ილარიონოვი, ფელგენგაუერი, ლატინინა აგვისტოს ომის შესახებ... ილარიონოვი, ფელგენგაუერი, ლატინინა აგვისტოს ომის შესახებ... />


  11:09:56     19-03-2012

ილარიონოვი, ფელგენგაუერი, ლატინინა აგვისტოს ომის შესახებ...

a16252.jpg

მოხსენება, რომელიც სტოკჰოლმში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების საერთაშორისო საბჭოს მე-8 მსოფლიო კონგრესზე წაიკითხეს, სამი ცნობილი კომენტატორის დასკვნებზეა აგებული. ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ეწინააღმდეგება მედვედევ-პუტინის რეჟიმის ოფიციალურ ვერსიას იმის თაობაზე, რომ 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყების ინიციატორი ქართული მხარე იყო.

მოხსენებაში ასახულია ანდრეი ილარიონოვის (პუტინის ყოფილი მრჩეველი 2000-2005 წწ.), პაველ ფელგენგაუერის („ნოვაია გაზეტას“ სამხედრო მიმომხილველი) და  ჟურნალისტ იულია ლატინინას მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები, რომლებიც  არგუმენტირებულია და კონკრეტულ წყაროებზეა დაფუძნებული.

ილარიონოვის დასკვნები:

ილარიონოვის აზრით, აგვისტოს ომს წინ უძღოდა მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1999 წელს, როცა ვლადიმერ პუტინი პრემიერ-მინისტრი გახდა. სწორედ აქედან განვითარდა რუსეთის მუდმივი, შეუნელებელი აგრესია სამხრეთის მეზობლის მიმართ.

პირველ რიგში, აღნიშნავს ილარიონოვი, რუსეთმა არჩევანი გააკეთა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელმძღვანელობის მხარდაჭერაზე მსხვილი შეიარაღებით ამარაგებდა რა სამხრეთ ოსეთს მძიმე სამხედრო ტექნიკით, რუსეთის ხელისუფლებამ გააზრებულად აირჩია კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტის გზა. აძლევდა რა სამხრეთ ოსეთის რეჟიმს დამატებით 75 ტანკ „ტ-72“ და იარაღისა და აღჭურვილობის დიდ რაოდენობას ჯერ კიდევ 2004 წლის მაისში, რუსეთის ხელისუფლებამ სათავე დაუდო მსხვილმასშტაბიან საომარ აქციას - მიიჩნევს ილარიონოვი. მისი აზრით, აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთს, შეიძლება, ეამაყა კიდეც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი რაოდენობის ტანკებით. „1758 ტანკი და მსუბუქი ტანკი 100 ადამიანზე… რაც მეტია, ვიდრე ისეთ მილიტარიზებულ ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა“ - წერს ილარიონოვი.

გარდა ამისა: 2004-2008 წლებში რუსეთმა  სამხრეთ ოსეთში - ჯავაში, ააგო სამხედრო ბაზები, რომელიც საერთაშორისო კონტროლის გარეშე იყო დარჩენილი.

რუსეთი, წერდა ილარიონოვი, თანაგრძნობით ეკიდებოდა კოკოითის და მის მიერ კონტროლირებული ე.წ. პარლამენტის თხოვნებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. ასე მაგალითად, სამხრეთ ოსეთის „პარლამენტმა“ 2002 წლის მარტში მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სთხოვდა რუსეთის ხელისუფლებას ეღიარებინა მისი დამოუკიდებლობა და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიეღო.  2008 წლის 13 მარტს კი რუსეთის სახელმწიფო დუმამ დახურულ სხდომაზე განიხილა მოხსენება, რომელიც რუსეთის საიდუმლო სამსახურმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადეს. ეს იყო მოხსენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მიღწევის სტრატეგიის შესახებ. 2008 წლის 21 მარტს კი დუმამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია ორივე თხოვნის მხარდაჭერის თაობაზე.

2002 წლის ბოლოს, შენიშნავს ილარიონოვი, კოკოითმა, თანამდებობებზე რუსეთის ძალოვანი სამინისტროების წარმომადგენლების დანიშვნა დაიწყო. მაგალითად, აგვისტოს ომის დროს მისი ე.წ. თავდაცვის მინისტრი იყო გენერალ-ლეიტენანტი ვასილი ლუნევი - ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აკადემიის კურსდამთავრებული, რომელსაც ადრე ციმბირის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურის მოადგილის პოსტი ეკავა.

ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი და რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იყო გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ბარანკევიჩი - შორეული აღმოსავლეთიდან, რომელიც ადრე ციმბირის სამხედრო ოლქში, ვოლგისპირეთისა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქებში მსახურობდა.

ე.წ. შს მინისტრი - გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინზაევი, ადრე „ფსბ“-ს სპეცრაზმში და ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ს შტაბის უფროსის მოადგილედ მსახურობდა.

ე.წ. რესპუბლკური „კგბ“-ს თავმჯდომარე (საბჭოთა დასახელება შენარჩუნებული იყო) ბორის ატოევი, მანამდე, მოსკოვში, „ფსბ“-ს ცენტრალურ აპარატში და ყაბარდო-ბალყარეთის „ფსბ“-ს უფროსად მუშაობდა.

„შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ ეს მაღალჩინოსანი რუსი გენერლები მხარს დაუჭერდნენ კურსს, რომელიც არ ემთხვეოდა ვლადიმერ პუტინისა და რუსი ძალოვნების სურვილს“ - წერს ილარიონოვი.

მისი აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომანეტია პასპორტიცაზიის პროცესი:
2002 წლის ზაფხულის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და აჭარის მოსახლეობისათვის პასპორტების გაცემისთვის მზადება დაიწყო. 2002 წლის ივნისში რუსეთის პარლამენტმა შესწორება მიიღო მოქალქეობის შესახებ კანონში, რომელმაც ედუარდ შევარდნაძის პროტესტი გამოიწვია.

„ვარდების რევოლუციის“  შემდეგ, პასპორტიზაციის პროცესი გაძლიერდა.

2003 წლის აპრილის დასაწყისში, როცა შევარდნაძე ჯერ ისევ პრეზიდენტი იყო, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 56%  ჰქონდა რუსული პასპორტი. 2006 წლის აგვისტოს შუა პერიოდში ეს მონაცემი 98% ავიდა.

სხვათა შორის, როგორც მომხსენებელი შენიშნავდა, ტალიავინის კომისიამაც აღიარა, რომ პასპორტიზაციის პროცესი ეწინააღმდგებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

„ეს პროცესი რომ კანონიერი ყოფილიყო, - განაცხადა ტალიავინიმ - საჭიროა ცალსახა თანხმობა მხარისა, სადაც ცხოვრობ. ქართული კანონი არ სცნობს ორმაგ მოქალაქეობას… სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, არ არიან რუსეთის მოქალაქეები... ისინი რჩებიან საქართველოს მოქალაქეებად 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტამდე და ასეთად რჩებიან დღესაც, კანონის თვალსაზრისით…“

როცა კონფლიქტის დაწყებას განიხილავდა, ილარიონოვი ერთ საინტერესო მომენტზე მიუთითებდა:  2008 წლის ივნისში სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ შექმნა ინტერნეტსაიტი - „ოსური გენოციდი“. ეს საიტი, როგორც ჩანს, ნიადაგს ამზადებდა, რომ საქართველო დაედანაშაულებინათ გენოციდში, როგორც კი საომარი მოქმედებები დაიწყებოდა. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: 6 ივლისს ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქმა დაიწყო სამხედრო სწავლება „კავკაზ 2008“ - 8 ათასი სამხედრო მოსამსახურის, შინაგანი ჯარისა და „ფსბ“-ს მონაწილეობით, 7600 ერთეული ჯავშანტექნიკითა და შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საჰაერო ძალების მხარდაჭერით. 2 აგვისტოს ეს სწავლება ოფიციალურად დასრულდა, მაგრამ ჯარებს, რომლებიც მანევრებში მონაწილეობდნენ, არ დაუტოვებიათ პოზიციები.

კონფლიქტამდე, ილარიონოვის თქმით, რუსეთმა გადადგა ნაბიჯები, რომლებიც მოწმობდა, რომ მან გადაწყვიტა კონფლიქტის პროვოცირება. კერძოდ:

2 აგვისტოს ცხინვალში ჩადიან ჟურნალისტები რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიიდან, რადიო-გაზეთებიდან, რომლებიც მზად არიან და ისწრაფვიან, გააშუქონ ომი, რომელიც ჯერ არ დაწყებულა. 7 აგვისტოსთვის მათი რიცხვი 50 აღწევს. ომის საქმეების მცოდნეებმა იციან, რომ ეს პროცესი ცნობილია, როგორც წინმსწრები განთავსება ჟურნალისტებისა კონფლიქტის სავარაუდო ადგილის გასწვრივ - შენიშნავს კვლევის ავტორი.

