ვახტანგ ორბელიანის „პოეტს“ ვახტანგ ორბელიანის „პოეტს“ />


  08:26:05     21-03-2012

ვახტანგ ორბელიანის „პოეტს“

a16313.jpg

პოეტი, ქართული რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ვახტანგ ორბელიანი დაიბადა 1812 წლის 5 აპრილს. მამას ვახტანგი ერქვა. პოეტის დედა ერეკლე მეორის ასული თაკლე ბატონიშვილი გახლდათ. მამის გარდაცვალებიდან ერთ თვეში  შობილ ვაჟს თეკლემ თავისივე მამის სახელი დაარქვა. თეკლე ბატონიშვილის ქმარი, ვახტანგი სოფელ ჩუმლაყთან დაიღუპა, რუსებისა და აჯანყებული ქართველების შეტაკებისას.

თეკლე ბატონიშვილის მეუღლის, ვახტანგ ორბელიანის ვაჟკაცური დაღუპვის ამბავი ჩვენ მოთხრობილი გვაქვს პრესა.გე-ს მკითხველებისათვის („ვერაგი რუსი დამპყრობლები და ქართველი კაცის ვაჟკაცობა გამოუვალ მდგომარეობაში“, 21.02.2011). აქ მოკლედ გავიმეორებთ.

თეკლა ბატონიშვილისა და ვახტანგ ორბელიანის სახლს რუსებმა ზარბაზნები დაუმიზნეს და ვახტანგს (მამას) მოსთხოვეს კახეთის აჯანყებულების წინააღმდეგ გალაშქრება. კახელებს გრიგოლ ბაგრატიონი მეფედ გამოეცხადებინათ და ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის იბრძოდნენ. ვახტანგ ორბელიანმა ხერხი იხმარა. გამოემშვიდობა ცოლ-შვილს, ბრძოლაში წავიდა, ცხენი მიაჭენა ერთ კახელ მხედართან და შეჰყვირა, თითქოს ხმლის წართმევა უნდოდა. აჯანყებულმა კახელმა სთხოვა თავს ნუ მომაკვლევინებ, ცუდი ვინმე არ ჩანხარო. ვახტანგი „არ მოეშვა“, მაშინ კახელმა თოფი ესროლა და მოკლა. ასე გადაირჩინა თავი ვახტანგ ორბელიანმა ღალატისაგან, ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისაგან, თავი შეაკლა აჯანყებულებს და ამით, ცოლ-შვილი რუსების მხრიდან ამოჟუჟვასაც გადაარჩინა.

მამის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ თვეში დაბადებული ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანი სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელსა და პეტერბურგის პაჟთა კორპუსში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1830 წელს დაბრუნდა საქართველოში.

1832 წელს თეკლე ბატონიშვილი და მისი ვაჟები, ალექსანდრე, დიმიტრი და ვახტანგი, შეთქმულების მონაწილენი გახდნენ, რისთვისაც რუსულმა იმპერიალისტურმა რეჟიმმა ისინი გადაასახლა საქართველოდან.

შემდეგ ვახტანგ ორბელიანი სამხედრო სამსახურში შევიდა. მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში. 1855 წელს ქართველ გრენადერთა პოლკის უფროსი გახდა. 1860 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანი შეთქმულების ჩავარდნის მერე, პესიმიზმში ჩავარდა, როგორც ყველა, დიდი დროით, ილიასა და მისი თაობის მოსვლამდე. ამითაა გამოწვეული მათი სევდიანი და უიმედო რომანტიზმი (ეროვნული თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში). თუმცა სამშობლო ძალიან უყვარდათ (აქ პოეტებს ვგულისხმობ და არა მოღალატეებს, რომლებიც მართლა არსებობდნენ).

მათ ლიდერი არ ჰყავდათ. ბატონიშვილებმა ვერ შეძლეს ერის ლიდერი გამხდარიყვნენ, ალექსანდრესა და გრიგოლის მერე, ფაქტიურად. შემდეგ ბაგრატიონების როლი ილია ჭავჭავაძემ შეასრულა ეროვნულ ასპარეზზე, და ამიტომაც უწოდეს უგვირგვინო მეფე.

ვახტანგ ორბელიანი იყო რომანტიკოსი პოეტი, დიდი პატრიოტი, ქართველთა დიდებულ წარსულზე შეყვარებული ადამიანი, თუმცა, როგორც ვთქვი პესიმისტი. ის გარდაიცვალა 1890 წლის 29 სექტემბერს (ახალი სტილით 11 ოქტომბერს). დაკრძალულია სიონის ტაძარში.

