07:54:27     23-03-2012
რუსმა დეკანოზმა, მართლმადიდებლებს, მკვლელობებისკენ მოუწოდა...

მართლმადიდებლებმა, თავისი სიწმინდეების დაცვის მიზნით, არაფრის წინაშე არ უნდა დაიხიონ უკან, მათ შორის, არც მკვლელობის წინაშე - ასე გადმოსცემს „ინტერფაქსი“ მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, ვსევოლოდ ჩაპლინის განცხადებას, რომელიც მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
„მე მართლაც ვთვლი, რომ ჩვენს მორწმუნეებს, 1920 წელს, როცა ლენინმა მათ წინააღმდეგ რეპრესიების ინიცირება მოახდინა, სხვაგვარი პასუხი უნდა გაეცათ. ბოლშევიკებისთვის მათ უნდა ეპასუხათ იარაღისა და სახალხო დაუმორჩილებლობის ძალით“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ ქრისტიანის საქმეა გაანადგუროს, რაც შეიძლება, მეტი ბოლშევიკი, რათა დაიცვას ქრისტიანისათვის წმინდა საქმეები.
„მთელი მართლმადიდებლური ტრადიცია და ქრისტეს სახარება მოცემულ შემთხვევაში ეუბნება ადამიანებს დაიცვან თავი, მათ შორის, იარაღის ძალით, ფსევდოხელისუფლების უკანონობის წინააღდეგ, რომელიც უზურპატურული იყო და არასოდეს ყოფილა კანონიერი“ - განმარტა მან.
ჩაპლინის ამ განცხადებამ მაშინ გაიჟღერა, როცა ის პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ზე საუბრობდა. სწორედ ჩაპლინმა მოუწოდა საზოგადოებას პირველად, მაქსიმალური სიმკაცრით დაესაჯათ პანკ-ჯგუფის წევრები, რომლებმაც თებერვლის თვეში, მაცხოვრის ტაძარში, საკურთხეველთან აქცია მოაწყვეს და ღვთსმშობელს პუტინის გაძევება სთხოვეს. ჩაპლინმა, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის, მათი დასჯის ფორმის გამკაცრება მოითხოვა. „ნორმა, რა თქმა უნდა, უკიდურესად რბილია, რადგან საუბარია ქმედებებზე, რომელსაც ქვეყანაში სიტუაციის აფეთქება შეუძლია. დარწმუნებული ვარ: ეს ნორმა სისხლის სამართლის კოდექსში უნდა გადავიტანოთ“ - დაწერა ჩაპლინმა კოლექტიურ ბლოგზე „მართლმადიდებლური პოლიტიკა“. მისივე თქმით, ვინც პანკ-ჯგუფს არ გაკიცხავს, არ უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელთა მხარდაჭერის იმედი. ამ დროისთვის, Pussy Riot-ის წევრებს ხულიგნობაში აქვთ ბრალი წაყენებული. ისინი დაკავებულები არიან და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
რამდენიმე დღის წინ კი, რუსეთის საპატრიარქომ არა მარტო პანკ-ჯგუფის წევრების, არამედ იმ ჟურნალისტებისა და ფოტოკორესპონდენტების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დასმაც მოითხოვა, რომლებმაც აღნიშნული აქცია გააშუქეს.
0