16:51:15     14-03-2012
რუსეთის დუმაში, ლავროვს „საქართველოს საათი“ ჰქონდა

რუსეთის დუმას, დღეს, „საქართველოს საათი“ ჰქონდა. კანონმდებლებს საგარეო საქმეთა მინისტრი აბარებდა ანგარიშს. სერგეი ლავროვმა თავისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოზე საუბარს დაუთმო, თუმცა მინისტრს, ახალი, თითქმის, არაფერი უთქვამს.
ლავროვმა გაიმეორა მოსკოვის წინადადება, რომ ძალიან სურს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, თუმცა ვერ აკეთებს ამას, რადგან საქართველო მის მიერ წამოყენებულ პირობებს არ ასრულებს.
საგრეო უწყების ხელმძღვანელმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთის ვიზებს იმ შემთხვევაში გააუქმებს, თუ საქართველო, თავის მხრივ, უარს იტყვის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონზე.
„ჩვენ მზად ვართ შემოვიღოთ უვიზო რეჟიმი, მაგრამ ჯერ შეცვალონ ეს კანონი, ეს ნორმა, რადგან ჩვენი მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, თუ სად მიდიან და იქ რა ემუქრებათ… საქართველოში მოქმედებს ე.წ. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის თანახმადაც, ადამიანს, რომელიც აფხაზეთსა ან სამხრეთ ოსეთშია ნამყოფი, სისხლის სამართლებრივი დევნა და 2-დან 4 წლამდე სასჯელი ემუქრება“ - განაცხადა მან.
თავისი ძვირფასი დროის ნაწილი სერგეი ლავროვმა საქართველოსა და აშშ-ის ერთობლივ სამხედრო სწავლებასაც მიუძღვნა და ამ შემთხვევაშიც, ტრადიციული შეფასება გააკეთა:
„ერთობლივი სამხედრო სწალება, რომელიც დღეს იწყება, პროვოკაციულად გამოიყურება“ - განაცხადა მან.
ლავროვმა საჭიროდ ჩათვალა იმ ბრალდებებზეც ეპასუხა, რომელიც კრემლის მიმართ არა მხოლოდ საქართველოდან გაისმის. კერძოდ, საუბარია რუსეთის მიერ გაჩაღებულ „მსოფლიო ვაჭრობაზე“ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების მიზნით. როგორც ცნობილია მოსკოვმა ზოგიერთ კუნძულოვან სახელმწიფოსა და ლათინური ამერიკის ქვეყანას ამისათვის ფული გადაუხადა, რაზეც ცოტა ხნის წინ ავსტრალიური მედია დეტალურად წერდა.
ლავროვმა, რა თქმა უნდა, ეს ბრალდებები უარყო, თუმცა დაადასტურა, რომ მოსკოვი ყოველმხრივ უჭერს მხარს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და „საერთაშორისო არენაზე“ პოზიციების „გაფართოებას“.
0