გავიხსენოთ ვახტანგ ორბელიანის ლექსი „პოეტს“, სადაც ის მშვენივრად გადმოგვცემს თავის დამოკიდებულებას პოეზიის, კერძოდ ქართული პოეზიისადმი, მის დანიშნულებას და მნიშვნელობას. როგორც ჩანს, პოეტი ამ ლექსით მიმართავს გრიგოლ ორბელიანს. ვახტანგ ორბელიანი, ერთგვარად, ქართული პოეზიის ძველი ტრადიციებისა და ევროპული ლიტერატურის საუკეთესო მიღწევების გახსენება-გათავისებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული პოეზიაში. ის სახავს ქართველი პოეტისათვის ამოცანებს, წარმოგვიდგენს პოეზიის დანიშნულებას.

პოეტს

მე არ მიყვარს კილო მუხამაზისა,
კინტოთ კილო, კილო შუა-ბაზრისა;
იმ კილოთი რა იმღერო, პოეტო,
თუ არ ღვინო, ტოლუბაში და კინტო,
მათ დუდუკი, დიპლიპიტო და ზურნა,
მათ უაზრო ლაზღანდრობა, ყიჟინა?
მე არ მიყვარს სურათები ამგვარი.
მუხამბაზით სხვას რას იტყვი, მითხარი?

*

მე მომეცი კილო რუსთაველისა,
გაფურჩვნილი, ვით ყვავილი ველისა,
მოკამკამე, როგორც წყარო მცინარი,
ვით მდინარე, მშვენივრად მომდინარი.
იმ კილოთი გვაჩვენე სხვა სურათნი,
დაგვანახვე ველნი, ბორცვნი და მთანი;
მაღლა ზეცა, ქვეშ ზღვა განუსაზღვრელი;
მთლად ბუნება, დიდი, გასაკვირველი.
ველნი, ბორცვნი ტურფად იფურჩვნებოდნენ,
წვერნი მთათა ცის კარს ებჯინებოდნენ;
ცის კამარა ბრწყინავდეს მნათობთ სხივით,
ან გრგვინავდეს ელვითა და ქუხილით;
კაშკაშებდეს მზის სხივითა ზღვის გული,
თვის ნაპირზედ მშვიდად მიძინებული;
ან მრისხანე ცაში ზვირთებს ისვრიდეს
და თვის მკერდზედ ნავთ ხომალდებს მუსვრიდეს.
დაგვანახვე დიდებული ბუნება,
იმის დიდი მრავალგვარი შვენება.

*

სხვანიც დიდნი საგანნი გაქვს, პოეტო;
გმართებს ძველ დროთ გმირნი გამოგვიხატო,
მამულისთვის მათ ბრძოლა საშინელი,
ბრძოლის გრგვინვა, საზარო ბრძოლის ველი.

*

დაგვანახვე ასული მშვენიერი,
სახეს უჩნდეს გულის ჭმუნვა ძლიერი,
იყოს ვარდი, ავდრისგან ფერმიხდილი,
და ყვავილი, ქარისგან თავმიხრილი.
ნაზი, ტურფა, მშვიდი და წმინდა გული,
მაგრამ მთელის არსით შეყვარებული.
მისი სატრფო შორს შავს ბედთან იბრძოდეს;
მშვენიერი ცხარის ცრემლით იღვროდეს;
შილლერისას ჰგვანდეს ამალიასა,
ან შექსპირის ციურს ოფელიასა.
შეგვიყვანე გლეხის კაცის სახლშია,
იმათ ბაღში და იმათ ვენახშია;
დაგვანახვე, რით სწუხს, რით ხარობს გლეხი;
ჩარჩებს დაეც რისხვა ღვთისა და მეხი...
და ჩვენც მაღლა გვამხილე, რაც გვჭირს ავი,
სიზარმაცე და უმეცრება შავი!
რისთვის მინდა და რაში ვაქნევ კინტოს,
იმის დუდუკს და იმის დიპლიპიტოს,
ან ლოპიანს, ან დიმიტრი ონიკოვს?
ჩემი გული სხვა გვართ სურათებს ითხოვს.
მაინც ამ ხმით ვცდი, როსმე რამ გიამბოთ,
მდაბიური, - იქნება, ზოგთ გიამბოთ.

1884 წელი

0

ავტორი: