08:42:39     02-04-2012
პუტინი აკრძალულ იარაღს ქმნის?
ბრიტანული Mail on Sunday ახალი ფსიქოტრონული და იარაღის შესახებ წერს, რომელიც, გამოცემის ინფორმაცით, რუსეთში, პუტინის თანხმობით იქმნება.
იარაღს, რომელიც მხვერპლის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ელექტრომაგნიტური რადიაციით იმოქმედებს, შეუძლია ადამიანი ზომბად აქციოს, ამტკიცებს Мail on Sunday. როგორც სტატიის ავტორები ამბობენ, ეს იარაღი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც რუსეთის მტრების, ისე საკუთარი დისიდენტების წინააღმდეგ. მოსკოვში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით Мail on Sunday იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინმა აღწერა ახალი ტიპის იარაღი, როგორც სრულიად ახალი ინსტრუმენტი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.
იარაღის შექმნის თაობაზე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. ეს არის ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიის პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი, რომელზეც მან ერთ-ერთ თავის წინასაარჩევნო სტატიაში ისაუბრა.
იარაღის შემუშავების კონკრეტული წინადადებები მიმდინარე წლის დეკემბრისთვის უკვე მზად უნდა იყოს.
გამოცემა წერს, რომ კვლევები ელექტრომაგნიტური იარაღის შესაქმნელად, რუსეთსა და აშშ-ში გასული საუკუნის 50-იან წლებში ტარდებოდა, თუმცა პუტინმა, როგორც ჩანს, მათი რეალიზება დაიწყო.
გაზეთს მოჰყავს სამხედრო პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის, ანატოლი ციგანიუკის სიტყვები, რომელმაც ახალ იარაღს „ძალიან სერიოზული“ უწოდა. „ის გამოიყენებოდა დემონსტრანტების დაშლის დროს და იყო შემთხვევები, რომ როცა ადამიანზე მიმართავდნენ სხივს, მას მომენტალურად უწევდა ტემპერატურა. ამ დრომდე არ არის გარკვეული გამოსხივების გრძელვადიანი შედეგები. სპეცრაზმელებიც კი, რომლებიც ყველაზე მაღალ დონეზე არიან მომზადებულები, ამ გამოსხივებას ვერ უძლებენ“ - განაცხადა ექსპერტმა.
იარაღის გამოყენების გრძელვადიანი შედეგები ჯერჯერობით უცნობია, - წერს გაზეთი, თუმცა აღნიშნავს, რომ 2 წლის წინ „გრუ“-ს ყოფილი მაიორი შოტლანდიაში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას მსგავსი იარაღის შემუშავების შესახებ აცნობა“. სერგეი სერიხი გლაზგოში, მე-15 სართულიდან შვილთან და მეუღლესთან ერთად გადმოხტა. იმდროინდელი რუსული პრესა წერს, რომ სერიხი თავის დროზე „ფსბ“-ს აგენტი იყო და საზღვარგარეთ თავშესაფარი იმ მიზეზით მოითხოვა, რომ მას ყოფილი კოლეგები სდევნიდნენ. ბრიტანული გაზეთები წერდნენ, რომ მას თავშესაფარი კანადამ მისცა, თუმცა სერიხი იქიდან წამოვიდა და ბოლოს შოტლანდიაში დარჩა.
როცა ახალ იარაღზე საუბრობდა, ანატოლი სედიუკოვმა აღნიშნა, რომ წლის ბოლოს მზად იქნება ახალ ფიზიკურ პრინციპებზე დაფუძნებული სხივური, ფსიქოფიზიკური და გენური იარაღი.
ექსპერტების ყურადღება ყველაზე მეტად „გენურმა“ მიიქცია, რომელიც აკრძალული იარაღია.
სამხედრო მიმომხილველი სერგეი სეროვი ამბობს, რომ გენეტიკური იარაღის შექმნით 1945 წლამდე აქტიურად იყო დაკავებული ნაცისტური გერმანია, რომელსაც „სუფთა რასის“ გამოყვანა სურდა. საბჭოთა კავშირში კი ამ „ახალი“ იარაღის თემა ტაბუირებული იყო, ყოველ შემთხვევაში, სერდიუკოვის განცხადებამდე. თუმცა ცნობილია, რომ ახალი იმპულსი ამ კვლევებს, რომელსაც „კგბ“ მფარველობდა, იური ანდროპოვის პერიოდში მიეცა, რაც, როგორც ჩანს, ანდროპოვის „დიდი მემკვიდრის“ - პუტინის პერიოდში უკვე რეალობად იქცევა.
0