კონსტანტინე გამსახურდია შალვა დადიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კონსტანტინე გამსახურდია შალვა დადიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით />


  07:00:39     15-03-2012

კონსტანტინე გამსახურდია შალვა დადიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

a16130.jpg

1959 წლის 15 მარტს, გარდაიცვალა შესანიშნავი ქართველი მწერალი შალვა დადიანი.

შალვა დადიანი დაიბადა 1874  წლის 8 მაისს, დაბა ზესტაფონში, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. ნიკოლოზ (ნიკო) დადიანი იყო ცნობილი და პატივცემული ადამიანი მთელ საქართველოში – პოეტი, ისტორიკოსი, პედაგოგი, ექიმი, ასტრონომი. მასთან მეგობრობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი და სხვები.

შალვა დადიანმა განათლება მიიღო შინ, მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. მის ოჯახში, ბევრ რამეს ისწავლიდა ადამიანი. უნდა აღინიშნოს, რომ ცნობილი პოეტი და მწერალი დუტუ მეგრელიც ნიკო დადიანის ოჯახში აღიზარდა.

მომავალი მწერალი, სიჭაბუკიდანვე გატაცებული იყო პატრიოტული და სოციალური სამართლიანობის თემებით.  სწორედ ამ იდეებითაა გამსჭვალული მისი ლექსების პირველი კრებული “ნაპერწკალი”, რომელიც 1892 გამოვიდა. ასევე მისი პროზაული მინიატურები, რომლებიც 1896 წლიდან იბეჭდებოდა გაზეთ “ივერიაში”.

1896 წელს, შალვა დადიანს გაუგზავნია თავისი პირველი მოთხრობა “წმინდა ცრემლები” გაზეთ “ივერიაში”. მაშინ “ივერიის” რედაქტორი ილია ჭავჭავაძე გახლდათ.  

„წარმოიდგინეთ ჩემი გახარება, - იგონებდა შემდეგ შალვა დადიანი, - როდესაც გაზეთის ფელეტონში ჩამწკრივებულად, ჩემი მოთხრობა დავინახე.”

სიყმაწვილიდანვე გატაცებული იყო თეატრით. 1893 წელს, 19 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო  კოტე მესხის რეჟისორობით დადგმულ „მარგარიტა გოტიეში,”’ რომლის თარგმანიც მასვე ეკუთვნოდა. სცენაზე, შალვა დადიანი, “ქუჯის” ფსევდონიმით გამოვიდა. შემდეგში, შალვა დადიანი გახდა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი ქუთაისის თეატრში.

1905 წლიდან იწყებს დრამატურგიულ შემოქმედებას. მისი პიესა “მღვიმეში” ალეგორიული ფორმით წარმოადგენს ბრძოლას ეროვნული და სოციალური თანასწორობისათვის. შემდეგ ამას მოჰყვა პიესა "როს ნადიმობდნენ”, “გუშინდელნი” და სხვა.

1908 წელს შალვა დადიანმა ჩამოაყალიბა “მოძრავი დასი”, რომელიც დგამდა სპექტაკლებს საქართველოს ქალაქებში, ბაქოში, ნოვოროსიისკში. იმპერიის ცენზურის აკრძალვის მიუხედავად, “მოძრავმა თეატრმა” დადგა მაქსიმ გორკის პიესა - “უკანასკნელნი.

შალვა დადიანი ითვლება კომედიური ჟანრის ფუძემდებლად ქართულ დრამატურგიაში. მის პიესებში, მხილებულია ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გამოვლინებანი.
 
თავის დრამატურგიაში შალვა დადიანი ცდილობდა ტრადიციული ჟანრის აღორძინებას (მაგალითად, “თეთნულდი”).

შალვა დადიანის რომანი “გიორგი რუსი”, რომელიც თამარის ეპოქას ასახავს, ქართული რომანის ერთ-ერთ მიღწევად ითვლება. ხოლო რომანი “გვირგვილიანების ოჯახი”, რეალისტურად გადმოგვცემს ზედა ფენების, რუსეთის მორჩილი არისტოკრატიის გახრწნილ და უბრალო ადამიანების უმძიმეს მდგომარეობას.

შალვა დადიანი არის მრავალი მოთხრობის, ნოველის, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილის ავტორი. მან თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის და სხვების პიესები. წლების მანძილზე, იგი იყო საქართველოს მსახიობთა კავშირის ხელმძღვანელი, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე. მას სცენაზე 200 მეტი როლი აქვს განსახიერებული. ასევე მოღვაწეობდა როგორც რეჟისორი. მის პიესებს ხშირად დგამდნენ.

აღსანიშნავია, მისი სცენარებით გადაღებული ფილმები: “უჟმური”, “ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე”, “ქარიშხლის წინ”, “მოძღვარი”, “არსენა ჯორჯიაშვილი”. თავადაც არა ერთ ფილმში ითამაშა („შავი მთებში”, “ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე”, “ქარიშხლის წინ”, “მოძღვარი”, “სურამის ციხე”, “არსენა ჯორჯიაშვილი”).

ჯერ კიდევ 1923 წელს შალვა დადიანის ბენეფისზე იოსებ გრიშაშვილს უთქვამს: “ქართული კულტურის რომელი დარგიც არ უნდა დავასახელოთ, შალვა დადიანი, როგორც სამფერი ძაფი, ნაზად ექსოვება ჩვენს ეროვნულ ხალიჩას… შალვა დადიანი, როგორც მწერალი, სულ ახალი მოვლენაა ჩვენთვის. მისი ყოველი სიტყვა ყალიბშია ჩამდგარი, მოკვეთილი და თავაზიანია… შალვა დადიანის კალამმა იცის თავისი საზღვრები; სად უნდა დაიხიოს და სად გადავიდეს შეტევაზე.”

როგორც ვთქვით, შესანიშნავი მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე და რესპუბლიკის სახალხო არტისტი შალვა დადიანი გარდაიცვალა 1959 წლის 15 მარტს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში.

ქართველმა ხალხმა, შალვა დადიანის ნეშტს მთაწმინდის პანთეონში მიუჩინა უკანასკნელი განსასვენებელი. ზუდგიდის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, მინიჭებული აქვს შალვა დადიანის სახელი.

გთავაზობთ კონსტანტინე გამსახურდიას წერილს „შალვა დადიანი“.

შალვა დადიანი

სამარადისოდ წავიდა ჩვენგან ქართული მწერლობის უსაჩინოეს ოსტატთაგანი, დიდი მოამაგე ქართული თეატრისა.

დიდი ილიას დაღუპვის შემდეგ ასეთი მრავალფეროვანი ბუნების მოღვაწე ჩვენ არა გვყოლია.

შალვა დადიანი მხარს უმშვენებდა ერთის მხრით ილიასა და აკაკის, მეორეს მხრით ვასო აბაშიძეს, ვალერიან გუნიასა და ლადო მესხიშვილს. მეცხრამეტე საუკუნის საქართველოსათვის მწერლობა და თეატრი - ეს იყო ორი სახატე ერთი და იმავე ღვთაებისა.

შალვა დადიანმა თავისი ხანგრძლივი ცხოვრება შესწირა ამ ორთა სამსახურს. როცა რომელიმე ერს ეროვნული სახელმწიფო დაენგრევა, იგი განსაკუთრებულის სიმძაფრით მოეჭიდება ამ ორ დიდ ფაქტორს სულიერი ცხოვრებისას.

აგრე მოხდა მეცხრამეტე საუკუნის ქართული კულტურის ისტორიაში. ამიტომაც ქართველი ერი ამ ეპოქის მწერლებში ხედავდა ერის მესვეურს, საზოგადო მოღვაწეს და ხალხისთვის თავდადებულს.

სპქტაკი ბიოგრაფია ამკობს ყოველ მოქალაქეს, მით უმეტეს ხელოვანს. შალვა დადიანს ამშვენებს მისი ბიოგრაფია. რომელიმე გულარძნილი ნაშიერი იმავე წოდებისა, თავის დიდგვაროვნებას ჩინებულად გამოიყენებდა იმპერატორის სასახლის კამერჰერების, სენატორების და გენერალ-გუბერნატორების ეპოლეტების მისაღებად.

შალვა დადიანმა, ამას ყოველივეს არჩია ქართველი მწერლის,  ქართველი არტისტის სვეგამწარებული ცხოვრება.

ჩვენი ეპოქის ახალი თაობისათვის, რომელსაც თავათ განუცდია სიტკბო სახელმწიფური მზრუნველობისა მწერლობისა და თეატრის მიმართ, იოლად წარმოსადგენი როდია ის გზა წამებისა, რომელიც გაუვლიათ ი. ჭავჭავაძესა და ვ. აბაშიძეს, ა. წერეთელსა და ვ. გუნიას, ლ. მესხიშვილსა და შ. დადიანს.

ამ დიდი წამებისათვის შემოსა ისინი ქართველმა ხალხმა განუზომელი სიყვარულითა და პატივისცემით.

შალვა დადიანის დაკარგვამ ისეთი ტკივილი მოგვაყენა, რომ მისი დიდი ღვაწლისა თუნდაც ზერელედ აღნისხვაც ამჟამად შეუძლებელია.

მე ჯერაც თვალწინ მიდგას მისი ჭკვიანი თავი, ლომური ფაფარით დამშვენებული, მისი დარბაისლური მიხვრა-მოხვრა, რაც უმთავრესია, მისი მოსიყვარულე გულის დიდი სიტფო.

შალვა დადიანის შეურყეველ ბუნებას ახლოსაც არ გაჰკარებია ზოგიერთი ხელოვანისათვის დამახასიათებელი ეგოცენტრიზმი, საკუთარი სახელის განდიდებისათვის გააფთრებული ბრძოლის ჟინი, რომელსაც თან მიჰყვება ხოლმე თანამოკალმეთა ზურგს უკან გაქირდვა და ლიტერატურული ოინბაზობა.

ინგლისურ „ჯენტლმენზე“ უფრო ხელმარჯვე სიტყვა გვაქვს ქართულად „დარბაისელი“.

ჩვენს ხელოვნებაში მოჭირნახულე ახალი თაობები ბევრ რამეს ისწავლიან შალვა დადიანის მწერლური და არტისტული შემოქმედების სფეროდან, მისი დარბაისლობა და კაიკაცობა მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს მათთვის.

ისევე, როგორც დიდ ილიას, შალვა დადიანსაც ბევრი დრო და ენერგია წაართვა თეატრმა და საზოგადო მოღვაწეობამ, მიუხედავად ამისა, მან შესძლო მოეხვეჭა ქართული პროზის ერთ-ერთი შესანიშნავი ოსტატის სახელი.

დაუვიწყარია შალვა დადიანის რომანი „გიორგი რუსი“. ავტორის უფაქიზესი ტაქტი ქართველი ხალხის სათაყვანებელი გმირის თამარის პირადი ცხოვრების მხატვრულ განსახიერებისას.

შალვა დადიანმა თავის უკანასკნელ რომანში „გვირგვილიანების ოჯახი“ შესანიშნავი ოსტატობით დაგვიხატა ქართველი ხალხის გმირული ბრძოლა 1905 წლის რევოლუციაში, ამ ეპოქის ხასიათები და ადამიანები.

შალვა დადიანი თვით ძველ დროში განირჩეოდა თავისი ჰუმანიზმით, პროგრესულობით, ახალ ეპოქაში იგი დაუღალავად ემსახურებოდა ხალხთა შეძმობის დიდ იდეას, ამიტომაც უჩვეულო პატივისცემა დაიმსახურა მან მთელი საბჭოეთის ერების გულში.

აღარა გვყავს პატრიარქი ქართული მწერლობისა, დარბაისელი ვაჟკაცი და შესანიშნავი ხელოვანი, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდის იყო ჭეშმარიტი მიჯნური საქართველოს ტრაგიული ისტორიისა, მესაიდუმლოე ქართული ბუნებისა. ქართველი ხალხის უანგარო მსახური და მისთვის თავდადებული მოამაგე.

1959 წელი

0

ავტორი: