რკონის ციხე (ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიიდან) რკონის ციხე (ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიიდან) />


  15:21:46     06-04-2012

რკონის ციხე (ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიიდან)

a16840.jpg

რკონის ციხე მდებარეობს მდინარე შიდა ქართლში, თეძმის ვიწრო ხეობაში, წალკიდან მიმავალი გზის პირას, ნასოფლარ რკონსა და რკონის კომპლექსს შორის, მაღალი მთის ფერდობზე. მას სამხრეთიდან მდინარე თეძამი ჩამოუდის, ჩრდილოეთიდან პატარა - მდინარე. ხეობას მოჰყვება მანგლისიდან მომავალი გზა.

ციხე თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანებით. კომპლექსში შედის: გალავანი, ეკლესია, კოშკი, სადაზვერვო კოშკი და სასახლე. რკონის ციხის კომპლექსი მეტად რთულრელიეფიან მთაზეა აგებული, მისი დასავლეთ ნაწილი შედარებით შევაკებულ ადგილზე დგას, აღმოსავლეთისა კი – თითქმის ციცაბო ფერდობზე. შიდა ტერიტორია მოსწორებული არ არის. ციხე მთლიანად ნაგებია ნატეხი ქვით.

გალავანი წარმოადგენს მარტივ, გეგმით უსწორო მრგვალგვერდას (სიმაღლე 5 მეტრი), რომელსაც თითო კარი აქვს ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთით. კედლები გამაგრებულია კონტრფორსებით. შიგნით გალავანი ორიარუსიანია. საბრძოლო ბილიკი ხისა ყოფილა. გალავნის ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა იარუსზე კი სათოფურებია.

ეკლესია დარბაზულია. თარიღდება XIII საუკუნით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით აფსიდში და დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ორ შეკიდულ თაღზე დაყრდნობილი კამარით.

კედლებზე შერჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. მოხატულობა თარიღდება XIII საუკუნის მეორე ნახევრით. აფსიდის კონქში ჩანს ვედრების კომპოზიციის ნაწილი: მაცხოვრის შიშველი ფეხი, მისი ქიტონის კალთა და ტახტი, რომელიც მორთულია სამრიგად განლაგებული კონცენტრული წრეებით და შიგ ჩახატული ჯვრებით. სამხრეთით შემორჩენილია ექვსფრთედის გამოსახულება. იოანე ნათლისმცემლის ფიგურა მთლიანად გადაშლილია, ხოლო ღვთისმშობელის მხოლოდ მოწითალო-ყავისფერო მაფორიუმისა და ნაცრისფერი ქიტონის მცირე ფრაგმენტებია შემონახული. მომდევნო რეგისტრში ზიარების კომპოზიციაა წარმოდგენილი. შედარებით უკეთესადაა შემონახული მაცხოვრისა და მისკენ მიმართული ორი ხელაპყრობილი ანგელოზის გამოსახულება კედლის ჩრდილოეთ ნაწილში, სარკმლის გვერდით. მოპირდაპირე მხარეს ჩანს ქრისტეს ფიგურა და მოციქული პავლე. ეს უკანასკნელი ოდნავ უკანაა გადაწეული, ხელი მაცხოვრისკენ აქვს გაწვდილი. ზიარება კიბისებრი ორნამენტის ფრიზითაა მოჩარჩოებული. მესამე რეგისტრში ეკლესიის მამებია წარმოდგენილი მთელი ტანით. ამავე რიგში, სარკმლის ქვემოთ, გაირჩევა მაცხოვრის წელზედა გამოსახულება. საკურთხევლის ერთადერთი სარკმელი მცენარეული ორნამენტითაა შემკული. ქვემოთ მხატვრობას ასრულებს კიბისებრი ორნამენტი. ეკლესიის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, ქვემოთ, გაირჩევა მთელი ტანით გამოსახული წმინდანები. ამავე კედლის სარკმლის წირთხლებზე ორი წმინდა დედის წელზედა გამოსახულებაა. ქვემოთ, დასავლეთ კუთხეში გამოსახული ბავშვთა ჯგუფი განეკუთვნება განკითხვის დღის კომპოზიციას, რომელსაც ეკლესიის დასავლეთ კედელი ჰქონდა დათმობილი. ამჟამად კომპოზიციის უმეტესი ნაწილი გადაშლილია. კედლის ზედა ნაწილში გამოსახულებათა გარჩევა მხოლოდ სარკმლის წირთხლებზე ხერხდება. სამხრეთით უწვერულვაშო ახალგაზრდა წითელ მოსასხამსა და ნაცრისფერ პერანგში წინასწარმეტყველი დანიელი უნდა იყოს. მას ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, რომელზეც ასომთავრული წარწერის ნაშთები გაირჩევა. ასევე ჩრდილოეთ წირთხლზე ორი მუხლმოყრილი ფიგურაა ვედრების პოზაში. შესასვლელის ტიმპანი და წირთხლები შევსებულია მცენარეული ორნამენტით. ჩრდილოეთ კედელზე მოხატულობა მთლიანად გადაშლილია.

ეკლესიის ფასადები ნატეხი ქვითაა ნაგები. წყობაში გამოყენებულია XII-XIII საუკუნეების ეკლესიის ნანგრევებიდან მოტანილი ჩუქურთმიანი ქვები.

კოშკი დგას გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ყველაზე მაღალ ადგილას. მისი სამხრეთის და აღმოსავლეთის კედლები კლდეს ეყრდნობა, ხოლო დანარჩენი ორი - მასიურ კედელს. ქვედა სართულის იატაკი ხის კოჭებზე ყოფილა დაგებული. კედლებში დატანებულია ბუხრები და სათოფურები.

სადაზვერვო კოშკი დგას ციხის ზემოთ, მთის წვერზე. მისი გეგმა კვადრატს უახლოვდება. შემორჩენილია სამი სართული: პირველი ყრუა, მეორის კედლებში სათოფურებია, მესამე დაზიანებულია.

სასახლე დგას ციხის ეზოში შემორცენილია სამსართულიანი ნაგებობის ნანგრევები. პირველ სართულზე ორი კარი, ბუხარი და სამეურნეო დანიშნულების ნიშებია, მეორეზე – ნიშები და ბუხარი; მესამე სართულის კედლები ძლიერ დაზიანებულია, ჩანს მხოლოდ კარი.

წყარო

0

ავტორი: