05:53:07     20-03-2012
ამილახვრების ციხე-დარბაზი
შიდა ქართლში, მდინარე ლეხურას შუა წელში, ვაკეზე, კასპის რაიონში, სოფელ ქვემო ჭალაში, მდებარეობს ვრცელი ანსამბლი. ანსამბლი შედგება სამი კომპლექსისაგან: მთავარი ციხე-დარბაზი (გალავანი კოშკებით, ეკლესია, კოშკი სამრეკლო, სასახლე), მეორე ციხე დარბაზი (გალავანი კოშკებით, სასახლის ნანგრევები) და ამირინდო ამილახვრის ციხე-დარბაზი. მთავარი ციხე-დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით აბანოცაა. ნაგებობები თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. ნაშენია ძირითადად რიყის ქვით, გამოყენებულია აგური (განსაკუთრებით ინტერიერებში) და თლილი ქვაც (მთავარი ციხე-დარბაზის ეკლესია, სამრეკლო და სხვა).
ამილახვართა ციხე-დარბაზებსა და მათთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებს არაერთხელ იხსენიებენ XVIII საუკუნის ისტორიკოსები (სეხნია ჩხეიძე, ვახუშტი ბაგრატიონი, პაპუნა ორბელიანი და სხვ.). XVIII საუკუნეში ხელისუფლების გაძლიერებისა და ტერიტორიების შემატებასთან დაკავშირებით, ქართლის მსხვილ ფეოდალთა ამილახვართა რეზიდენციამ სხვილოდან ბარში, ქვემო ჭალაში გადმოინაცვლა. ამავე საუკუნეში აქ სასახლე და ციხე-სიმაგრე მდგარა. დასტურდება, რომ საუკუნის 40-იან წლებში გივი ამოლახვარს ორი ციხე-დარბაზი ჰქონია ქვემო ჭალაში. ციხე-დარბაზებს დიდი როლი ენიჭებოდა ლეკებისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1728 წელა „მოადგნენ ლეკნი ჭალას, მოჰკლეს ამილახორის რევაზის შვილი ერასტი და შემუსრეს ჭალა… ათასი ტყვე წაასხეს და წავიდნენ“ (ვახუშტი ბაგრატიონი). 1742 წელს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა სპასალარმა გივი ამილახვარმა (1689-1754 წწ.) ზემო ქართლის ფეოდალთა აჯანყება მოამზადა სპარსელების წანააღმდეგ. ყიზილბაშთა ჯარი იმამყული-ხანის მეთაურობით ქვემო ჭალასთან დაბანაკდა. სხვილოს ციხეში გამაგრებული ქართველთა ჯარი გივი ამილახვრის სარდლობით შეებრძოლა მტერს და უკუაქცია იგი. იმავე წელს სპარსელთა გაერთიანებულმა ჯარმა ფატალი-ხანის და ქერიმ-ხანის მეთაურობით კვლავ გამოილაშქრა ამილახვრის წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა სხვილოს ციხის ზემოთ, მთებში. კვლავ ქართველებმა გაიმარჯვეს. ყიზილბაშებმა მიატოვეს ბრძოლის ველი და გივი ამილახვრის ციხე-დარბაზებს შეესივნენ. ისინი ჯერ სამთავისისაკენ გაეშურნენ და ქვემო ჭალაში მცირერიცხოვანი გარნიზონი დატოვეს. ამით ისარგებლეს ქართველებმა და თავს დაესხნენ ქვემო ჭალაში გამაგრებულ ყიზილბაშებს. მტერი უბრძოლველად უკუიქცა. XVIII საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც კახეთის მეფე თეიმურაზ II გივი ამილახვრის წინააღმდეგ იბრძოდა, ქვემო ჭალის ორივე ციხე-სიმაგრე, ისე როგორც ამილახვრის სხვა ციხე-სიმაგრეები, იმდენად კარგად ყოფილა გამაგრებული, რომ შეტევის დაწყება მძიმე არტილერიის მოსვლამდე შეფერხებულა. გარეშე მტრების შემოსევებმა ქვემო ჭალის კომპლექსი ძლიერ დააზიანა. XVIII საკუნის 30-იან წლებში აშენებული ნაგებობებიდან მთავარი კომპლექსის ეკლესიის, სამრეკლოსა და აბანოს მეტი აქ აღარაფერი დარჩა. XIX საუკუნის დასაწყისში კომპლექსები ბევრჯერ გადაკეთდა.
ანსამბლის მთავარი ციხე-დარბაზი ოთხკუთხადაა შემოზღუდული მაღალი გალავნით (33,2 X 73,6). მისი ტერიტორია გაყოფილია ორ არათანაბარ მონაკვეთად. სამხრეთი, უფრო დიდი მხარე, განკუთვნილი ყოფილა მტრის შემოსევის შემთხვევაში მოსახლეობის გასახიზნავად. კედლით გამოყოფილი ჩრდილო მონაკვეთი ციტადელს წარმოადგენდა; აქ იყო ფეოდალის სამყოფელი. მისი დასავლეთ ბოლო, მთელ სიგანეზე, სასახლეს უჭირავს. ეზოს შუაში დგას კარის ეკლესია, მასზე კი დასავლეთით მიდგმულია კოშკი. კომპლექსის მშენებლობა სამ ეტაპად განხორციელებულა: თავდაპირველად, XVII საუკუნის 70-80-იან წლებში აუგიათ ეკლესია, შემდგომში დასავლეთიდან მისთვის სამრეკლო მიუშენებიათ, უფრო მოგვიანებით, XVIII საუკუნის შუა ხანებში, აუშენებიათ ციხე-დარბაზი, ხოლო სამრეკლო კოშკად გადაუკეთებიათ.
ეკლესია ჯვარპატიოსანი დარბაზულია (13,6 X 7,5 მ). აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ძალზე დაზიანებული წარწერის მიხედვით იგი გივი ამილახვრის დაკვეთით აუგია სახლთუხუცესს პაპუა ქარუმიძეს XVII საუკუნის 70-80 წლებში. ეკლესიაში შესასვლელი ამჟამად სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა (გაჭრილია XIX საუკუნეში). ნახევაწრიულ აფიდის ღერძზე სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო სწორკუთხა ნიში. თითო სარკმელია ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში. დარბაზი გადახურულია ორ საბჯენ თაღზე დაყრდნობილი კამარით. თაღები, კამარა და კონქი შეისრული ფორმისაა.
ეკლესიაში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები XVII საუკუნეს განეკუთვნება. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება, მეორე რეგისტრში თაღნარით მოჩარჩოებული მოციქულთა ფიგურებია, მესამე რეგისტრში - ეკლესიის მამები გაშლილი გრაგნილით ხელში. მათ შორის, ჩრდილოეთით, ნიშის თავზე გაირჩევა ექვსფრთედი. საკურთხევლის მოხატულობა დასრულებულია ორნამენტის ზოლით (ფარდის იმიტაცია). დარბაზის სამხრეთ კედელზე გაირჩევა მოხატულობის ხუთი რეგისტრი. ორი მათგანი კამარაშია. მოხატულობა შემორჩენილია ფრაგმენტების სახით. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთის მეორე რეგისტრში გამოსახულია მირქმა, მესამე რეგისტრში - ქრისტეს დატირება. ამავე მონაკვეთზე, თაღით მოჩარჩოებულ კედელზე, ზემოთ ეკლესიის მამების ორი წელზედა გამოსახულებაა, ქვემოთ - ცხენზე მჯდომი წმ. მეომრის ფიგურა; კედლის შუა მონაკვეთზე, პირველ რეგისტრში - ლაზარეს აღდგინება; ქვემოთ, კედლის თაღით მოჩარჩოებულ მონაკვეთზე - სამნი ყმანი სახმოლსა შინა. მის ქვემოთ მთელი ტანით გამოსახულია სამი წმინდანი, მათ შორის კონსტანტინე და ელენე ჯვრით ხელში. კედლის დასავლეთ მონაკვეთზე პირველ რეგისტრში ასახულია იერუსალიმს შესავლა, მეორე რეგისტრში - სულიწმინდის მოფენა. სამხრეთ გასასვლელის თავზე შემორჩენილია გაურკვეველი სცენის ფრაგმენტი (გაირჩევა ბავშვის თავი და მისკენ დახრილი წმინდანის კონტურები). მთელი დასავლეთ კედელი დათმობილი აქვს განკითხვის დღის კომპოზიციას. ეკლესიის საბჯენი თაღების სოფიტებზე, კედლის თაღების გვერდებზე მოცემულია წმინდანთა ბიუსტები მედალიონებში. პილასტრებზე გაირჩევა მთელი ტანით გამოსახული წმინდანთა ფიგურები. მოხატულობის კოლორიტს ძირითადად ქმნის მოწითალო-ყავისფერი, ღია ვარდისფერი, ოქროსფერი ოქრა. კომპოზიციები მინიატურული მასშტაბით ხასიათდება. წმინდანთა მოძრაობა დინამიკურია.
