აფხაზეთის შემდეგ, მედვედევმა, მაკონტროლებელი ცხინვალსაც დაუნიშნა აფხაზეთის შემდეგ, მედვედევმა, მაკონტროლებელი ცხინვალსაც დაუნიშნა />


  09:23:42     22-03-2012

აფხაზეთის შემდეგ, მედვედევმა, მაკონტროლებელი ცხინვალსაც დაუნიშნა

a16341.jpg

კრემლი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ოკუპაციის პროცესს განაგრძობს. დიმიტრი მედვედევმა, რამდენიმე დღის წინ, თავისი მაკონტროლებელი აფხაზებს დაუნიშნა, გუშინ კი ასეთივე „მაყურებელი“ ცხინვალშიც გაამწესა.

აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ე.წ. სპეცწარმომადგენელი, კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი, „სამხრეთ ოსეთში“ კი ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელი თეიმურაზ მამსუროვი იქნება.

ამ დანიშვნებზე, მედვედევის პრეს-მდივანმა ნატალია ტიმაკოვამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს „ლოგიკური დასასრულია პრეზიდენტის პოლიტიკისა, რომელიც მეზობლებთან კავშირების გამყარებისკენაა მიმართული.“

თუ ტიმაკოვას ახსნა-განმარტება უფრო თავშეკავებული იყო, რუსეთის სახელმწიფო დუმაში პიდაპირ მიუთითებენ, რომ ეს დანიშვნები ძალიან დროული და საჭიროა, რადგან „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაცია უბრალო არ არის“.

საერთაშორისო საკითხებში დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ედინაია როსიას“ წევრმა, ანდრე კლიმოვმა განაცხადა, რომ „ეს სრულიად გამართლებული ნაბიჯია. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაცია უბრალო არ არის და იქ აუცილებელია ნათელი და თანამიმდევრული პოლიტიკა ყველა მიმართულებით. ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ლოგიკურად ვაფასებ“ - განაცხადა კლიმოვმა და დასძინა, რომ ტკაჩოვმაც და მამსუროვმაც კარგად იციან სოხუმისა და ცხინვალის პრობლემები.

ცხადია, კრემლი ოკუპირებულ რეგიონში მაკონტროლებლებს კონკრეტული მიზნებისთვის ნიშნავს. აფხაზეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის იძენს, ცხინვალში კი მოსკოვს სიტუაცია ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდიდან „გაექცა ხელიდან“. სწორედ ამაზე მიუთითებს რუსი ექსპერტი იური კრუპნოვი, რომელიც ამბობს, რომ მამსუროვის სპეცწარმომადგენლად დანიშვნა „სამხრეთ ოსეთში“ ზოგადად, არჩევნების საკითხს მოაწესრიგებს. მოსკოვს იმედი აქვს, რომ  25 მარტს დანიშნული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ამჯერად მაინც ჩაივლის მისი ინტერესების შესაბამისად. მამსუროვის დანიშვნას „რაღაც კარგის ნიშანი“ უწოდა ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვადიმ ბროვცევმაც, რომელიც ასევე რუსეთიდან ჩასული კადრია და ამ „რაღაც კარგში“ თავისი წვლილი უკვე შეიტანა, როცა „სამხრეთ ოსეთისა“ და რუსეთის ე.წ. საზღვარის გადალხვის რეჟიმი გაამარტივა და „მოქალაქეების უპრობლემოდ გაადაადგილებისა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა წინააღმდეგობების შემცირების  მიზნით“ ე.წ. სასაზღვრო, საბაჟო და საიმიგრაციო პუნქტების რაოდენობა შეამცირა, ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე კი საერთოდ გააუქმა.

„საზღვრების მოშლისა“ თუ ერთიანი სივრცეების თემას, დანიშვნის დღესვე, ალექსანდრე ტკაჩოვიც შეეხო და რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნაზე ალაპარაკდა.

ნიშანდობლივია, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მსგავსად, მედვედევმა სპეცწარმომადგენელი აუღიარებელ დნესტრისპირეთსაც დაუნიშნა, სადაც მოსკოვს ასევე თავისი ინტერესები აქვს. ამ მისიას ვიცე-პრემიერი დიმიტრი რაგოზინი შეასრულებს.
0

ავტორი: