05:41:17     09-04-2012
სააღდგომო ტრადიციები
წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა. წარმართმა ტიბერიუსმა მიუგო: მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამის თქმაზე კვერცხი გაწითლდა. ნიშნად ასეთი დიდი სასწაულისა, ქრისტიანებში ტრადიციად იქცა სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა.
კვერცხებს წითელ პარასკევს ღებავენ იმის მოსაგონებლად, რომ ამ დღეს ჯვარს აცვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
წითელი კვერცხი – აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოა, მისგან ხომ წიწილები და ბარტყები იჩეკება. წითელი ფერი კი იესო ქრისტეს წმიდა სისხლის ფერია. აღდგომის კვერცხი ნიშანია ქრისტეს წმიდა სისხლით გაწმედილი ჩვენი მარადიული ცხოვრებისა
ჯეჯილი
ბზობის კვირას მორწმუნეების ძველი ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით, ხორბალს თესენ. ამისთვის, ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას და მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოფანტავენ. ხორბალი ღვივდება და იზრდება ჯეჯილი.
ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ.
მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც ჩვენ იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით.
პასკა
პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ და მიირთმევენ იესო ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად. იგი არის იმ მთის სიმბოლო, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. პასკა აგრეთვე აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოცაა.
ადრე, რაჭის ერთ-ერთ ეკლესიაში, თურმე გრძელი მილის ფორმის საკრავი ინახებოდა, რომელიც საკმაოდ მოზრდილი ყოფილა. მასზე ყველა ვერ უკრავდა. შიგ კარგად რომ ჩაებერა, დამკვრელი ძლიერი უნდა ყოფილიყო. საკრავი მეჭონეებს თავიანთი მსვლელობის დროს დაჰქონდათ და თითოეულ ეზოში სიმღერის ნაცვლად მასში სამჯერ ჩაჰბერდნენ. ნასიამოვნები მასპინძელი კი სააღდგომო კვერცხებითა და ტკბილი კვერებით ასაჩუქრებდა.
იმერეთში აღდგომის ღამეს ეკლესიის ზარების რეკვასთან ერთად ბუკის ძახილიც სცოდნიათ. მამლის პირველ ყივილზე ეს ხმა ხალხს წირვაზე დასასწრებად უხმობდა. ამბობენ, რაც არ უნდა შორს სძინებოდა კაცს, აუცილებლად გამოფხიზლდებოდა და მამლის მესამე ყივილზე უკვე ტაძარში მიდიოდა.
სამეგრელოში სააღდგომო წირვა შუაღამით იწყებოდა. ტაძარი ხალხით ივსებოდა და ყველგან უამრავი სანთელი ენთო. ბოლოს „ქრისტე აღდგას“ გალობით ყველანი შინ ბრუნდებოდნენ.
მეჭონეების ხელცარიელი გაშვება ცუდის ნიშანი იყო. ყველა ცდილობდა, მახარობლები დაესაჩუქრებინა, ზოგი ტკბილეულითა და კვერებით უმასპინძლდებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად მათ წითელი კვერცხი უგროვდებოდათ. შემდეგ ერთად იკრიბებოდნენ, შეგროვილი სანოვაგით ილხენდნენ და ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ.
0