ფასადებზე შემორჩენილია დეკორის ფრაგმენტები: აღმოსავლეთ ფასადზე ჩუქურთმიანი ლავგარდანი, ცხენის რელიეფი, სამხრეთისაზე მტრედის რელიეფი. ეკლესია არქიტექტურით, მხატვრობით და ფასადების დამუშავების ხასიათით ენათესავება XVII საუკუნის II ნახევრის ქართული არქიტექტურის ნიმუშებს (ანანური, ტბისი და სხვა).
ეკლესიაზე დასავლეთით მიდგმული კოშკი ძირითადად ორფენიანია (6,1 X 7,8 მ). პირველად აქ მდგარა სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც საშიშროების გაზრდასთან დაკავშირებით (XVIII ს), კოშკად გადაუკეთებიათ. ამის გამო კოშკის ქვედა ორი სართული სამრეკლოს ნაწილებს შეიცავს.
დარჩენილი ნაწილების მიხედვით, სამრეკლო იმ ტიპს მიეკუთვნება, რომელიც გვხვდება XVII საუკუნის ბოლოს. ახალი კომპოზიცია ძველისაგან იმით განსხვავდება, რომ შენობის ქვედა ნაწილი კუბურ მასას წარმოადგენს, რომელიც თაღოვანი ფანჩატურით მთავრდება. პირველ სართულში თაღოვანი გასასვლელი ყოფილა, მეორეში - გუშაგის სადგომი, მესამეზე - თვით სამრეკლო. სამრეკლოს პირველი სართული სამი მხრიდან ღია იყო. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს ორ-ორი თაღია, დასავლეთით კი - ერთი. მეორე სართულზე ასასვლელი გარედანაა, სამხრეთის მხარეზე. თაღები, სვეტები, კაპიტელები და ბაზისები ეპოქის შესაფერისადაა ნაგები დამუშავებული თლილი ქვით. მეორე სართული სხვებზე რთულია. ის შედგება ორი მთავარი ნაწილისაგან. ვრცელი კვადრატული ნაწილი გადახურულია გუმბათით. მის კედლებში მოწყობილია ბუხარი, ფანჯრები, სათოფურები და ნიშები. მეორე კამაროვანი ოთახი ვიწრო და გრძელია. ესეც საცხოვრებლად იყო განკუთვნილი. მესამე სართული ხის კოჭებით იყო გადახურული. თავდაპირველად იგი სამრეკლოს ფანჩატურს წარმოადგენდა. გადაკეთების შემდეგ კი მის კედლებში სათოფურები ჩაუტანებიათ. სათავსო კარგად იყო განათებული ფანჯრებით. კედლებში არსებული ბუხარი და ნიშები დეკორატიულადაა გადაწყვეტილი. მეოთხე სართული საბრძოლო ბანს წარმოადგენდა. მისი მაღალი კედლები ქონგურებით მთავრდება. აქაც, კედლებში სათოფურები, ნისკარტა სალოდეები და საზარბაზნეებია განლაგებული.
მიუხედავად იმისა, რომ ძველი სამრეკლო კოშკად გადაუკეთებიათ, გარედან იგი მეტად კარგი პროპორციებისა და კარგად ნაგები შენობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ მის აგებაში სხვადასხვა დროის ოსტატები მონაწილეობდნენ. ეტყობა, ორივე ოსტატი მაღალი კვალიფიკაციისა იყო. კოშკი ქვემოთ ქვითაა შემოსილი, ხოლო ზემოთ აგურითაა ნაშენი.
