რაში გამოიყენებს კრემლი, აფხაზეთის „მაყურებლად“ გამწესებული ტკაჩოვის „ძალოვან სტილს“? რაში გამოიყენებს კრემლი, აფხაზეთის „მაყურებლად“ გამწესებული ტკაჩოვის „ძალოვან სტილს“? />


  06:29:28     20-03-2012

რაში გამოიყენებს კრემლი, აფხაზეთის „მაყურებლად“ გამწესებული ტკაჩოვის „ძალოვან სტილს“?

a16281.jpg

აფხაზეთში სპეცწარმომადგენლის პოსტის შემოღებასა და ამ თანამდებობაზე კრასნოდარის მხარის გუბერნატორის დანიშვნაზე, სოხუმი ჯერჯერობით დუმს. სამაგიეროდ, აჟიოტაჟია ინტერნეტ-ფორუმებზე.

მაკონტროლებლად ტკაჩოვის დანიშვნა აფხაზებს არ მოეწონათ. ის სოხუმისთვის კარგად ნაცნობი კრასნოდარელი გუბერნატორია, რომელმაც ჯერ კიდევ 2004 წელს, აფხაზებთან, თავისი აგრესიული რიტორიკით შეილახა რეპუტაცია.

ტკაჩოვი, მაშინ აქტიურად მონაწილეობდა კრემლის გეგმის რეალიზებაში, რომლის თანახმადაც არძინბას შემდეგ, სეპარატისტული რეჟიმის სათავეში, მოსკოვის ფავორიტი - რაულ ხაჯიმბა უნდა მოსულიყო. თუმცა ,გაიმარჯვა სერგეი ბაღაფშმა, რამაც მხარეებს შორის დაპირისპირება წარმოშვა. სწორედ მაშინ, ტკაჩოვი, როგორც პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვიც შენიშნავს, არა შუამავლის, არამედ, „მკაცრი პოლიტიკოსის“ როლში გამოვიდა და კრემლის გეგმის ჩავარდნის გამო, აფხაზების დასჯის გეგმებიც შეიმუშავა: დაიმუქრა, რომ აფხაზებს „საზღვარს“ ჩაუკეტავდა და ფინანსურ დახმარებას, კერძოდ, რუსულ პენსიებსაც მოანატრებდა; „საზღვრის“ დამცველებად კი კაზაკთა გაერთიანებებს ჩაუყენებდა.

ტკაჩოვი თავიდანვე უხეშად ერეოდა სოხუმის საქმეში, არ მალავდა, რომ  უკმაყოფილო იყო არა მარტო ბაღაფშით, არამედ მისი „კრიმინალური და ანტირუსული გარემოცვით“. მაშინ აღნიშნავდნენ, რომ კრასნოდარის გუბერნმატორმა, რომელიც იმ დროს არც სპეცწარმომადგენელი იყო აფხაზეთში და უბრალო „მეზობლის“ სტატუსით სარგებლობდა, ეს აგრესიული განცხადებები ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და რომ იმ პერიოდში, პუტინისა და ტკაჩოვის კონტაქტი ინტენსიური იყო. ამ კონტექსტიდან გამომდინარე კი, პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი შენიშნავს, რომ დღეს „არავინ შეიძლება იყოს დარწმუნებული, რომ ტკაჩოვის „ძალოვანი სტილი“ კვლავ არ გახდება საჭირო“.

ტკაჩოვს, რომელიც აფხაზეთის „მაყურებლად“ გაამწესეს, რეპუტაცია არა მარტო აფხაზეთში, არამედ თავად რუსეთშიც შელახული აქვს. მას „მონოპოლისტ ოლიგარქსაც“ უწოდებენ. ახლა კი ამბობენ, რომ აღარაფერი დარჩა თავის მხარეში გასაყიდი და აფხაზეთს მიადგა, - რა თქმა უნდა, ახლადარჩეულ თანამზრახველთან ერთად.  ტკაჩოვს „მიწების მიმტაცებელიც“ შეარქვეს,  რადგან ცნობილია, რომ თავისი მამულების მშენებლობის დროს, წითელ წიგნში შეტანილ ხეებსაც არ ინდობდა.

მიუხედავად ამისა, ის მაინც კრემლის რჩეულია წლების განმავლობაში. ახლა კი, როცა 2014 წელს პუტინს ოლიმპიადა აქვს ჩასატარებელი, ტკაჩოვი და მისი „პრინციპულობა“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ოლიმპიური პროექტის რეალიზება კი, მასში აფხაზეთის ინფრასტრუქტურის ჩართვის გარეშე, როგორც სერგეი მარკედონოვი ამბობს, წარმოუდგენელია. პოლიტოლოგი არ უარყოფს, რომ ამის ინტერესი არა მარტო რუსეთს, არამედ, აფხაზებსაც აქვთ, მაგრამ რას მოითხოვს მოსკოვი? „ის, რაც რუსეთისთვის, შესაძლოა, მეორე და მესამეხარისხოვანია, პატარა რესპუბლიკისთვის, განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევა“ - ამბობს მარკედონოვი.

რა გეგმების განხორციელებას უკავშირებს ტკაჩოვის აფხაზეთში დანიშვნას კრემლი, რა თქმა უნდა, არ კონკრეტდება. მისი უფლებამოსილებები ოფიციალურად არ გაშიფრულა. თუმცა პირველი, რაც რუსეთში დამოუკიდებელ ექსპერტებსაც თვალში მოხვდათ, ეს არის აფხაზეთის „შთანთქმა“.

ინტერნეტსაიტ commonspace.eu-ს პოლიტიკური რედაქტორი  ამბობს, რომ  „ეს უცნაური დანიშვნა“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ხაზს უსვამს რუსეთის გრძელვადიანი გეგმების არსებობას აფხაზეთში. და რომ ამ დანიშვნამ შეიძლება შექმნას საფუძველი, რომ რუსეთი აფხაზეთის ოკუპაციის განზრახვაში დაადანაშაულონ.

პირველი ნაბიჯის გადადგმას ტკაჩოვი უკვე იწყებს. მან დანიშვნისთანავე გააჟღერა კრასნოდარის მხარისა და აფხაზეთის „ერთიან ეკონომიკურ სივრცეში გაერთიანების“ გეგმა.

ინტერნეტფორუმებზე (სადაც ძირითადად, რუსები და აფხაზები ბაასობენ) ამ საკითხზე 2 დღეა საუბრობენ:

„რუსეთი ახალი ზღვისპირეთის ოკუპირებისთვის დაიძრა“, ან ასე - „ეს არის მზადება აფხაზეთის კრასნოდარის მხარეზე მიერთებისათვის“.

0

ავტორი: