13:23:59     23-03-2012
ქართველი მეცნიერი, გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატური მართვის დარგში – ივერი ფრანგიშვილი

ივერი ვარლამის ძე ფრანგიშვილი, ქართველი მეცნიერი გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატური მართვის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1985), რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1981), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1968) და პროფესორი (1969), 1930 წლის 6 ივნისს, სოფელ დიდ ჯიხაიშში დაიბადა.
1952 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (მაშინდელი თბილისის პილიტექნიკური ინსტიტუტი) ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1952-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სამრეწველო და სამეცნიერო დაწესებულებებში.
1960 წლიდან მოსკოვშია, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ავტომატური და ტელემექანიკის (ამჟამად მართვის პრობლემების) ინსტიტუტში, 1970 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში. ასევე იყო ატომური ელექტროსადგურების ავტომატიზებული მართვის სისტემების გენერალური კონსტრუქტორი (1985).
ფრანგიშვილის ძირითადი შრომები ეძღვნება გამოთვლითი ტექნიკას, კერძოდ, ერთგვაროვანი ცვალებადი სტრუქტურის მქონე ელექტრონული გამომთვლელი მანქანებისა და კომპლექსების თეორიისა და მეთოდების დამუშავების საკითხებს.
ის 400 ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის 20 მონოგრაფიის, ერთი აღმოჩენისა და 40 გამოგონების ავტორია. დაჯილდოებულია 2 წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
გარდაიცვალა 2006 წლის 28 თებერვალს, მოსკოვში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
0