21:48:14     16-03-2012
სკანდალი: სმოლენსკში კაჩინსკის თვითმფრინავის ფრაგმენტებითა და სისხლიანი ტანსაცმლის ნაფლეთებით ვაჭრობენ

პოლონეთის სამხედრო პროკურატურა, ვარშავის რაიონის ბურგომისტრის სკანდალურ განცხადებას სწავლობს. პეტრე გუზალი ამბობს, რომ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ფრაგმენტები და ტრაგედიის მსხვერპლთა სისხლიანი ტანსაცმლის ნაფლეთები სმოლენსკში მოროდიორებისთვის ვაჭრობის საგნადაა ქცეული.
ცოტა ხნის წინ, სმოლენსკში პოლონეთის დელეგაცია იმყოფებოდა, მათ შორის იყო გუზალიც. დელეგაციის წევრებმა 2010 წლის 10 აპრილს მომხდარი ავიაკატსტროფის ადგილი დაათვალიერეს, სადაც პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლები, - სულ 96 ადამიანი დაიღუპა. როგორც ვარშავის ბურგომისტრი ამბობს, ამ დროს მის სიახლოვეს გაჩერდა მანქანა, საიდანაც მამაკაცი გადმოვიდა და გუზალს კაჩინსკის თვითმფრინავის ფრაგმენტები და ტანსაცმლის ნაგლეჯები საჩუქრად შესთავაზა. გაირკვა, რომ უცნობ მამაკაცს ეს ყველაფერი ერთი თვის წინ ჯართის შემგროვებლისგან 250 რუბლად ჰქონდა ნაყიდი.
გუზალი ამბობს, რომ ამ ნარჩენებით სავსე 3 ჩანთა მამაკაცს ავტოფარეხში ჰქონდა შენახული. ეს იყო ლითონის ნაჭრები და მამაკაცის შარვლისა და პიჯაკის ნაფლეთები.
„როცა ვნახეთ, დიდი ალბათობით, ჩვენი თვითმფრინავის ნამსხვრევები, შოკში ვიყავით. მე ხელში ავიღე ფიუზელაჟის ნამტვრევი - შეგრძნება მქონდა, რომ ხელში კუბოს ნაწილი მეკავა. ტალახსა და თიხაში ამოვლებულ დალაქავებულ შარვალს კი, რომელიც სისხლს ჰგავდა, საერთოდ ვერ შევეხე“ - ყვება ჩინოვნიკი.
მისი თქმით, „რუსებს არ სურთ ეს ნივთები და საგნები, რომელიც მათ აღმოაჩინეს, პოლიციასა და ხელისუფლებას გადასცენ, რადგან მათ არ ენდობიან“.
გუზალი, პირველ რიგში, ადანაშაულებს პოლონეთის ხელისუფლებას, რომელმაც მისი თქმით, შესაბამისი პატივი და ყურადღება არ გამოიჩინა და ეს ნარჩენები მოროდიორების ვაჭრობის საგნად აქცია. მისი თქმით, კატასტროფის ადგილზე არ ჩასულან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ამ ყველაფერს პოლონეთში ჩაიტანდნენ.
როგორც გაირკვა, შეთავაზებული 3 ჩანთა, გუზალს პოლონეთში არ წაუღია. სმოლენსკიდან დაბრუნების შემდეგ, მომხდართან დაკავშირებით, ჩინოვნიკებმა სამხედრო პროკურატურას მიმართეს. 0