ცხინვალის რეგიონი საშიში ნარჩენების სამარხი ხდება ცხინვალის რეგიონი საშიში ნარჩენების სამარხი ხდება />


  11:52:00     17-03-2012

ცხინვალის რეგიონი საშიში ნარჩენების სამარხი ხდება

a16195.jpg

უპატრონოდ მიტოვებულ ცხინვალის რეგიონში საშიში ნივთიერებების ნარჩენების სამარხის აგებას აპირებენ. ამის შესახებ ოსი ბლოგერი სოსლან ოსი წერს. ის ამბობს, რომ „სამხრეთ ოსეთსაც“ იგივე ბედი ელის, რაც ჩრდილოეთ ოსეთს დაემართა, სადაც უკვე წლებია, ქარხანა „ელექტროცინკი“ წამლავს მოსახლეობას და მათ შორის, ჯერ არდაბადებულ ბავშვებს.

ბლოგერის ინფორმაციით, რომლის გაჟღერებასაც ის სასიცოცხლოდ აუცილებლად მიიჩნევს, რუსეთის ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანია, რომლის შემადგენლობაშიც შედის აღნიშნული „ელექტროცინკი“, ჩრდილოეთ ოსეთიდან ახლა „სამხრეთ ოსეთისკენ“ მოიწევს, სადაც განსაკუთრებულად ნოყიერი ნიადაგი სწორედ ახლა დახვდება, ვიდრე ბროვცევია ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

„რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ, რაც ბროვცევი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, რესპუბლიკაში შეიყვანეს „ელექტროცინკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი პაველ ავდეევი. ეხლა ის სახელმწიფო მრჩეველია და ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე ასე იქნება. საქმის არსი მოკლე და გასაგებია: ჩვენთან უკვე ღიად საუბრობენ, რომ უხმაუროდ ცდილობენ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შექმნან ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანიის სამარხი. ალბათ, ამ კომპანიას აქვს რაღაც ისეთი, რომლის დამალვის უფლებას რუსეთის ტერიტორიაზეც კი არ აძლევენ ან ძვირი უჯდებათ, მაგალითად, ურანის მადნის ნარჩენები ან რაღაც ისეთი, არ ვიცი…“ - წერს ბლოგერი.

მისი აზრით, ახლა, როცა ცხინვალის რეგიონი „უპატრონო მდგომარეობამდეა მიყვანილი“ ამ გეგმის რეალიზაცია უპრობლემოდ შეძლება. მით უმეტეს, რომ ვადიმ ბროვცევმა ცოტა ხნის წინ სრულიად უსაფუძვლოდ და არგუმენტაციის გარეშე გააუქმა ყოველგვარი კონტროლის მექანიზმი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საზღვარზე, სადაც აღარანაირი მაკონტროლებელი აღარ დგას და ვერც ვერავინ აფიქსირებს, რა გადის და რა შემოდის რეგიონში. ხოლო, როცა ბროვცევის გადაწყვეტილება ადგილობრივებმა გააპროტესტეს, მოწინააღმდეგეებს რუსეთისა და პუტინის მოღალატეები უძახეს.

„გამოდის, რომ საოცრება არ მომხდარა, - წერს ოსი ბლოგერი. - ვიღაცას, უბრალოდ, სჭირდება, სამხრეთ ოსეთში ნარჩენები შემოიტანოს და დამარხოს. თანაც, უხელისუფლებობით  სარგებლობს. დანარჩენი კი უკვე ტექნიკისა და ისეთების საქმეა, როგორიცაა, ვთქვათ, ზემოხსენებული ავდეევი. საშიში ნარჩენების სამარხი დიდი ფულის მომტანი საქმეა. ახლა „ზევითაც“ არავინ იტყვის „შეჩერდით“. პრინციპში, ნოემბრამდეც, იქ, პირადი პრობლემების მოგვარებით იყვნენ დაკავებულები და რესპუბლიკა დავიწყებული ჰქონდათ“.

ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანიის ქარხანა „ელექტროცინკი“ ჩრდილოთ ოსეთში არაერთხელ გახდა მასშტაბური საპროტესტო, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სანქცირებული აქციის მიზეზი. ეკოლოგები ატმოსფეროს დაბინძურებაზე  საუბრობდნენ და ქარხნის სასწრაფოდ ქალაქის გარეთ გატანას ითხოვდნენ. ერთადერთი, რაც მოსახლეობას აკავებს, არის ის, რომ „ელექტროცინკში“ რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული და რუსეთი ამ ადამიანების ნელი სიკვდილის კომპენსირებას, არსებობისათვის საჭირო კაპიკებით ახდენს.
0

ავტორი: