11:27:11     21-11-2010
“სამეფო“

ახალი საქონლის ხორცის ფილე (ან სუკი) გარეცხეთ და გაასუფთავეთ. გრძელი წვეტიანი დანით გაუკეთეთ ნასვრეტები და შიგ თითით ღრმად ჩატენეთ გაფრცქვნილი ნივრის კბილები (ცხადია, გარეცხილი). რაც მეტს უზამთ, მით უკეთესი, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ, საშუალო ზომის სუკზე 10-12 კბილი საკმარისია. დააყარეთ მარილი და შავი პილპილი გემოზე. შედგით ცხელ ღუმელში.
დასაწყისში წვით მაღალ ცეცხლზე (10 წთ), შემდეგ დაბალზე. წყალი რომ ამოუშრება, ასხით თეთრი ან წითელი (წითელი სჯობია) კახური ღვინო, 5-10 წუთში ერთხელ. ძირზე საქონლის ცხიმისგან და ღვინისგან დაგროვდება სოუსის მაგვარი სითხე, რომელიც ყოველ 10 წუთში უნდა სუფრის კოვზით სუკს ზემოდან ასხათ, ასე, დაახლოებით 45 წთ-1 საათის განმავლობაში. მერე, რომ შეწითლდება და ღვინისგან გამუქდება, დაუმატეთ კარაქი (ზემოდან წაუსვით, საშუალო ზომის სუკზე დაახლ. 1/2 კოლოფი). ბოლოს - უჩხვლიტეთ ჩანგალი (ღრმად) და ამოღებისას დააკვირდით: თუ გადმოვა ვარდისფერი წვენი, უკვე მზადაა.
პარალელურად (სანამ სუკი იწვება) გააკეთეთ შამპინიონების ჟულიენი. უმჯობესია, დრო რომ მოიგოთ, უკვე დაჭრილი, დაკონსერვებული პოლონური შამპინიონებისაგან. უკეთესია, რა თქმა უნდა, ნედლი სოკოსგან, მაგრამ მას მეტი დრო უნდა. ერთი სიტყვით, ზეთში შეწვავთ დაჭრილ ხახვს, დააყრით ზემოდან გასუფთავებულ შამპინიონებს, დაუმატებთ მარილს და შავ პილპილს. რომ შეიხრაკება, დაასხამთ არაჟანს (გემოზე, მაგრამ საკმარისად, რომ თხელი ფაფის კონსისტენცია იყოს).
გამზადებულ სუკს ამოიღებთ ღუმელიდან, დაჭრით თავისსავე ტაფაზე ისე, როგორც ჭრით ძეხვს (დიაგონალური ნაჭრებით), გადაასხამთ 1/2 ჟულიენს და შედგამთ ისევ ცხელ ღუმელში, 10- 15 წუთით.
გათლილ მსხვილ კარტოფილს დაჭრით სიგრძეზე ორ ან სამ ნაჭრად, ისე, რომ ეს ნაჭრები დიდი გამოვიდეს.
დააყრით მარილს და შედგამთ ღუმელში იმ ტაფაზე, რომელშიც სუკი იწვებოდა (ტაფა არ გარეცხოთ). დაუმატებთ ისევ ცოტა კარაქს და ღვინოს. შეწვის პირას რომ მივა (წვით ნელ ცეცხლზე, დასაწყისში მაღალზე), დაუმატეთ გაუთლელი, ოთხად დაჭრილი კომში (კურკებგამოცლილი ). კარტოფილი რომ შეიწვება და კომში დარბილდება, იმავე ტაფაზე უკან დააბრუნეთ სუკი (ფრთხილად უნდა აიღოთ ორივე ხელით, რომ ნაჭრები ერთმანეთს ედოს და არ დაიშალოს და არც ჟულიენი არ გადმოგეღვენთოთ). ტაფაზე რომ დადებთ, გადაასხით ჟულიენის დარჩენილი ნახევარი (მხოლოდ ხორცს) და ისევ შედგით ღუმელში.
ასე აცალეთ კიდევ 10 წთ და გადმოიღეთ დიდ თეფშზე, დაალაგეთ სიგრძეზე. გვერდით შემოუწყეთ შემწვარი კარტოფილი, კომში, ბულგარული მჟავე კიტრი (შეგიძლიათ მორთოთ მწვანილის რამდენიმე ტოტით) და გაიტანეთ სუფრაზე
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: საფერავი
0