12:03:45     24-03-2012
ნიკო ლორთქიფანიძის „გულთამხილავის მსჯავრი“
25 მარტი, რელიგიური და იდეოლოგიური თავალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის - ივერიის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და დიმიტრი თავდადებულის ხსენების დღე. ამ ვითარებისათვის საგანგებოდ ვთავაზობთ პრესა.გე-ს მკითხველს გავიხსენოთ დიდი ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის შესანიშნავი ნოველა „გულთამხილავის მსჯავრი“.
დიდი მწერალი ამ ნოველაში ორ ადამიანს წარმოგვიდგენს, ერთი მხრივ ადამიანი, რომელიც ფორმალურად „სწორად“, რელიგიურად ცხოვრობდა და დარწმუნებულია თავის უცოდველობაში, მეორე მხრივ კი თავმდაბალი ადამიანი, რომელსაც შეუგნია თავისი ცოდვილობა. უცოდველი ადამიანი არ არსებობს. ხშირად ადამიანი განსაცდელში არ ჩავარდნილა, და თავის ამიტომ უცოდველი ჰგონია. თუ ადამიანი უცოდველია, მაშ არ უცხოვრია ქვეყანაზე...
ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წლის 29 სექტემბერს სოფელ ჩუნეშში, იმერეთში. მისი წინაპრები ნამდვილი პატრიოტები იყვნენ. პაპა, გიორგი ლორთქიფანიძე დიდი ხელმწიფის, სოლომონ II "ფიცის კაცების" წინამძღოლი ყოფილა, კი არ ჰყიდდა ქართველებს მონებად, როგორც სხვა თავადები, ქართველების გამყიდველებს და თურქებს ებრძოდა. მამას საგლეხო რეფორმამდე გაუთავისუფლებია თავისი ყმები. აი ასეთ ოჯახში გაიზარდა მომავალი დიდი მწერალი. ჰყავდა ხუთი და და ორი ძმა. წერა-კითხვა შინ ისწავლა...
მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს სიყვარულში გაატარა. დუელიც კი მოსვლია რუს ოფიცერთან საქართველოს ღირსების დასაცავად. ახალგაზრდობაში ჰქონდა მღელვარე ცხოვრება. არ უყვარდა მეფის რუსეთის რეჟიმს. ცოტა ხანს ციხეშიც იჯდა, რადგან ქართველთა და ებრაელთა ხელოვნურად დაპირისპირებას შეეწინააღმდეგა. არც სწავლის დასრულების უფლება მისცეს ხარკოვის უნივერსიტეტში, სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო. მერე ავსტრიაში გაემგზავრა სასწავლებლად. სწორედ იქ მოუწია უზრდელების დუელში გამოწვევა.
სამშობლოში დაბრუნების მერე პედაგოგობდა. რედაქტორობდა ჯერ გაზეთ "ერს", მერე ჟურნალ "ცხოვრება და ლიტერატურას", შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ "სამშობლოს". მერე კი, ქუთაისში, ლიტერატურულ ალმანახ "კრებულს".
პარალელურად წერდა თავის უკვდავ ნოველებს, მინიატურებს, მოთხრობებს. გამოქვეყნებული აქვს რომანიც და ორი პიესა...
გულთამხილავის მსჯავრი
ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.
უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.
- იცოდით ნება ჩემი?
- ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება; ზეპირათ ვიცი საგალობელნი და ლოცვები, - მოახსენა ერთმა.
მეორე სდუმდა.
- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
- არ ვიცი, არ წამიკითხავს.
- შეასრულეთ ნება ჩემი? - იკითხა კიდევ უფალმა.
- გზითა მართლითა ვიდოდი; საპყართა განვიკითხავდი; მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი; შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, - მიუგო პირველმა.
მეორე სდუმდა.
- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
- არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ.
- შეასრულე ათი მცნება? - განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.
- დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! - მიუგო პირველმა.
მეორე ისევ სდუმდა.
- შენ?
- რა?
- მოგიკლავს ადამიანი?
- არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი.
- გითქვამს ტყუილი?
- ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი... ბევრი.
- გიმრუშია?
- არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!
- გიგმია ღმერთი?
- არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ.
- თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს?
- ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი - ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას.
ყველა დადუმდა.
- რა გსურთ ახლა? - დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.
- განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! - საჩქაროთ უპასუხა პირველმა.
მეორე სდუმდა.
- შენ?
- ნუ მათქმევინებ - გარისხდები, უფალო!
- მოგენიჭოს! - ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა.
მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა.
- მე რაღა, უფალო? - შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს.
- შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.
1913 წელი
0