05:48:15     25-03-2012
ალა ჯიოევა საავადმყოფოში (ვიდეო)

ცხინვალის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა, რომელიც 24 თებერვლიდან საავადმყოფოში, პოლიციის თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა, როგორც იქნა, გაწერეს სამკურნალო დაწესებულებიდან. ის კარგა ხანია, რაც გამოჯანმრთელდა, თუმცა მის „გარეთ ყოფნას“ მარიონეტული რეჟიმი არამიზანშეწონილად თვლიდა.
საავადმყოფოდან გაწერამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯიოევა აცხადებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი გაწერის ცნობა უკვე ორი კვირაა გაცემულია, მას მაინც „პატიმრობაში“ ამყოფებდნენ და ციხით ემუქრებოდნენ.
ჯიოევა ახლა უკვე სახლში იმყოფება, თუმცა კვლავ სამართალდამცველების გარემოცვაშია. ამჯერად, სულ სხვა მიზეზის გამო. სეპარატისტული რეჟიმი ირწმუნება, რომ ჯიოევაზე თავდასხმას ქართული სპეცსამსახურები გეგმავდნენ და ძალოვნები მის სახლთან ოპოზიციონერი ქალბატონის უსაფრთხოების მიზნით მორიგეობენ.
როგორც ჩანს, მარიონეტულ ე.წ. ხელისუფლებას ჯიოევას თავისუფლების მაინც ეშინია, შეგახსენებთ, ამ ქალბატონმა ცხინვალში უპრეცენდენტო საპროტესტო აქციების გამართვა მოახერხა. მას მხარდამჭერებიც ბევრი ჰყავს, რომელთა შემორიგებასაც, როგორც ამბობენ, ოკუპირებული რგიონის ხელმძღვანელობა, სწორედ ჯიოევას საავადმყოფოდან გათავისუფლებითა და მის მიმართ ხელისუფლების მიტაცების ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყევეტით ცდილობს, რადგან შიშობს, რომ ჯიოევას ერთგული განაწყენებული ადამიანები ცხინვალში მიმდინარე დღევანდელ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ და არ მივლენ „საარჩევნო უბნებზე“ (როგორც ცნობილია, დღეს ოკუპირებულ რეგიონში ედუარდ კოკოითის შემცვლელს ირჩევენ). ამიტომ, ამომრჩევლის გულიც რომ მოიგოს და ჯიოევაც რომ კონტროლის ქვეშ ჰყავდეს, ცხინვალის რეჟიმმა ყველაფერი ქართულ მხარეს დააბრალა.
როგორც ე.წ. გენპროკურატურის გამომძიებელმა ალან პლიევმა განაცხადა, „ჩვენ გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც დადასტურებულია „კგბ“-სა და შს სამინისტროს მიერ. ამ ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სპეცსამსახურები თავდასხმას ამზადებდნენ ალა ჯიოევაზე, რათა სამხრეთ ოსეთში დესტაბილიზაცია გამოეწვიათ. ამასთან დაკავშირებით მის სახლთან ჩაყენებულია დაცვა“ - განაცხადა პლიევმა.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რას ფიქრობს ამ თავდასხმასთან დაკავშირებით თავად ალა ჯიოევა და რამდენად სერიოზულად აღიქვამს მისი მორიგი შინაპატიმრობის მიზეზის ამ კომიკურ ვერსიას. „იუთუბზე“ კი გავრცელდა ვიდეო, რომელიც ჯიოევას რეამინაციიდან პალატაში გადაყვანის დღეს არის გადაღებული. გთავაზობთ ამ ჩანაწერს.
0