04:08:02     26-03-2012
ამერიკელი სარდლის ვიზიტი
საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი დენის ჰეილიკი იმყოფება. გენერალ-ლეიტენანტი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ნოდარ ხარშილაძეს და საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსს გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ISAF–ის ოპერაციაში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობის, მათი მზადყოფნის, მიღწევებისა და ამერიკის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს. გენერალ-ლეიტენანტმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მისიაში მონაწილეობისთვის. დღესვე აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი ეროვნულ სასწავლო ცენტრში ”კრწანისი” 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს და ქართველ ინსტრუქტორებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. მან ISAF -ის მისიის მნიშვნელობაზე და ქართველი სამხედროების მიერ მისიაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.
23-ე ბატალიონი ავღანეთში ნატო–ს ეგიდით წარმოებულ ISAF -ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გადის მომზადებას. ქართველი სამხედროები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში შეასულებენ მისიას და იქ მყოფ 31-ე ბატალიონს ჩაანაცვლებენ. გენერალ-ლეიტენანტი დენის ჰეილიკი საქართველოდან 24 მარტს გაემგზავრება.
mod.gov.ge
0