კოშკები დგას ციტადელის სამ კუთხეში: სამხრეთ-აღმოსავლეთით – სწორკუთხა, ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით – ცილინდრული. სწორკუთხა კოშკისაგან მხოლოდ აღმოსავლეთი კედელია შემორჩენილი. კოშკი სამსართულიანი ყოფილა: პირველი დამხმარე სართული იყო ოთხკუთხა ღრმა ნიშებითა და სათოფურებით, მეორე - საცხოვრებელი კარგად შელესილი კედლებითა და საბრძოლო ელემენტებით, მესამე - მაღალი ნახევრად მრგვალქონგურებიანი ბანი პარაპეტში დატანებული სათოფურებითა და სალოდეებით. ცილინდრული კოშკები თითქმის ერთგვარია. მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთი კოშკის ქვედა ორი სართული შიგნით გეგმით კვადრატულია. ორივე კოშკი სამსართულიანია. შესავლელი პირველ სართულზეა, ეზოდან 1 მეტრის სიმაღლეზე. კიბეები კედლებშია დატანებული. შესასვლელის პირდაპირ ორსართულიანი ბუხარია, ღრმა ნიშებში - სათოფურები და სარკმლები. სართულშუა გადახურვა კამაროვანია. მესამე სართული ქონგურებიანი მაღალი პარაპეტით შემოზღუდული ბანია სათოფურებითა და სალოდეებით.
სასახლე მეტად ფრაგმენტულადაა მოღწეული. იგი ორსართულიანი ყოფილა, როგორც ეს ხშირად გვხვდება XVII საუკუნეში. პირველ სართულში შესასვლელი ეზოდანაა, მეორე სართულს ცალკე ჰქონია კიბე სამხრეთის ბოლოში. პირველ სართულში მხოლოდ კარ-სარკმლები, ბუხარი და ნიშებია; მეორე სართულის კედლებში, იმავე ელემენტების გარდა, სათოფურებიც ყოფილა.
მეორე ციხე-დარბაზის კომპლექსი მდებარეობს ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ნანგრევების კვალის მიხედვით იგი წაგრძელებული უსწორი ოთხკუთხედი ყოფილა (25,3 X 57,2 მ). შემორჩენილია გალავნის ჩრდილოეთ კედელზე მიდგმული ოთხკუთხა ნაგებობებისა (სავარაუდოდ სასახლისა და სხვა სათავსების) და ცილინდრული კოშკების საძირკვლის ნაშთები. ჩრდილო-დასავლეთ კუთხის კოშკის ნაშთი არ შემორჩენილა. შედარებით უკეთესად არის შემონახული სამხრეთ-აღმოსავლეთ კოშკი (ამჟამად გადაკეთებულია). იგი ხუთსართულიანია და კომპლექსის დომინანტს წარმოადგენს. მისი ქვედა სართულის კედლები ყრუა. შესასვლელი მეორე სართულზეა, შიდა ეზოდან. ეს სართული საცხოვრებელია, მესამე და მეოთხე – საცხოვრებელ-საბრძოლო. მეორე სართულის სამხრეთ კედელში იწყება კიბე. სათავსებში ბუხრები, ნიშები, სათოფურები, სარკმლები და სალოდეებია. მეორე და მესამე სართულის გადახურვა კამაროვანია, მეოთხის – ხისა. მეოთხე სართულის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს გაჭრილია ფართო კარი, რომელიც გადიოდა ხის ღია აივანზე. მეხუთე სართულზე, ბანზე, შემორჩენილია სათოფურები და სალოდეები. კედლების დიდი ნაწილი შელესილია.
ამირინდო ამილახვრის ციხე-დარბაზის კომპლექსი მდებარეობს ციტადელის სამხრეთ-აღმოსავლეთით. თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანით. ციხე-დარბაზის (27,3 X 37,8 მ) ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკები იდგა. ციხე-დარბაზს შემოვლებული ჰქონდა ნახევარწრიული ქონგურებიანი მაღალი გალავანი. ჭიშკარი გალავნის ჩრდილოეთ კედელში იყო. ამჟამად ეზოს სამხრეთ ნაწილში დგას ეკლესია, ხოლო მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია ნანგრევები (სავარაუდოა, სასახლის ნაშთები). ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კოშკების მხოლოდ კვალი ჩანს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ კოშკის ნაწილია შემორჩენილი. იგი სამსართულიანი ყოფილა. პირველ და მესამე სართულებს შესასვლელი ცალ-ცალკე ჰქონია. მესამე სართული წარმოადგენდა პარაპეტიან ბანს, სადაც განლაგებული იყო საბრძოლო ელემენტები. ხის სართულშუა გადახურვა არ შემორჩენილა. შედარებით კარგადაა მოღწეული სამხრეთ-დასავლეთის დიდი ხუთსართულიანი კოშკი (გარე დიამეტრით 8,6 მეტრი, სიმაღლე 17 მეტრი). კოშკს ერთადერთი შესასვლელი მეორე სართულზე აქვს, ეზოდან. პირველი სართული წარმოადგენს ყრუკედლებიან სარდაფს, ხოლო ზედა ოთხი საბრძოლო-საცხოვრებელი სათავსებია. მეხუთე სართული მაღალი პარაპეტით შომოზღუდული ქონგურებიანი საბრძოლო ბანია, რომლის კედლებში (ძლიერ დაზიანებულია) სათოფურები, საზარბაზნეები და სალოდეებია დატანებული. პირველი და მეოთხე სართულების გადახურვა ხისაა, ხოლო მეორე და მესამე გადახურულია აგურის შეისრული კამარით. კამარების ღერძები ურთიერთპერპენდიკულარულია. კედელში ქვის კიბეა დატანებული. მეოთხე სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კადლებში გაჭრილია თაღოვანი კარები, რომლებიც გადიოდა ხის აივნებზე (დანგრეულია). ყოველ სართულზე ბუხრები, ნიშები, სათოფურები და სარკმლებია. ბუხრის საპირეები და მეორე სართულის კამარა გაფორმებულია აგურის დეკორატიული წყობით.