ასევე, აგვისტოს პირველ კვირაში სამხრეთ ოსეთმა 20 ათასი სამოქალაქო პირის ევაკუირება მოახდინა. ამავე დროს დაიწყო მოხალისეებისა და კაზაკების ოფიციალური მობილიზაცია და 4 აგვიტოს პირველმა 300 მათგანმა გადალახა კიდეც საქართველო-რუსეთის საზღვარი… ამ მოხალისეების უმრავლესობა მიწერილი იყო ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის მე-19 ქვეითთა დივიზიაზე ან ჩრდილო ოსეთის სამშვიდობო ბატალიონზე. სხვებმა კონტრაქტები სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმეს.

ამავე დროს, რუსეთის სამხედრო ნაწილები სამხრეთ ოსეთში ფარულად შედიოდნენ.
2 აგვისტოს  ცხინვალში შედგა მნიშვნელოვანი თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, არმიის გენერალი ნიკოლაი პანკოვი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე და 58-ე არმიის მეთაური ანატოლი რუხლოვი, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო ძალების ორი გენერალი, რომლებიც 530 სამხედროს მეთაურებდნენ და ასევე, სამხერთ ოსეთის ძალოვნები და კოკოითი.

3 აგვისტოს სახრეთ ოსეთში  ჩავიდა 42-ე მოტომსროლელთა დივიზიის სადაზვერვო ბატალიონი. 4-ში ჩავიდნენ 58-ე არმიის სამედიცინო და კავშირის ნაწილები.

5-ისთვის - კიდევ რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა, 40 საარტილერიო დანადგარი და 33-ე სპეციალური საჰაერო-სადესანტო მოიერიშე ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონი სრული შეიარაღებით…

6 აგვისტოს, დილით, ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობა განთავსებული იყო სამხრეთ ოსეთში - ჯავაში. და ბოლოს, 7 აგვისტოს, დილის 3:41 და 3:51 წუთებს შორის რუსული ჯავშანტექნიკის კოლონამ გაიარა როკის გვირაბი…

ილარიონოვი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 2008 წლის სექტემბერში რუსეთის ხელისუფლება იძულებული იყო ეღიარებინა ამ ჯავშანტექნიკის კოლონის გავლა, მაგრამ ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს სამშვიდობოების ცვლა იყო.

ილარიონოვის კვლევის მთავარი ნაწილი: ვინ დაიწყო ომი?

2008 წლის 28 ივლისს სამხრეთ ოსეთის ძალებმა პირველებმა გახსნეს ცეცხლი კოლექტიური სამშვიდობო ძალებისა და ეუთოს დამკვირვებლების მიმართ.  29-ში, პირველად სამხრეთოსურმა ძალებმა მიიტანეს საარტილერიო შეტევა სოფლებზე , სადაც ეთნიკურად შერეული მოსახლეობაა და რომლებიც საქართველოს კონტროლის ქვეშ იყო.

5 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ე.წ. შს მინისტრმა გენერალ-ლეიტენენტმა მინძაევმა ქართული სოფლის - ნულის განადგურების ბრძანება გასცა.  6-7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ძალებმა დაცხრილეს და საარტილერიო შეტევა განახორციელეს რამდენიმე ეთნიკურად ქართულ სოფელზე, მათ შორის ნულზე.  6-ში დაიჭრა  2  ქართველი სამშვიდობო. 7-ში,   დილით, სროლა გაძლიერდა.  დაიჭრა  3 ქართველი ჯარისკაცი.
მოგვიანებით, იმავე დღეს, ავნევში  ქართველი სამშვიდობოების პოსტი დაცხრილეს. მოკლეს 2 ქართველი სამშვიდობო.

კონფლიქტის ზონაში ეს სამშვიდობოს სიკვდილის პირველი ფაქტია.

„იცოდა რა, რომ რუსეთის ჯავშანტექნიკის დიდი ნაწილი როკის გვირაბით მოემართებოდა, უფრო მსხვილი ნაწილები კი იგივეს გასაკეთებლად იყვნენ მზად, ასევე ის, რომ ქართული სოფლების დაცხრილვა გრძელდებოდა და უფრო ძლიერდებოდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როგორც კარგადაა ცნობილი, 7 აგვისტოს ღამით, დაახლოებით ღამის 11: 30 ბრძანება გასცა სამხედრო ოპერაციაზე…“,  რასაც ილარიონოვი სრულიად ამართლებს.

ფელგენგაუერის დასკვნები:

როგორც ფელგენგაუერი მიიჩნევს, „რუსებმა და მათმა მოკავშირე-სეპარატისტებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, 2008 წლის გვისტოში მოამზადეს და განახორცილეს ომი, რომელსაც საქართველო არ ითვალისწინებდა და არ მოელოდა… ქართველები, ვიდრე ისინი არ ჩაითრიეს ომში, აღმოჩნდა, რომ მზად იყვნენ მხოლოდ საპასუხო მოქმედებისთვის.“

სამხედრო მიმომხილველის აზრით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოაწყვეს ტოტალური შეჭრა, გეგმავდნენ რა, სრულიად გაენადგურებინათ და დაენგრიათ ქართული შეიარაღებული ძალები, კერძოდ, გეგმავდნენ საქართველოს სრულ დემილიტარიზაციას, ასევე პროდასავლური სააკაშვილის საძულველი რეჟიმის დამხობას. ამ მიზნებით რუსეთის გენერალურმა შტაბმა მობილიზაცია გაუკეთა და საბრძოლო მოქმედებებისთვის მოამზადა ფლოტის, ავიაციისა და არმიის ათობით ათასი სამხედრო.

რუსეთმა, რომელსაც „კგბ“-ს ყოფილი აგენტი - პუტინი ხელმძღვანელობდა, შეძლო დაეფარა თავისი სამზადისი და მიზნები არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ დასავლური მთავრობებისთვის და სადაზვერვო სამსახურებისთვის - წერს ფელგენგაუერი.  „ომის შემდეგ, აჯამებს ის, - რუსი სამხედროების მრავალრიცხოვანი ინტერვიუები და ცნობები გამოქვეყნდა… ისინი წარადგენდნენ მტკიცებულებას პირველი ხელიდან იმაზე, რომ რუსული ჯარები მართლაც შეიჭრნენ საქართველოში და მართლაც გადაკვეთეს საზღვარი როკის გვირაბს გავლით და ეს გააკეთეს მანამ, სანამ ქართული ჯარები შეუტევდნენ ოსურ პოზიციებს ცხინვალის რაიონში“.

მოსკოვს, ფელგენგაუერი ამტკიცებს, სურდა, რომ მისი სამხედრო აქცია განხილულიყო, როგორც რეაქცია ცხინვალისა და სამშვიდობოების წინააღმდეგ ქართულ აგრესიაზე.  „ამასთან, ეს ოფიციალური რუსული პოზიცია ახდენს იმ უბრალო ფაქტის იგნორირებას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სამხედრო შეჭრა მოითხოვდა საგულდაგულო მომზადებას, რომელიც მთელ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მოიცავდა, მათ შორის არმიას, ავიაციას, ფლოტს… ეს მართლაც რომ რეაქცია ყოფილიყო ქართულ შეტევაზე, ამას დასჭირდებოდა, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი კვირა, რათა სამხრეთ ოსეთში ავანგარდი ძალები გამოეგზავნათ, ხოლო ერთი თვე - სრულმასშტაბიანი შეჭრისათვის“ - ასკვნის სამხედრო ექსპერტი.

ლატინინას დასკვნები:

მან მკაცრად გააკრიტიკა ტალიავინის მოხსენება.

„ომი, - აღნიშნავს ის, - ტალიავინის აზრით იწყება იმ მომენტში, როცა საქართველო უტევს ცხინვალს. მართალია, პატივცემული კომისია იქვე ამბობს, რომ ამას წინ უძღოდა სხვადასხვა რთული მოვლენები. კითხვა ქალბატონ ტალიავინის: 1941 წელს ფინეთმა ომი გამოუცხადა სსრკ-ს. ამას წინ უძღოდა ისეთი პატარა დეტალი, როგორიცაა წითელი არმიის მიერ ათობით ფინური დასახლებული პუნქტის დაბომბვა ომის გამოცხადების გარეშე. დარწმუნებულია თუ არა ქალბატონი ტალიავინი, რომ ამ ომის ათვლა უნდა დაიწყოს ფინეთის მიერ ომის გამოცხადების მომენტიდან?.. ომს, როგორც ჩანს, იწყებს ის, რომელიც პასუხობს აგრესორის მოქმედებას. აი, როცა… ოსი მოხალისეები წვავენ ქართულ სოფლებს - ეს ომი არაა. ხოლო თუ ამაზე პასუხს გასცემენ - აი აქ კი, შენ, საძაგელო, ომს იწყებ...“

ლატინინა მიიჩნევს, რომ დასკვნების გამოტანამადე კარგი იქნებოდა დადგენილიყო,  მაგალითად, ცხინვალზე შეტევამდე რამდენიმე დღით ადრე რატომ გაიყვანეს ცხინვალიდან სამოქალაქო პირები, სამაგიეროდ კი მასობრივად შეიყვანეს ჟურნალისტები, რომლებიც მოწოდებული იყვნენ გაეშუქებინათ „ვერაგი  ქართული აგრესია.“ ან: რატომ დაცხრილეს 7 აგვისტოს ოსებმა ქართული სოფელი ნული.

ლატინინა თავად ცხინვალურ საიტებს იმოწმებს: მაგალითად, 7-ში, დაახლოებით, 8:30 საათზე, მას შემდეგ, რაც ქართული ნული სრულიად გაანადგურეს „ოსი სახალხო ლაშქარი ზეიმობს გამარჯვებას ქართველებზე… 7-ში საღამოს ცხინვალი ზეიმობს ნულის აღებას. ნული განადგურებულია, თანაც არტილერიით… ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენ გვატყობინებენ, რომ საზიზღარი ქართველი ფაშისტები შევიდნენ მშვიდობიან სოფელ ხეთაგურორვოში…. ვინ ვის დაესხა?“.

იულია ლატინინამ ერთ-ერთ თავის ყოველკვირეულ პროგრმაში ოსური ბლოგებიდან ასეთი ციტირება მოახდინა: „ოსებო, ხდება ზეგეგმითი შევსება ევროპაში ყველაზე დიდი მორგისა გორში“, „ქართველმა ფაშისტებმა უნდა მიიღონ თავისი სტალინგრადი“, „მშვიდობიანი თბილისი ჩვენ ჯერ არ დაგვიბობმავს, მაგრამ მალე ვიზამთ“, „58-ე არმია უკვე ქალაქშია, ანკლავები ნებისმიერ ფასად უნდა მოვაშოროთ“… რაზეც ჟურნალისტი ასეთ კომენტარს აკეთებს: ანუ „ომი დაიწყო და 58-ე არმია უკვე ქალაქშია“, ამას 7-ში დღისით   წერენ. 8-ში საღამოს კი თურმე, „ფაშისტმა“ სააკაშვილმა შეტევა მიიტანა მშვიდად მძინარე ცხინვალზე…

რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში ამ საკითხზე ანდრეი ილარიონოვმაც ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სამხრეთ ოსეთში ქართული სოფლების საარტილერიო დაბომბვაზე:

„ავნევისა და ნულის დასახლებული პუნქტების დაცხრილვა მოხდა 2 დღე-ღამით ადრე, ვიდრე ცხინვალისა. და ნული და ავნევი, ფაქტობრივად, პირისაგან მიწისა იქნა აღგვილი. ამ დაბომბვის დროს 6 და 7 აგვისტოს… მოკლულ იქნა რამდენიმე ქართველი, მათ შორის სამშვიდობოები. 2 ქართველი სამშვიდობო მოკლეს, 7 აგვისტოს, დაახლოებით, 2 საათზე, რაც მოხდა  ერთი დღე-ღამით ადრე, ვიდრე ცნობილი გახდებოდა პირველი ცნობები რუსი სამშვიდობოების დაღუპვის შესახებ“.

ილარიონოვი აღნიშნავს, რომ ქართველების მიერ ცხინვალისათვის მიყენებული ზიანი (რაც მან საკუთარი თვალითაც ნახა), შეგნებულად იყო გაზვიადებული რუსული და სამხრეთ ოსური პროპაგანდის მიერ.

„საქმე იმაშია, - ამბობს ილარიონოვი, - რომ ის ვერსია მოვლენებისა, რომელიც ფართოდ გავრცელდა რუსული პროპაგანდის დამსახურებით, ვერ უძლებს რეალობასთან შეჯახებას…“. ფელგენგაუერი კი ამბობს:

„ეს ომი არ იყო იმპროვიზებული რეაქცია სამხრეთ ოსეთზე მოულოდნელად განხორციელებულ ქართულ სამხედრო შეტევაზე. რადგან ასეთი უდიდესი რაოდენობა ჯარებისა, 24-საათიანი მზადყოფნის მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს. სამხედრო შეჭრა გარდაუვალი იყო, დამოუკიდებლად იმისა, თუ რას გააკეთებდნენ ქართველები“.

0

ავტორი: