11:07:13     14-03-2012
ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ისრაელი საქართველოს თანადგომას ჰპირდება...

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ებრაელ კოლეგას - რუვენ რივლინს შეხვდება.
ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში, პარლამენტის სპიკერი, ისრაელსა და საქართველოს შორის, სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, სამ-ოთხ თვეში, დიპლომატიურ პირთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი ძალაში შევა, ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის კი, სავიზო შეღავათები, შესაძლოა, წლის ბოლოს ამოქმედდეს.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, დავით ბაქრაძე კოლეგებთან, ებრაული კომპანიების ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლისა და ტურისტულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ისრაელში ვიზიტი, იერუსალიმში ქართული სახლის მოინახულებით დაიწყო, რომელიც 2007 წლიდან არსებობს. ბაქრაძემ, იქ მოღვაწე ქართველ დედებს ღვთისმშობლის ხატი გადასცა. დედა ევგენიამ, პარლამენტის თავმჯდომარეს მათდამი თანადგომისთვის პირადად მადლობა გადაუხადა.
ვინაიდან, დავით ბაქრაძის ოფიციალური შეხვედრების მთავარი თემა - იერუსალიმში ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების დაწყებაა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პირველად, ამ საკითხზე, ისრაელის რელიგიის საკითხებში მინისტრთან - იაკობ მარგთან ისაუბრა და აღინიშნა, რომ ისრაელის ხელისუფლება, მთლიანად უნდა იყოს ინფორმირებული საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით.
„ბუნებრივია, რომ ჯვრის მონასტერი იერუსალიმის საპატრიარქოს მფლობელობაშია და რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან ძირითად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში, ისრაელის სახელმწიფო და მთავრობა იყოს ადეკვატურად ინფორმირებული და ჩართული, ვინაიდან სწორედ მათი ტერიტორიაზე მდებარეობს მონასტერი და ამ სახელმწიფოს მთავრობის პოზიციას, ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის მთავრობა ამ პროცესს, მხარს უჭერდეს. სწორედ, ამაზე ვისაუბრეთ რელიგიის საკითხებში მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე. მან აღნიშნა, რომ საკუთარი კომპეტენციისა და მანდატის ფარგლებში, მზად იქნება შეეცადოს, დაგვეხმაროს, მოძებნილი იქნას ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ისრაელის რელიგიის საკითხებში მინისტრმა - იაკობ მარგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლება მზად არის, საქართველოს, მოლაპარაკებების წარმართვაში და ამ საკითხის ყველა მხარისთვის სასიკეთოდ მოგვარებაში დაეხმაროს.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ჯვრის მონასტრის თემაზე ვისაუბრეთ. ეს პრობლემატური და ფრთხილი საკითხია. სავარაუდოდ, ამ საკითხზე საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და ჩვენი ქვეყნის მეთაურთანაც გაიმართება. აღნიშნულ საკითხში, სამი მხარეა ჩართული. ვფიქრობ, რომ ისრაელმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს, რომ მოლაპარაკებები ყველა მხარისთვის მისაღები შედეგით დასრულდეს. ჩართულია საბერძნეთის ეკლესიაც, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებს, რომ ქართულ მხარეს დავეხმაროთ“, - განაცხადა იაკობ მარგმა.
ისრაელში ვიზიტისას, პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფრიდონ თოდუა და პარლამენტის წევრი არჩილ გეგენავა იმყოფებიან.
0