ეკლესია დარბაზულია (11,3 X 8,1 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ჩრდილოეთ შესავლელის თავზე რვასტრიქონიანი მხედრული წარწერიდან ირკვევა, რომ ეკლესია აგებულია 1774 წელს ამირინდო ამილახვრისა და მისი მეუღლის ელენე ჩოლოყაშვილის დაკვეთით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. თითო სარკმელია ეკლესიის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში.
ანდუყაფარ ამილახვრის აბანო მდებარეობს მთავარი ციხე-დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასიოდე მეტრზე, რუსთაველის ქუჩაზე. თარიღდება XVII საუკუნით. ამჟამად სანახევროდ მიწაშია ჩამჯდარი. ის აუგია ანდუყაფარ ამილახვარს, რომელსაც ცოლად ჰყავდა შაჰ აბასის შვილიშვილის ისახან ყორჩიბაშის ასული. აბანო აგებულია სპარსულ ყაიდაზე. მარაგდებოდა ჯანაურას წყაროს წყლით. აბანო უსწორო მრავალგვერდა ნაგებობაა (14,2 X 6,3 მ), ძირითადად ნაშენია აგურით, გამოყენებულია ქვაც. შესასვლელი დასავლეთიდანაა. მოსაცდელ-გასახდელი რვაგვერდაა და გადახურულია ასეთივე მოხაზულობის ნახევარწრიული გუმბათოვანი კამარით. ამ სათავსის ორ კუთხეში ბუხრებია. მოსაცდელი გადის ვიწრო ტალანში, რომლის მარჯვნივ და მარცხნივ ცილინდრული კამარით გადახურული მოზრდილი, სწორკუთხა სათავსებია. ტალანიდან კარი გადის ასევე შეისრული კამარით გადახურულ ვრცელ დარბაზში. მას შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს 1 მეტრის სიღრმის მკლავი აქვს, მარცხნივ - 0,5 მეტრი სიღრმისა. პირდაპირ ღრმა მკლავში მოთავსებულია კვადრატული აუზი, ოთხივე მხარეს ნახევარწრიული ჩამოსაჯდომებით. კედლიდან ორი მილი გამოდიოდა – ცხელი და ცივი წყლისათვის. მარჯვენა მკლავში ერთი მილია. დარბაზის იატაკქვეშ მოწყობილი იყო კალორიფერები, სადაც ცხელი ჰაერი დარბაზის მარცხნივ მდებარე საცეცხლიდან მოდიოდა (ამჟამად არ არსებობს). საცეცხლის თავზე კვადრატული საქვაბე იყო, მის აღმოსავლეთით – წყალსაცავი. წყალი კერამიკული მილებით შემოდიოდა აღმოსავლეთიდან. ყველა სათავსის (გარდა წყალსაცავისა) გადახურვის ცენტრში გაჭრილია სარკმლები. აბანოს ინტერიერის გაფორმებაში ვხვდებით გვიანდელი ფეოდალური ხანისათვის დამახასიათებელ დეკორატიულ ელემენტებს (შეისრული თაღები, კამარები, სტალაქტიტებით გადახურვა).
ამილახვრების ციხე-დარბაზთა კომპლექსები და აბანო XVII-XVIII საუკუნეების ფეოდალთა რეზიდენციის დამახასიათებელი ნიმუშია.
0