ნ. დურნოვო დოსითეოზ ქუთათელის შესახებ ნ. დურნოვო დოსითეოზ ქუთათელის შესახებ />


  05:22:01     19-03-2012

ნ. დურნოვო დოსითეოზ ქუთათელის შესახებ

a16236.jpg

საქართველოს ეკლესია 6 (ახალი სტილით 19) მარტს აღნიშნავს წმინდა მღვდელმოწამის დოსითეოზ (დოსითეოს) ქუთათელის ხსენების დღეს.

წმინდა დოსითეოზ ქუთათელი, ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი XVIII საუკუნის 50-იან წლებში დაიბადა იმერეთში, საჩხერეში. დოსითეოსის ბაბუა, პაპუნა II წერეთელი XVIII საუკუნის 20-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა, ნიკოლოზ წერეთელი სოლომონ I-ის (1752-1584) მეაბჯრეთხუცესი და თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოსს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი.

1781 წელს იქნა დადგენილი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. 1975 წლიდან დოსითეოზი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიება, კათალიკოსის მოსაყდრე იყო, ბოლოს, როგორც საბუთებიდან ჩანს, იმერეთ-აფხაზეთის კათალიკოსადაც იყო დადგინებული. ეს მასალები გამოქვეყნებული აქვს ქართველ მკვლევარებს.

დოსითეოზ ქუთათელი, ექვთიმე გენათელი და სხვა იმერელი მამულიშვილები ეახლნენ ერეკლე მეორეს 1789 წელს და სთხოვეს, იმერეთი შეერთებინა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის.

1814 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) საკათალიკოსო ეკლესია. ამ პერიოდში საქართველოში უკვე რამდენიმე აჯანყება იყო მოწყობილი ახალი, „ერთმორწმუნე“ დამპყრობლების წინააღმდეგ.

დასავლეთ საქართველოს ეკლესიის ქონებას ისევე მისდგნენ რუსი საეკლესიო თუ საერო ჩინოვნიკები, როგორც ეს უკეთებიათ მანამდე ქართლ-კახეთში და დაიწყეს ძარცვა. რუსები ხურავდნენ ეკლესიებს, საეკლესიო ქონებას სახელმწიფოს გადასცემდნენ, კრძალავდნენ ქართულ წირვა-ლოცვას. გლეხობას დააკისრეს ძალიან დიდი გადასახადი, ქვეყანაში ამორალურობა და მექრთამეობა ინერგებოდა. ასე არ მოქცეულან თურქ-ოსმალებიც კი.

ცნობილი რუსი ფილოლოგი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი, ნიკოლოზ დურნოვო წერდა: „იმერლები ჩიოდნენ: „ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ბიწიერი აგარიანების ხელში ვიყავით, ბევრი ტანჯვა-წამება გადავიტანეთ, მაგრამ აგარიანელნი ჩვენს სასულიერო საქმეებს არ შეხებიან. ჩვენ ის ხალხი ვართ, სარწმუნოება თითქმის ქრისტეს ჯვარცმის დროიდან რომ შევინარჩუნეთ და იმ იუდებზე უფრო საძულველნი ვერ გავხდებით, რომლებიც რუსეთის მმართველობის სახელით ფარფაშობენ.

ჩვენს მწუხარებას საზღვარი არა აქვს, როდესაც ვხედავთ, როგორ ხურავენ ჩვენს წმიდა ეკლესიებს, როგორ გვაშორებენ ჩვენი სულის გადარჩენაზე მზრუნველ მღვდლებს, როგორ გვართმევენ სახალხო ქონებით შემკულ ჯვრებსა და ხატებს და ბოლოს როგორ ასხვისებენ საეკლესიო ქონებას, რომელიც საუკუნეების მანძილზე სისხლითაა შეძენილი ან ჩვენი უწინდელი მეფეების მიერ საჩუქრადაა გადმოცემული”.

საეკლესიო რეფორმა უკანასკნელი წვეთი იყო უკმაყოფილების ფიალაში. მოლაპარაკებამ რუსებთან არავითარი შედეგი არ გამოიღო. 1819 წელს შორაპანში მოსახლეობა აჯანყდა. აჯანყების მთავარი მიზეზი იყო რუსების „რელიგიური“ განუკითხაობა. აჯანყება მოედო გურიას, რაჭას, სვანეთს.

აჯანყდა რაჭის მოსახლეობაც. ისინი რეფორმის გაუქმებას ითხოვდნენ და ადამიანურ, მართლმადიდებლურ მოპყრობას. გურიასა და სამეგრელოში რუსი მოხელეები ვერ შევიდნენ, მოსახლეობამ არ შეუშვა. საქართველოს ეგზარქოსი, რუსი მიტროპოლიტი თეოფილაქტე (თეოფილე) რუსანოვი იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო. ის საქართველოს ეგზარქოსად იყო 1817-1821 წლებში. ეწეოდა ქართული ეკლესიის რუსიფიკაციას, თეოფილაქტეს ინიციატოვით მომზადდა "საეკლესიო რეფორმების" პროექტი, 1819 საეკლესიო გლეხებს შეაწერა გადიდებული ფულადი გადასახადი, ნატურით გადასახადი შეუცვალა ფულადით, შეამცირა ეპარქიათა და სამრევლო ეკლესიების რაოდენობა და სხვა.
თეოფილაქტეს იმპერიალისტურმა ღონისძიებებმა გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება და დააჩქარა აჯანყება.

ქართველი მღვდელმთავრები, დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გენათელი ცდოლობდნენ, გონზე მოეყვანათ რუსი ჩინოვნიკები და მათთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. მაგრამ, რუსმა მოხელეებმა „დამნაშავეების“ დასჯა დაიწყეს. იმერეთი და რაჭა კვლავ ფეხზე დადგა. ქართველები თავს ესხმოდნენ რუსების რაზმებს. პატრიოტებს გაუჩნდათ იმედი ქართული სახელმწიფოებრიობის (იმერეთის სამეფოს) აღდგენისა, რომელიც რუსეთმა ვერაგულად და ძალით გააუქმა, თავისივე ხელშეკრულების დარღვევით.

იმერლებმა მოიწვიეს ირანში მყოფი ალექსანდრე ბატონიშვილი. ის ვერ ჩამოვიდა. მერე ერთმა ნაწილმა არჩევანი ივანე აბაშიძეზე შეაჩერა, როგორც სოლომონ I-ის შვილიშვილზე. რუსებმა ვერ დააპატიმრეს აბაშიძე.

რუსებმა მთავარმართებლისა და ეგზარქოს თეოფილაქტეს ბრძანებით გასცეს განკარგულება დაეპატიმრებინათ გელათისა და ქუთაისის მიტროპოლიტები, ექვთიმე გენათელი და დოსითეოზ ქუთათელი, რომლებიც წინ აღუდგნენ ეკლესიების დახურვას.

„მიტროპოლიტების დაპატიმრება იოლი როდი იყო და სიფრთხილეს მოითხოვდა, რათა ხალხის აღშფოთება არ გამოეწვია.” – წერდა ნიკოლოზ დურნოვო. „მათი დაპატიმრებისათვის ბნელი ღამე შეარჩიეს. ეგზარქოსის ნების წყალობით მიღებული ზომები “სრული წარმატებით დაგვირგვინდა".

1920 წლის 4 მარტს ერთდაიმავე დროს შეპყრობილი იქნა ორივე მიტროპოლიტი, რომლებიც გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით მაშინვე რუსეთში გადაასახლეს. მათ ისე ეპყრობოდნენ, როგორც ვიღაც დამნაშავეებს.

იმავე დროს დააპატიმრეს დარეჯან ბატონიშვილი, სოლომონ I-ის ასული, აბაშიძის დედა. ასევე აჯანყების ზოგიერთი მეთაური, რუსული იმპერიალიზმის მოწინააღმდეგენი.

ქუთაისის მიტროპოლიტი დოსითეოზი, როგორც ვარაუდობენ, გზაზე მოაშთვეს... მას თავზე ჩამოცმული ჰქონია ტომარა, და ისე უწყალოდ ექცეოდნენ, რომ მოხუცებული გაიგუდა...

ცხედარი ანანურში ჩაიტანეს. როგორც გვიამბობს ნ. დურნოვო, კარგა ხანს დაბნეული იყვნენ რუსები, არ იცოდნენ რა ექნათ და თითქმის 4 დღის შემდეგ მონასტრის ეზოში დამარხეს.

ექვთიმე გენათელმა სიცოცხლე გადასახლებაში დაასრულა. ორივე მღვდელმთავარი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

აჯანყების მოთავენი ზოგი ჩამოახრჩვეს, ზოგი გადაასახლეს. მიწასთან გაასწორეს შემოქმედის ციხე, სოფელი ფუსტიეთი და სხვა სოფლები დასავლეთ საქართველოში. მოსახლეობას უმკაცრესად გაუსწოდრნენ, რათა „დიდი ხანი დაამახსოვრდეთო"...

0

ავტორი: