06:30:36     19-03-2012
შვილის დახვრეტის შესახებ შეტყობინება, დედამ, საფოსტო ყუთში ჩაგდებული წერილიდან შეიტყო

მინსკის მეტროში მომხდარ ტერაქტში ბრალდებული ვლადისლავ კოვალიოვი და დიმიტრი კონოვალოვი დახვრიტეს. შეტყობინება პირველმა კოვალიოვის დედამ, საფოსტო ყუთით მიიღო. ერთაბზაციანი წერილი იუწყებოდა, რომ „დახვრეტის განაჩენი სისრულეშია მოყვანილი.“
ეჭვი იმის შესახებ, რომ მისი შვილი აღარ იყო ცოცხალი, ლუბოვ კოვალიოვას რამდენიმე დღის წინ გაუჩნდა, როცა მან და ადვოკატმა ვლადისლავის კვალს ვერცერთ იზოლატორში ვეღარ მიაკვლიეს. ეს მაშინ მოხდა, როცა ბელორუსის პრეზიდენტმა, დედას შვილის შეწყალებაზე უარი უთხრა. მანამდე კი, როგორც პრესა.ჯი წერდა, სიკვდილმისჯილის ოჯახის წევრებს პატიმართან 3-საათიანი პაემნის უფლება მისცეს, რომელიც მათთვის ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა. ლუბოვ კოვალიოვა დარწმუნებულია, რომ ვლადისლავი სწორედ ამ პაემნის შემდეგ დახვრიტეს: „მას რაღაცის თქმა უნდოდა, რასაც მე ვერ მივხვდი… ჩემი შვილი მოკლეს. ლუკაშენკო მკვლელია“ - მხოლოდ ამასღა ამბობს ის.
გუშინ, გვიან საღამოს კი, ბელორუსის ნაციონალურმა ტელევიზიამ, შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში დადასტურა, რომ სიკვდილით დასჯის განაჩენი სისრულეშია მოყვანილი მინსკის მეტროში მომხდარ აფეთქებაში ბრალდებული მეორე პირის - დიმიტრი კონოვალოვის მიმართაც.
ვლადისლავ კოვალიოვი და დიმიტრი კონოვალოვი დამნაშავეებად სცნეს 2011 წელს მინსკის მეტროში მომხდარ ტერაქტში, რომლის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა, ასობით მგზავრმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
ვიტებსკელი 20 წლის ელექტრიკოსი და 20 წლის ხარატი, ტერაქტიდან ერთ დღეში დააკავეს. სასამართლო სხდომები ღია რეჟიმში 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დიმიტრი კონოვალოვმა დანაშაული აღიარა. ვლადისლავ კოვალიოვმა კი, რომელსაც ტერორიზმის ხელშეწყობაში ედებოდა ბრალი - არა. ის აქტიურად იცავდა თავს სასამართლოში. ლუკაშენკოს სახელზე შეწყალების თხოვნაც დაწერა. ორივე სიკვდილმისჯილის ადვოკატები, ასევე, დამოუკიდებელი დამკვირვებლები და სხვათა შორის, თვით ტერაქტის შედეგად დაზარალებული რამდენიმე ადამიანიც საჯაროდ აცხადებდა, რომ გამოძიებას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები…
ევროპელმა პოლიტიკოსებმა ლუკაშენკოს, სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნა წაუყენეს.
ევროპის საბჭომ გააკეთა განცხადება, რომ ბელორუსი სულ უფრო და უფრო იზოლირებული ხდება ევროპისაგან. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორნბიორნ იანგლანდმა აღნიშნა, რომ „დანაშაული, რომელშიც ისინი დამნაშავედ სცნეს, ბარბაროსული იყო, მაგრამ ასეთივე არ უნდა ყოფილიყო მათი სასჯელიც. მინსკის ტერაქტის მსხვერპლთ მართლმსაჯულება სურთ და არა შურისძიება“ - განაცხადა იანგლანდმა.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კეტრინ ეშტონმა კი ბელორუსს სიკვდილით დასჯის სასჯელის გაუქმებასა და პირველ ეტაპზე, მორატორიუმის დაწესებისკენ მოუწოდა.
მომხდარით შოკირებულები არიან ბელორუსი უფლებადამცველები. ორგანიზაციის -
„უფლებადამცველები ბელორუსში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ“ კოორდინატორი ანდრეი პოლუდა ამ რეაქციაზე ჰყვება:
„ჩვენთვის დიდი შოკი იყო ის, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეწყალებაზე. ის რომ ადამიანები დღეს დახვრეტილები არიან და რომ ინფორმაცია ასეთი გზით მოვიდა -მშობლებს, საფოსტო ყუთში, უბრალოდ, შეტყობინება ჩაუგდეს“. პოლუდას აზრით,
სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ კოვალიოვის ნათესავებმა მანამდე გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართეს. „ბელორუსი ამ ნორმების იგნორირებას ახდენს და უბრალოდ, კლავს თავის მოქალქეებს“ - განაცხადა მან.