, ხოლო დანარჩენ ორ კედელში - ტიმპანებიანი გასასვლელები.
ნაგებობას სამხრეთით და ჩრდილოეთით ეკვრის კარიბჭეები. სამხრეთის კარიბჭე დიდსა და მცირე ტაძრებს აერთებს. იგი გეგმით ტრაპეციის მსგავსია, გადახურულია ჯვაროვანი კამარით (გადაკეთებულია დიდი ტაძრის მშენებლობის დროს). კარიბჭის შესასვლელს შეწყვილებული ნახევარსვეტები და მათზე დამყარებული თაღი აქვს. კარიბჭის დასავლეთით შემორჩენილია მინაშენის ფრაგმენტები.
ჩრდილოეთის კარიბჭედან ეკლესიაში შესასვლელი თაღოვანია. თაღი კედლის სიბრტყიდან სამი მეოთხედით გამოწეულ სვეტებს ეყრდნობა. მოგვიანებით აღმოსავლეთიდან კარიბჭესათვის მიუშენებიათ აფსიდი. ამ სახით იგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ეგვტერს, რომლის დასავლეთ კედელში სარკმელია.
კარიბჭეების ნახევარსვეტებსა და სამმეოთხედ სვეტებს (შემორჩენილია ორ-ორი სვეტი ჩრდილოეთით და სამხრეთით) პროფილირებული ბაზისები და კოვზისებრი ორნამენტით შემკული კაპიტელები ამშვენებენ. კარიბჭეებს ქვის საზეიმო, მაღალი, ღია კიბეები ჰქონდა.
ეკლესიის დასავლეთ კედლის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს თაღოვანი ნიშია განედლებული ჯვრის გამოსახულებით (დაზიანებულია). ვარაუდობენ, რომ აქ კათალიკოსის ტახტი იდგა. აფსიდის იატაკი ერთი საფეხურითაა აწეული. აფსიდის კონქი მოზაიკით იყო შემკული, რასაც მოწმობს კონქის შუბლის ჩრდილოეთ ქუსლთან შემორჩენილი მოზაიკის მცირე ნაშთი. სატრაპეზო გამოკვეთილია ერთი მთლიანი ქვისაგან.
ეკლესია დგას მაღალ, თლილი ქვით ნაგებ სუბსტრუქციაზე, რომელიც შენობას საზეიმო იერს ანიჭებს. სუბსტრუქცია დასავლეთ მხარეს გახსნილია, ხოლო სამხრეთით მთლიანად დახურული. ეკლესიაში ოთხი სამარხია. მათგან უცვლელად მხოლოდ სამხრეთისამ მოაღწია. სამარხებში შესასვლელები მოგვიანებითაა გაჭრილი.
ჯვრის დიდი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (20,2 X 16,5 მ სიმაღლე 25 მეტრამდე). ისტორიული მონაცემებით და მხატვრული ანალიზის საფუძველზე თარიღდება 584/587–604 წლებით. ფასადები და შიდა პირი ამოყვანილია ღია ვარდისფერი, ზოგ ადგილას კი მუქი ღვინისფერი კარგად გათლილი ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით. კედლის წყობის ჰორიზონტალური ნაკერების სწორხაზოვნება ყველგან მკაცრადა არის დაცული.
ტაძარი აღმართულია მოსწორებულ სწორკუთხა მოედანზე. აქვს ორსართულიანი ცოკოლი. დასავლეთით იგი ემყარება ხელოვნურად გამაგრებულ ვერტიკალურ კლდეს. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა.
ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმლიანი ყელი, რომელიც ეყრდნობა აფსიდების შვერილებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა ხდება სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით. ოთხი ძირითადი ტრომპის ზემოთ მცირე ტრომპების რიგებია. უკანასკნელი რიგით შექმნილი 32 წახნაგი გუმბათის წრის საფუძველია. გუმბათის ნახევარსფეროს ცენტრში გამოსახულია რელიეფური ჯვარი, რომელსაც მხატვრული და კონსტრუქციული დანიშნულება აქვს.
გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით, რომლებიც გეგმაში ჯვარს ქმნიან. აფსიდების კონქები მეოთხედსფერულია. ჯვრის აღმოსავლეთის და დასავლეთის ღერძები წაგრძელებულია აფსიდებზე დამატებული ნახევარწრიული კამარებით გადახურული ბემებით.
ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, ჯვაროვანი კამარით გადახურული თითო ოთახია. ისინი ტაძრის ძირითად სივრცეს მცირე ზომის, წრის სამი მეოთხედის მოხაზულობის ნიშებით უკავშირდებიან. ყოველ ნიშში გაჭრილია ოთახში შესასვლელი. საკურთხევლის მარცხნივ და მარჯვნივ სამკვეთლო და სადიაკვნეა. სამხრეთ-დასავლეთ ოთახი საქალებოა (შესასვლელის თავზე წარწერაა: „ქ წყალობითა ღმრთისაითა და შეწევნითა ჯოვარისაითა მე, თემესტია, მხევალმან ქრისტესმან, აღვაშენე საყოფელი ესე სახსენებლად სულისა ჩემისა თაყვანისსაცემელად დედათა“). სამხრეთის მხრიდან საქალებოს აქვს შესასვლელი, რომელიც მორთულია ქრისტეს ამაღლების რელიეფით. სავარაუდოა, რომ ჩრდილო-დასავლეთის კუთხის ოთახი ერისმთავრის ოჯახის წევრთათვის იყო განკუთვნილი.
ტაძრის იატაკზე მოგებულია ქვის კვადრები. აღმოსავლეთის ფასადი იატაკის დონიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდის შუა ნაწილში კედელთან დგას სატრაპეზო ქვა, რომლის ორივე მხარეს კედლის გაყოლებით ქვის ჩამოსაჯდომებია ეკლესიის მსახურთათვის. აღმოსავლეთ აფსიდში სამი სარკმელია გაჭრილი, სამხრეთისა და დასავლეთის აფსიდებში - თითო; ჩრდილოეთის აფსიდს სარკმელი არა აქვს.
ტაძრის ცენტრში დგას, მოგვიანებით გადაკეთებული, რვაწახნაგა ნაგებობა, რომელზედაც დგას ხის ჯვარი. ნაგებობა წარმოადგენს საკურთხევლისწინა ჯვრის პოსტამენტს, რომლის წყობაში ჩართული იყო წარწერიანი ქვა (ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). წარწერაში მოხსენიებულნი არიან ტაძრის კტიტორები.
გუმბათის ყელის სარკმლებიდან თანაზომიერად შემოსული შუქი, უხვად განათებული საკურთხეველი, შედარებათ ნაკლებად განათებული დანარჩენი აფსიდები და ჩაბნელებული ნიშები ხელს უწყობს ინტერიერის მხატვრულ ორგანიზაციასა და შიდა სივრცის ჰარმონიული პროპორციების აღქმას.
თავდაპირველად ტაძარი მოუხატავი იყო (სავარაუდოა, რომ საკურთხევლის კონქი მორთული იყო მოზაიკით). მხატვრობის შემორჩენილი მცირე ფრაგმენტები მოწმობენ, რომ ტაძრის ინტერიერი მოგვიანებით მოუხატავთ.
დიდი ტაძრის გარეგანი ფორმები სავსებით შეესაბამება შიდა სივრცეს. აქაც კომპოზიციის წამყვანი, მაორგანიზებელი ელემენტია გუმბათქვეშა კვადრატი, რომელსაც მთელ პერიმეტრზე გასდევს სადა ლავგარდანი. გუმბათქვეშა კვადრატზე აღმართულია ფართო, შედარებით მცირე სიმაღლის რვაწახნაგა გუმბათის ყელი, რომელიც დასრულებულია წვრილი თაღებით გაწყობილი ლავგარდნით. სახურავის პროფილი იმეორებს სფერული გადახურვის ფორმას. ოთხივე აფსიდი გარედან ჩაწერილია კედლის სიბრტყიდან წინ წამოწეულ სამწახნაგოვან შვერილებში, რომლებიც უფრო მაღალია, ვიდრე კუთხის ოთახების გარე კედლები. შვერილები გარე მასებში იმეორებენ ჯვაროვან გეგმას.
აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადები ერთნაირია: ცენტრში წახნაგა აფსიდის შვერილია, გვერდებზე - კუთხის სათავსების გლუვი კედლები და მათი დამაკავშირებელი ბრტყელი თაღოვანი ნიშები. ტაძრის დასავლეთ ფასადი, რომლის აღქმა ახლო წერტილიდან არ შეიძლება, მოცემულია საერთო მასებში, ყოველგვარი მორთულობისა და ნიშების გარეშე. მოურთველია ჩრდილოეთის ფასადიც, რომლის დიდ ნაწილს ჯვრის მცირე ეკლესი ფარავს. სამხრეთის ფასადზე, ცენტრალურ შვერილში არსებულ შესასვლელს ეკვროდა კარიბჭე (შემორჩენილია მისი დასავლეთ კედლის ნაშთი).
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აღმოსავლეთის ფასადის ორგანიზაციას და დეკორს. ამ ფასადის ცენტრალური შვერილის ყოველ წახნაგზე თითო სარკმელია. სამივე სარკმელი გაერთიანებულია საერთო, მოჩუქურთმებული სათაურით: სარკმლის თავზე კტიტორთა სამი რელიეფური გამოსახულებაა.
აღმოსავლეთის და სამხრეთის ფასადზე ჩარჩოებით შემოფარგლული რელიეფებია. თითოეულ რელიეფში მოქცეულია კომპოზიციურად დასრულებული, გაწონასწორებული ფიგურები და ასომთავრული წარწერები. წარწერები კომპოზიციაში მხატვრული ელემენტების როლს ასრულებენ. ჯვრის დიდი ტაძრის წარწერები ქართული ეპიგრაფიკის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ძეგლია.
აღმოსავლეთ ფასადზე, შუაში, გამოსახულია ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზი - ქართლის პატრიკიოსი (წარწერა: „ჯუარო მაცხოვრისაო სტეფანოს ქართლისა პატრიკიოსი შეიწყალე“), მარცხნივ - დემეტრე (წარწერა: „წმიდაო მიქაელ მთავარანგელოზო, დემეტრეს ვპატოსსა მეოხ ხეყავ“), მარჯვნივ - ადარნერსე, თავისი შვილით ქობულით (წარწერა: „წმიდაო გაბრიელ მთავარანგელოზო ადრნერსეს ვპატოსსა მეოხ ხეყავ“). ადარნერსესა და დემეტრეს ფიგურებს ზემოთ მთავარანგელოზები - გაბრიელი და მიქელია გამოსახული. სამხრეთის ფასადზე შესასვლელის ტიმპანი მორთულია, რომელზედაც ჯვრის ამაღლების სცენაა ასახული. რელიეფის ზემოთ, სარკმლის თავზე გამოსახულია სტეფანე დიაკვნის წინ მუხლმოდრეკილი ერისმთავრის ოჯახის წევრი ქობულსტეფანოზი; გუმბათის ყელზე კი, სამხრეთ მხარეს, მუხლმოდრეკილი ფიგურაა (სავარაუდოდ, ტაძრის ხუროთმოძღვარი.) რელიეფები დაზიანებულია. რელიეფების ოდნავ გასარჩევი კვალი შემორჩენილია სამხრეთის ფასადის ნიშებში.
ჯვრის დიდი ტაძრის რელიეფები ქართულ ქანდაკებაში ადამიანის გამოსახულების ადრეული ნიმუშია. რელიეფებს ახასიათებს, ერთი მხრივ ელინისტური ხანიდან შემორჩენილი პლასტიკურობა, მეორე მხრივ, პირობითობა, შებოჭილობა ადამიანთა ფიგურების გადმოცემისას. აქ ადამიანის გამოსახვა არ არის დამოუკიდებელი ამოცანა, იგი საერთო დეკორატიული გადაწყვეტის ნაწილია. რელიეფები მთლიანობაში მხოლოდ არქიტექტურასთან ერთად აღიქმება, როგორც საჭირო მხატვრული აქცენტები.
დიდი ტაძრის არქიტექტურაში დასრულებული სახით არის წარმოდგენილი ქართული ადრინდელი ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ნიშნები: ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტურობა, შენობის ცალკეული ნაწილების ურთიერთ შერწყმა, პროპორციების დახვეწილობა; მშვიდი შეწონასწორებული, სტატიკური კომპოზიცია; სადა და მახვილი ფორმები; მასიური, მაგრამ არა მძიმე პროპორციები; შესანიშნავად შესრულებული კედლის წყობა; ზომიერი დეკორატიული მორთულობა და არქიტექტურასთან ორგანული შერწყმა; შიდა სივრცისა და გარეგნული სახის სრული მხატვრული შესატყვისობა; ორგანული ურთიერთობა გარემოსთან; კონსტრუქციული გადაწყვეტის ლოგიკურობა.
მცხეთის ჯვრის კომპლექსს სამი მხრიდან გალავანი ერტყა. მისგან ჩვენამდე მოაღწია XVI-XVII საუკუნეების მცირე ფრაგმენტებმა. გალავანი (51,4 X 78,6 მ) მთის რთულ რელიეფს მიჰყვება და გეგმით არაწესიერი მრავალგვერდაა.
გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგარი კოშკიდან შემორჩენილია სამი სართული, აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედელი. კოშკი ნაგებია ყორე ქვით (ზოგან ჩატანებულია სხვა ნაგებობებიდან მოტანილი თლილი ქვა) და გეგმით ტრაპეციას წარმოადგენს. გარედან კოშკის კუთხეები მომრგვალებულია. ჩანს სართულშუა კოჭოვანი გადახურვის ნაშთები. პირველი სართულის კედლებში სამი სათოფურია, მეორე სართულზე - ორი სარკმელი და ორი ოთხკუთხა ნიში. ამ სართულზე, აღმოსავლეთით პატარა სათავსია, რომელსაც კამაროვანი გადახურვა და ერთი სარკმელი აქვს. სათავსის კარის შეისრული თაღი და კამარა აგურითაა ნაგები. მესამე სართულიდან მხოლოდ ერთი მეტრის სიმაღლის კედლებია შემორჩენილი.
დიდი ტაძრის აღმოსავლეთით გაურკვეველი დანიშნულების კედელია (სისქე 2 მეტრი). მისგან სამხრეთით კი, ოციოდე მეტრზე, არის შესასვლელი, რომლის დასავლეთით კოშკის ნანგრევებია. შემორჩენილია კოშკის ორი სართული. ქვედა სართული ცილინდრულია, ზედა - ოთხკუთხა. კომპლექსის სამხრეთით შეიმჩნევა მეორე გალავნის კვალი.
მცხეთის ჯვრი არის კლასიკური სტილის ნაწარმოები, ნიმუში ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურის განვითარების პირველი მაღალი ეტაპის მხატვრულად სავსეებით დასრულებული ნაწარმოებისა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ეროვნული არქიტექტურის საერთო ევოლუციაში.
0