როგორ დააზარალა მტვერმა კირილი… როგორ დააზარალა მტვერმა კირილი… />


  15:48:35     24-03-2012

როგორ დააზარალა მტვერმა კირილი…

a16432.jpg

რუსეთის პატრიარქი კიდევ ერთი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ, რუსულ საინფორმაციო საშუალებებსა და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორც წაართვა პატრიარქის ძალიან ახლობელმა ქალბატონმა (თუ არა თავად პატრიარქმა), პატრირქისვე სახლში რეგისტრირებულმა ვინმე ლიდია ლეონოვამ მეზობლად მცხოვრებ ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს სახლი.

პატრიარქი კირილი უკვე ძალიან მალე შეძლებს გაიუმჯობესოს თავისი საცხოვრებელი პირობები - წერენ რუსული გაზეთები. მისმა წარმომადგენლებმა მოახერხეს დაეყადაღებინათ ბინა პრესტიჟულ სახლში სანაპიროზე, რომელიც ექიმ-კარდეოლოგს, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს იური შევჩენკოს ეკუთვნის და პატრიარქის (ვლადიმერ გუნდიაევის) ბინის მეზობლად მდებარეობს. შევჩენკოს მალე სასამართლო აღმასრულებელი მიაკითხავს. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მან სწორედ ბინით უნდა ზღოს ის ზარალი, რომელიც გუნდიაევის ქონებას მიაყენა. ეს ზარალი, სასამართლომ, 20 მილიონ რუბლად, შევჩენკოს ბინა კი 15 მილიონად შეაფასა.

ზარალი კი გამოიხატა იმაში, რომ პატრიარქის წიგნები და ავეჯი სულ მტვერმა დაფარა, რომელიც, როგორც თემიდას მსახურებმა ჩათვალეს, სწორედ ექს-მინისტრის ბინიდან მოფრინდა.

ეს ისტორია 2010 წელს დაწყებულა, როცა შევჩენკომ  სერაფიმოვიჩის ქუჩაზე შვილისა და 4 შვილიშვილისათვის ბინა იყიდა და ზაფხულში რემონტიც დაიწყო. თუმცა ოქტომბერში, ეს რემონტი წარმომადგენლობითმა დელეგაციამ შეაჩერა. მუშებს იაკიმანკას რაიონული საბჭოს ხელმძღვანელები, მერიის წარმომადგენლები, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები და ერთიც სახელმწიფო დუმის დეპუტატი გამოეცხადა. ლამის ბადრაგის საშუალებით, ისინი ერთი სართულით ზევით მდებარე ბინაში აიყვანეს, სადაც მათ ვინმე ლიდია ლეონოვა უცდიდა. იქ მუშებს ჩადენილი „დანაშაულის მძიმე შედეგები“ უჩვენეს… მტვერი… რის შემდეგაც, ისინი მილიციის განყოფილებაშიც წაიყვანეს. თუმცა მალევე გაირკვა, თუ რა ხდებოდა.

მტვერი, რომელიც შევჩენკოს ბინიდან გავრცელდა, რუსეთის პატრიარქის ბინაში ძვირფას ნივთებზე მიმოფენილა. ლიდია კი იმ შუაშია, რომ ისიც პატრიარქის სახლშია რეგისტრირებული. მედია იკვლევს, ვინ არის ეს ქალი, რომელიც, როგორც გაარკვიეს, უკვე წლებია, პატრირქის გვერდითაა, ჯერ კიდევ სმოლენსკის პერიოდიდან. გაირკვა ისიც, რომ ლიდიას სახელზე სმოლესკში რამდენიმე კომერციული სტრუქტურაც იყო რეგისტრირებული, რომლებიც თამბაქოს ბიზნესით იყვნენ დაკავებულები…

მოკლედ, შევჩენკო, თუ რამე არ მოიფიქრა, ბინას კარგავს პრესტიჟულ უბანში. პრინციპში, როგორც მისი წარმომადგენლები ყვებიან, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს დაპირება შეუსრულეს. ვიდრე საქმე სასამართლომდე მივიდოდა, შევჩენკოს ერთ-ერთი დეპუტატი ურეკავდა და შუამავლობასა და გარიგებას სთავაზობდა: მას პატრიარქისთვის ბინა უნდა დაეთმო, შუამავლისთვის კი 500 ათასი ევრო გადაეხადა. როცა ყოფილ ჩინოვნიკს შეთავაზება გადაჭარბებულად მოეჩვენა, მას დაპირდნენ, რომ თავისას მაინც მიაღწევდნენ…

რუსულ ბლოგოსფეროში ამ სკანდალის განხილვას პატრიარქის ქონების „რევიზიაც“ მოყვა. არა მარტო რიგითი ადამიანები, ზოგიერთი ექსპერტიც თვლის, რომ პატრიარქ კირილის ქონება ყველა სხვა რუსი პატრიარქის ქონებას აჭარბებს და ის „მიწიერ“ სკანდალებშც ხშირად ეხვევა. მაგალითად,  გასული წლის თებერვალში, როცა საზოგადოება გელენჯიკის რაიონში მშენებარე პატრიარქის აგარაკზე ალაპარაკდა.

განგაში, მაშინ, საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „ოტკრიტი ბერეგ“-მა ატეხა, რომელიც აღშფოთებული იყო, რომ „პატრიარქის სასახლე“ კეტავდა სანაპიროს და საფეხმავლო ბილიკს. მაშინ საპატრიარქომ განაცხადა, რომ ეს არა პატრიარქის აგარაკი, არამედ „რუსეთის მართლამდიდებელი ეკლესიის სასულიერო-კულტურული ცენტრი“ იყო, თუმცა ფაქტია, რომ ცენტრისთვის თუ კერძო სასახლისთვის, ასობით ძვირფასი ფიჭვის ხე გაჩეხეს.

0

ავტორი: