14:07:02     16-03-2012
„ქართული ოცნება“ სამოქალაქო ომზე ოცნებობს

„ქართული ოცნების” წევრის ირაკლი ალასანიას ინფორმაციას - ზუგდიდში, სპეციალური პოლიციური დანაყოფების არსებობასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი კატეგორიულად უარყოფს და განმარტავს, რომ დასავლეთ საქართველოში, შექმნილია ნებაყოფლობითი რეზერვი, რომელიც მოსახლეობის სამხედრო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მუშაობს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, ამ რეზერვის არსებობის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე და ყველასთვის ღიაა.
მისი თქმით, ვინაიდან, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, თავდაცვის სამინისტრომ ზრუნვა მოსახლეობის უნარ-ჩვევების ამაღლებაზე დაიწყო, რაც მათ კრიტიკული ვითარების შემთხვევაში გამოადგებათ.
„ამ რეზერვის შესახებ, რამდენიმე სატელევიზიო გადაცემაც მომზადდა. მისი ამოცანაა, მოსახლეობის სამხედრო უნარ-ჩვევების ამაღლება და ეს დაფარული არავისთვისაა. რეზერვის მომზადებას, თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს და რეზერვში წასვლა ნებაყოფლობითია. პროექტი ღიაა და არავის დაუმალავს, რომ ადამიანები იკრიბებიან, თუმცა, ის, რაზეც ალასანია საუბრობს სრული აბსურდია, რადგან მსგავს შემთხვევაში, გადაცემას არავინ მოამზადებდა” - დასძინა წიკლაურმა.
კანონმდებელის ინფორმაციით, საზოგადოების სამხედრო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, მსგავსი შეკრებები სამეგრელოს გარდა, ქართლშიც იყო და ის, მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის თბილისს.
„ერთი კვირის განმავლობაში, რეზერვში მომზადებას გადიან, თავდაცვის სხვადასხვა საშუალებებს ეუფლებიან და მას შემდეგ, რაც სახლებში ბრუნდებიან, თან არც იარაღი აქვთ და არც ფორმები”, - აცხადებს კანონმდებელი.
აღსანიშნავია, რომ საკითხზე საუბრისას, დეპუტატი აქცენტს – ალასანიას განცხადების კონტექსტზე აკეთებს და ამბობს, რომ ალასანია სამოქალაქო ომზე ლაპარაკობს.
„რაც შეეხება ალასანიას განცხადების მეორე მხარეს, ის რაღაც სამოქალაქო ომზე ლაპარაკობს, რაც შემაშფოთებელია და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუ ის ერთის მხრივ, ხელისუფლებასა და შეუიარაღებელ ფორმირებებს გულისხმობს, მაშინ, მეორე მხარეს, ვიღაც უნდა იყოს, რომელსაც აქვს იარაღი, ხომ? შეიძლება ეს არის წამოცდენა, მაგრამ თუკი „ქართულ ოცნებას” ამ შეიარაღებულ ფორმირებებთან კავშირი აქვს, მაშინ ამას უფრო მეტად სამართალდამცავები დააკვირდებიან” - დასძინა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ალასანიამ განაცხადა, რომ ზუგდიდში, სპეციალური პოლიციური დანაყოფები იქმნება, რომელსაც ხელისუფლება არჩევნების შემდეგ გამოიყენებს.
0