08:24:52     21-03-2012
ერლომ ახვლედიანი „ეძებდა სამშობლოს“
20 მარტს გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინოდრამატურგი, მწერალი და ესეისტი ერლომ ახვლედიანი.
ერლომ სერგოს ძე ახვლედიანი დაიბადა 1933 წლის 23 ნოემბერს თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი, 1964 წელს უმაღლესი სასცენარო კურსები მოსკოვში
1959-1960 წლებში იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი, 1967-1968 წლებში საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი, 1971-1972 წლებში „ქართულ ფილმთან" არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი, 1979-1984 წლებში სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი, თსთი სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-87, 1995-99).
არის ავტორი წიგნებისა „ზარმაცი თაგუნას ამბავი“, „ვანო და ნიკო“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე) არის სხვადასხვა პრემიების ლაურიატი.
ერლომ ახვლედიანი სცენარის ავტორია ფილმებისა: სულელი ბროწეულის ხე (1999); ერთაწმინდა ( 1994); ნოე; ( 1991); ეი, მაესტრო ! ( 1987); ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა ( 1984); ქართლოსიანთა საკურთხეველი ( 1982); ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981); ძნელი დასაწყისი (1981); გზა შინისაკენ ( 1981); არასერიოზული კაცი (1980); რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978); ბათა ქექია ( 1978); ამაღლება (1977); ივანე კოტორაშვილის ამბავი ( 1974); საერთო კედელი ( 1972); ფიროსმანი ( 1969); უსახელო უფლისციხელი ( 1968); აპრილი (1962).
გადაღებულია ფილმებში: დაბრუნება - (1990); სუვენირი - (1986); თეთრი ღამე - (1984); ცხელი ზაფხულის სამი დღე (რამაზი) - (1981).
მისმა გარდაცვალებამ ყველას დაწყვიტა გული.
დღეს გავიხსენოთ ერლომ ახვლედიანის შესანიშნავი ესეს „ვეძებ სამშობლოს“ ნაწყვეტი.
ერლომ ახვლედიანი ეძებდა სამშობლოს, რომელიც მის წინ იყო, თუმცა გაუცხოებული, შეცვლილი. უფრო სწორად, მისი თანამოძმენი იყვნენ შეცვლილნი, და მათ ვეღარ ცნობდა.
ერლომ ახვლედიანი ეძებდა სამშობლოს და ჰპოვა პირველადი სამშობლო ღმერთთან. აქაც, მისი მიწიერი სამშობლო, უფრო სწორად მისი თანამოძმენი, ისევ დაიბრუნებენ ძველ, კეთილშობილ სახეს. იმედი ჰქონდა - მოვა ჯანსაღი თაობა...
ვეძებ სამშობლოს
(ნაწყვეტი)
ერთხელ ჩვენმა ცნობილმა ჟურნალისტმა, „რეტროპერსპექტივის“ წამყვანმა ქალბატონმა თამარ ცაგარეიშვილმა ჩემს ჯგუფს ასეთი შეკითხვა დაუსვა: რა არის სამშობლო?
შეკითხვა მეტად ტევადი და საინტერესო მომეჩვენა და როცა ამ წერილის სათაური დავწერე, მივხვდი რომ ესეც თამარისეული შეკითხვის თავისებური ვარიაციაა. არ ვიცი, რა უპასუხეს ჩემმა სტუდენტებმა მაშინ, და საერთოდ, თუ შეძლეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ცხადია რომ იგი დრომ მოიტანა (შეუძლებელია, ამგვარი კითხვა ჩვენ წინაპრებს მოსვლოდათ აზრად).
მე მასში გაუცხოების ელემენტი ვიგრძენი. ყოველ შემთხვევაში ასე ჟღერდა ჩემში ეს შეკითხვა.
მაშ ასე, ვეძებ სამშობლოს!
ვეძებ სამშობლოს, როგორც ველიდან დაბრუნებული ფუტკარი თავის სკას და ვერ ვაგნებ. თითქოს სკაც იგივეა და ჩემი თანამოძმენიც იგივენი არიან, მაგრამ საიდან მოდის ეს გაუცხოება? რომელი ნახვრეტებიდან დაიცალა სკა იმ სითბო-სიმყუდროვისგან, რომელსაც ასერიგად ვიყავი შეჩვეული?
ისე კი, მე ხომ არ დავბრუნებულვარ, რადგანაც არც არასოდეს წავსულვარ აქედან. მუდამ აქ ვიყავი. მაშ რა მოხდა? იქნებ ვინმემ იზრუნა და თავად მე შემცვალა ძილში, სხვა სისხლით ამავსო და სხვა სული ჩამიდგა და მერე საბედნიეროდ გამომაფხიზლა გაუცხოებული გარემოსა და საკუთარი თავის მიმართ.
თუმცა, ვიღას აინტერესებს ერთი ბებერი ფუტკრის ბუზღუნი, ანდა მისი განცდები. იმედია, ღმერთის შეწევნით, დადგება ჟამი და მოვა ჯანმრთელი თაობა და კვლავ აღდგება ჩემი სკის ბზუილი, ხოლო ჩვენ, დოღში დამარცხებული „ერთგულის “ მსგავსად, უკვე დავტკბით იმ შეუმჩნევლობის განცდით, როცა მისთვის ოდესღაც ასე ნაცნობი გამარჯვების ხმაური, შორს არის მისგან და სიამოვნებს, რომ დგას მარტო და რომ არავინ აწუხებს.
მაგრამ ამ ნეტარების ღირსიც ვერ ხდები, რადგან არც ფუტკარი ხარ, არც თუნდაც დამარცხებული სადოღე ცხენი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ადამიანი ხარ, თუმცაღა მომაკვდავი. მაგრამ მომაკვდავიც ხომ ცოცხალია და, მანამ ცოცხალი ხარ, ვერ გაექცევი ადამიანურ პასუხიმგებლობას. მით უმეტეს თუ უამრავი პრობლემა და ნაშთი დაგრჩა დაუხურავი. არა, მე აქ „დიდ საქმეებს“ არ ვგულისხმობ. ამ მხრივ დარღვეული მაქვს ზომები და მასშტაბები. ჩემს იდეალებს მუდამ ვეძებდი ჩვეულებრიობაში, ნორმალურობასა და შეუმჩნევლობაში.
თავიდანვე ვცდილობდი, შემძლებოდა საკუთარი თავის მართვა ამ ფარგლებში. ამ „ვნებამ“ და სურვილებმა ეკლესიამდე მიმიყვანა. იგრძნო თავი სიტყვიერ ცხვრად – უდიდესი ბედნიერებაა. მაგრამ მალევე აღმოჩნდა, რომ ამ სულიერ „კიდობანში“ სხვა ამინდია, ხოლო მის გარეთ – სულ სხვა. მათი გასაშუალოება, რაც დრო გადის, მით უფრო შეუძლებელი ხდება. თუ „კიდობანში“ თანდათან ურიგდები სიკვდილს და იყვარებ მას, გარეთ დარჩენილს სიკვდილის შიში გზარავს.
ეს შიში, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ფიზიკური გაქრობის შიში, რადგან მანამ ცოცხალი ხარ, შინაგანად, სიკვდილის წარმოსახვა ორმხრივ გახსნილია: შეუძლებელია, არ გაქრე და შეუძლებელია, გაქრე. ამას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაიგებ.
ამასთან დაკავშირებით, არცთუ მთლად ხუმრობით, მინდა ვთქვა: მოველი აღსასრულს, რათა საბოლოოდ დავრწმუნდე, რომ უკვდავი ვარ. მაგრამ ეს ვარაუდიც რწმენის საუფლოშია, ხოლო ჩემი შიში ერთობ კონკრეტულია და პირადი სიკვდილი უდევს საფუძვლად, და სწორედ აქ უკავშირდება სიკვდილის შიში ჩემს გაუცხოებულ სამშობლოს, რომელსაც ვეძებ.
არ მინდა მოვკვდე. მეშინია სიკვდილის მანამ, სანამ, არ ვიპოვი და როცა ვიპოვი და ვიცნობ, მშვიდად აღვესრულები.
მაგრამ იქნებ საზღვარი არ აქვს ჩემს უმადურობას?! განა მე ბედნიერი არ უნდა ვიყო იმით, რომ თავად ვიხილე ჩემი წინაპრების უპირველესი საწადელის აღსრულება - „ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. განა ამის შემდეგ არ შეიძლება მშვიდად სიკვდილი? ვაი, რომ არ შეიძლება. ჯერ ადრეა, ძალიან ადრე. უფრო ადრეა ვიდრე მისი ტყვეობისას იყო.
ჩვენი სამშობლოს თავისუფლების წადილი და სიყვარული მისადმი დაემსგავსა იმ უძვირფასეს განძს, რომელის ტყვეობის წყვდიადშიც ინარჩუნებს თავის ბრწყინვალებას, მაგრამ ამოიტანეს რა დღის სინათლეზე, ჩაუქრა ფერები და დაკარგა მაგიურობა.
მაგრამ იქნებ პირიქით მოხდა, იქნებ ჩვენს მზესაც დაეფარა ლიბრი, ანდა თვალი მოგვჭრა დიდმა შუქმა?! უფრო ეს არის, რადგან ის, რაც უნდა გამხდარიყო ჩვენი თანამშრომლობისა და ერთად ყოფნის საფუძველი, სწორედ ის იქცა ჩვენი გათიშვისა და დაპირისპირების მიზეზად.
თავისუფლების უამრავ მნიშვნელობათა შორის „ერთი არს სახმარ“ - კეთილი ნების თავისუფლება. ყველა დანარჩენს ფასი არ აქვს.
ჩვენი ქვეყნის საერთო საზრუნავს ჩვენი კონკრეტული, პირადი საზრუნავით ვუკავშირდებით.
თუ ეს ასე არ არის, საეჭვოა თვით განაგრძობა სამშობლოს საერთო საზრუნავისა და ტკივილისადმი. უმრავლესად სწორედ მაშინ გალაღდება ხოლმე ამბიციები და ანგარება. პირადი საზრუნავი არის ის მცირე კარი, ის „ნემსის ყუნწი“, რომელსაც ვიწრო დერეფნებითა და ტალანებით მივყავართ საერთო პრობლემების სამეჯლისო დარბაზებამდე. მხოლოდ ამ კაპილარებითა და სისხლძარღვებით შეგვიძლია ვიგრძნოთ თავი ერთი მთლიანი ორგანიზმის ნაწილად.
ხოლო რა მნიშვნელობა აქვს პირად მდგომარეობას, ამის შესანიშნავი მეცნიერული ანალოგი მოგვცა იუნგმა, როცა პირველი მსოფლიო ომის გარდაუვლობა თავის ყოველ პაციენტში აღმოაჩინა. შემდეგ ეს განწყობა სადღაც, რაღაც უხილავი გზებით იკრიბება ერთად. ერთ მშვენიერ დღეს იფეთქებს რევოლუციებისა და ომების სახით. იგივეა ყოველი ადამიანის ცოდვის ბუნებაც, რომლის დამანგრეველი მოქმედების შესახებ ჩვენმა ეკლესიამ სრულად იცოდა სულ რაღაც 20-ოდე საუკუნით ადრე.
ამიტომ, ალბათ, ჩვენი საერთო ორგანიზმი, ჩვენი სამშობლო, ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იხსნას, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში. მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი შემდგომი ნაბიჯის გადადგმა.
მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია – ფუჭი, ამაო, ლიტონი სიტყვები...