11:59:28     22-03-2012
ბიძინა ივანიშვილის ბანკმა, 300 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა

ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლის ბინადრებმა საპროტესტო აქციას უმასპინძლეს. ოლიგარქის ბანკისგან დაზარალებულმა სამასამდე ოჯახმა, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან აქცია გამართეს და ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. 300 ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე, ქუჩაში მას შემდეგ დარჩა, რაც ივანიშვილის ბანკმა კომპანია „ტექსს“ მათი კუთვნილი ქონება დაუყადაღა.
მოქალაქეებმა თავიდანვე გააპროტესტეს „ქართუს“ მიერ, მათი უსახლკაროდ დატოვება, თუმცა ბანკიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა კი განაცხადეს, რომ „ქართუ ჯგუფი“ ყველაფერს აკეთებს რათა სასამართლო პროცესი მაქსიმალურად გაიწელოს. დაზარალებული მოქალაქეების განცხადებით, ისინი არ აპირებენ საკუთარი ქონება ივანიშვილს შეარჩინონ.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათეული წუთის განმავლობაში მოქალაქეები აქციას შუშის სასახლესთან მართავდნენ, მათთან შესახვედრად ოლიგარქის კარზე განკარგულებების გამცემი თინა ხიდაშელი გამოვიდა. ხიდაშელმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ აუცილებლად შეხვდებოდა, უბრალოდ, აქციის დროს არ ეცალა.
ხიდაშელმა „ქართუ ბანკისგან“ დაზარალებულებს ისიც განუმარტა, რომ თურმე ივანიშვილის ოცნების ნაწილია, არცერთი ადამიანი არ იყოს ქუჩაში. შესაძლოა ეს სურვილები ოლიგარქს ახლა აქვს, როცა პოლიტიკური პიარი და ქულები სჭირდება.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ადამიანების უსახლკაროდ დატოვება ტრაგედიას არ წარმოადგენდა მაშინ, როდესაც ივანიშვილის ბანკმა კომპანია „ტექსს“ მათი კუთვნილი ქონება დაუყადაღა. აქციის მონაწილეები, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათ არაერთხელ დაპირდნენ პრობლემის მოგვარებას, თუმცა მათი პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.
შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომპანია „ტექსსა“ და ივანიშვილის „ქართუ ბანკს“ შორის დავა, რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ „აბსოლუტ ბანკის“ პერიოდში დაიწყო. სამშენებლო კომპანიის დაყადაღების შედეგად, ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“ 300 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა.
0