06:33:33     16-03-2012
ხვალ, გალაკტიონის გარდაცვალების დღეს, პოეზიის მოყვარულები მის საფლავთან შეიკრიბებიან
1959 წლის 17 მარტს, ქართულმა პოეზიამ უდიდესი დანაკლისი განიცადა, ქართველ ხალხს მოუკვდა უბრწყინვალესი პოეტი გალაკტიონი - პოეტების მეფე.
17 მარტს, შაბათს, 14:00 საათზე გალაკტიონის გარდაცვალების 53 წლისთავთან დაკავშირებით ქართველი პოეტები და საზოგადო მოღვაწეები ტრადიციულად პატივს მიაგებენ პოეტის ხსოვნას...წაიკითხავენ გალაკტიონისადმი მიძღვნილ ლექსებს, ისაუბრებენ გალაკტიონზე!
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მზადდება წიგნი თანამედროვე 100 ავტორის ერთი ლექსი გალაკტიონისადმი.
გალაკტიონის შემოქმედების არა ერთი თაყვანისმცემელი დაესწრება აღნიშნულ შეკრებას მთაწმინდის პანთეონში, წაიკითხავენ პოეტების მეფის უკვდავ ლექსებს.
ქართველი ემიგრანტებიც უერთდებიან: „ათენის საზოგადოებრივი რადიოს ქართული გადაცემების რედაქცია გეგმავს შაბათს, თბილისის დროით 15 საათიდან 16 საათამდე მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმოს გალაკტიონის ხსოვნას. ამჯერად ჩვენ აქედან გიერთდებით და გეხმიანებით!“
ჩვენც გავიხსენოთ გალაკტიონის რამდენიმე ლექსი.
ჰორიზონტიდან ზენიტამდე
ჰორიზონტიდან
ზენიტამდე მხოლოდ ვარდებით,
წითელ ვარდებით
შენი კვალი დაიფარება...
გზას, სევდიან გზას
მოვხიბლავთ და შევუყვარდებით,
ჩემი სიცოცხლე, ჩემი ქნარი
თუ გეყვარება!
ჰორიზონტიდან
ზენიტამდე შენს წარმტაც სახელს
ყოველი სული და სიცოცხლე
გაიმეორებს,
მყინვარი დახრის შუბლს ამაყს და
ფიქრთ გამომსახველს,
შენის სახელით ამოსჭედავს
მთებსა და გორებს.
ჰორიზონტიდან
ზენიტამდე ღრუბელთა გუნდი
ძირს დაეშვება, ლბილ საწოლად
რომ გაგეშალოს...
მე იალქანად გადვიქცევი,
ოღონდ დაბრუნდი...
ცეცხლს ნუ მისცემ სულს,
რომ იწვალოს და ივალალოს!
ჰორიზონტიდან
ზენიტამდე ალვის მწვერვალებს
წაუჩურჩულებს შენსა სახელს
ზღვის ნიავ-ქარი,
და ის სახელი დასწვავს ზეცის
მიბნედილ თვალებს...
ოღონდ დაბრუნდი... ოჰ, დაბრუნდი
და სთქვი ზღაპარი!
ჰორიზონტიდან
ზენიტამდე მნათობთა კვალი
შენს ლამაზ ფეხთა საბილიკოდ
გადიჯაჭვება...
ოღონდ მასმინე კვლავ შენი ხმა
წყლულთა დამცხრობი,
ოღონდ მაღირსე შენი ნახვით
ის ტკბილი შვება.
იქ პოეზიის ფრიალებს დროშა
ზღვაში გადვისვრი ბედითი ბადეს,
რომ ოქროს თევზი მოჰყვეს ცბიერი,
მისი დანახვა მრავალჯერ სცადეს,
მე კი ნამდვილად ვარ ბედნიერი.
ზღვაში ჩავაგდებ საოცარ ანკესს,
აჰა, სირენას ამოჰყვა გული,
იგი მომასმენს მშვენიერ ჰანგებს
და მე ნამდვილად ვარ მოხიბლული.
დღე გაჟღენთილა ქროლვით მზიანით,
სადღაც, სხვა მხარეს გადანატანი,
ზღვა ღელავს ისევ ხალისიანი,
დღე ელავს, როგორც ცეცხლის მადანი.
მისცურავს გემი, ტრიალებს ზვირთი,
ჩვენ გავაყოლეთ ხომალდებს კვალი,
იქ პოეზიის ფრიალებს დროშა
და დროშებს შურით გასცქერის თვალი.
შერიგება
ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.
დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს
და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,
მაისი ალით ააზამბახებს,
ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.
ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,
ლამაზი შუქთა მარადი ნთებით:
მე - მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,
მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით.
ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე
მშვენიერების ლექსით მქებელი:
დღეს ყველგან მზეა და სილამაზე
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი!.