04:44:36     19-03-2012
უფლისციხე (ნაქალაქარი)
უფლისციხე, კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი, მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით 10 კილომეტრის მანძილზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში. ფართობი 9,5 ჰა.
უფლისციხე შედგება სამი უბნისაგან და შეიცავს ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ანტიკური ხანის შიდა ქალაქისთვის (ციტადელისათვის) დამახასიათებელ კომპონენტებს: ზღუდეს, თხრილს, რამდენიმე შესასვლელს, გვირაბს, წყალსადენს, წყალსაწრეტი არხების ქსელს. უფლისციხის კომპლექსში შედის: გრძელი ნაგებობა, დასავლეთის ეკლესია, დიდეზოიანი და ერდოიანი სახლები, ერთსვეტიანი და კესონებიანი დარბაზები, კოხტა სახლი, მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, მიუვალი ნაგებობა, სადა ოთახი, მოხატულოთახიანი სახლი, ორსვეტიანი და ოთხსვეტიანი დარბაზების (მთავარი ტაძრის) კომპლექსი, უფლისწულის ეკლესია, ქარაფისპირა სახლი, ქუჩისპირა ბაქანი, შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი, წითელი ოთახის კომპლექსი და ა.შ. (ცალკეული ოთახების, დარბაზებისა და კომპლექსების სახელწოდებები პირობითია).
უფლისციხის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში გვხდება. საყურადღებოა ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა: „აშურიანს ზეით არს ულისციხე, კვერნაქის გამოკიდებულის კლდის გორასა ზედა, მტკუარის კიდესა, რომელი აღაშენა პირველად უფლოს, ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ჩინგისადმე, აწ არს შემუსვრილი. არამედ შენობა უცხო კლდისაგან გამოკუეთილი; პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებულნი კლდისგანვე; გვირაბი ჩახვრეტილ-ჩაკაფული მტკურამდე, დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, და მას შინა გამოკუეთილნი ქუაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუალ არს. აქა... გამოსული იხილვების სპა-ლაშქარნი შუბოსან-მშვილდოსანნი, ცხენოსანნი, გალაშკრებულნი, ნიშვნენ ნისნობად და უწოდებენ უფლისციხეს“.
უფლისციხის მრავალსაუკუნოვან ისტორიის ძირითადი ეტაპები გაირკვა არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად. ძეგლზე ჩატარებული კვლევის და განათხარი მასალები ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. არქეოლოგიური კვლევის შედეგად შესაძლებელი გახდა მისი რთული ცხოვრების ზოგადი ისტორიის გარკვევა, თავდაპირველი მშენებლობის დროის, არქიტექტურის დადგენა, მისი შემდგომი აღდგენისა და მრავალრიცხოვანი გვიანდელი გადაკეთებათა სამშენებლო ფენების გამოყოფა. მოპოვებული მასალები მოგვითხრობს უფლისციხელთა კავშირზე ურარტუს, ირანის, სომხეთის, მცირე აზიისა და ბერძნულ-რომაული სამყაროს სხვა რეგიონების კულტურულ ცენტრებთან.
ძვ. წ. II და I ათასწლეულის მიჯნაზე უფლისციხის მიდამოების დაბათა ერთ-ერთ ძლიერ თემს არსებული ბუნებრივი გამოქვაბულები საცხოვრებლად გამოუყენებია, გაუმართავს და სამოსახლოც სათანადოდ გაუმაგრებია.
ადრინდელ რკინის ხანაში (ძვ. წ. X-VI სს.) უფლისციხე შიდა ქართლის გაბატონებული თემის საცხოვრისი და სატომო გაერთიანების ბელადის (უფლის) ციხეა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე („უფლის“, „ბელადის“ ციხე-ქალაქი).
უფლისციხის თემს თანდათან დაუმორჩილებია ირგვლივ მდებარე დაბების მოსახლეობა. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში უფლისციხე შიდა ქართლის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური, ეკონომიური და კულტურული ცენტრი და დიდხანს სამეფო ქალაქიც იყო.
ძვ. წ. III-I საუკუნეებში უფლისციხე ტიპიური ელინისტური ქალაქია, თავისი ციტადელით, ქალაქითა და სასოფლო-სამეურნეო გარეუბნით, მეურნეობით, სოციალური იერით, აღებ-მიცემობით, ხელოსნური წარმოებით და ა.შ. იგი საკმაოდ დიდი რეგიონის სამეურნეო ცხოვრების ცენტრია და ფართოდაა ჩაბმული საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომოკურ ურთიერთობაში.
ახ. წ. I-III საუკუნეებში კვლავაც მნიშვნელოვანი საქალაქო და სამხედრო-სტრატეგიული ცენტრია, ამავე დროს, ამავე დროს წარმართული საკულტო ადგილიც.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV საუკუნის 30-იან წლებში) უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ ფეოდალურ ხანაში იგი მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ. VIII საუკუნიდან უფლისციხე ქართლის ქალაქებს შორის პირველობდა და საქართველოს არაბებისაგან გათავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი ფორპოსტი იყო.
IX-X საუკუნეებში ციხე-ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. აქ გაბატონებისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ ქართველი ბაგრატიონები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ უფლისციხემ თანდათან დაკარგა მნიშვნელობა. მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) პერიოდში იგი ძლიერ დაზიანდა. XV საუკუნეში უფლისციხე საბოლოოდ დაეცა, ხოლო გვიანდელ ფეოდალურ ხანაში დაიცალა მოსახლეობისაგან. შემდეგ უფლისციხეს თავს აფარებდა მტრისაგან აწიოკებული ახლო სოფლების მოსახლეობა.
ნაქალაქარში შემორჩენილია სხვადასხვა დროს კლდეში ნაკვეთი დარბაზები, სათავსები და ცალკეული ნაგებობები.
ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დარბაზები და ნაგებობები გამორჩევა დიდი ზომებით, გეგმარებისა და არქიტექტურული ფორმების გეომეტრიული სიზუსტით, მორთულობის მაღალმხატვრული შესრულებით. კლდე რკინის იარაღით არის ნაკვეთი. ანტიკური ხანის ოსტატების კლდის ზედაპირს განსაკუთრებული გულმოდგინებით ამუშავებდნენ და ამიტომაც მას იარაღის კვალი არ ეტყობა. ფეოდალური ხანის დარბაზები შედარებით დაუდევრად არის გამოკვეთილი. მათ აშკარად ეტყობათ დამუშავებისა და საკვეთი იარაღის კვალი.
უფლისციხეში, გარდა კლდეში ნაკვეთი დარბაზებისა, შემორჩენილია ჩვეულებრივი წესით ნაშენ ნაგებობათა ნაშთებიც. მათ შორის ანტიკური ხანის შენობები ნაგებია კარგად გათლილი და დამუშავებული კირქვის მოზრდილი კვადრატებით. წყობა მშრალია. კვადრები ერთმანეთთან დაკავშირებულია მერცხლის კუდის ფორმის ფოსოებში ჩასმული ლითონის სოლებით. ფეოდალური ხანის ნაგებობათა უმეტესობა ნატეხი ქვით არის ნაგები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილია აგურისა და ალიზის შენობებიც.
(გაგრძელება იქნება)
0