12:37:01     15-03-2012
აკაკი მინაშვილი: ქართული მხარის მშვიდობიანი ინიციატივების გამო, კრემლი ისტერიკაშია ჩავარდნილი

რუსეთი, საქართველოსთან სავიზო რეჟიმს იმ შემთხვევაში გააუქმებს, თუ თბილისი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონს შეცვლის. კერძოდ, მოსკოვი ითხოვს, რომ ქართულმა მხარემ, კანონის ის მუხლი შეცვალოს, რომლის თანახმადაც, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ჩასული პირები სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან. მოსკოვის ამ გზავნილს, შეფასებები თბილისში უკვე მოჰყვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დეპუტატ აკაკი მინაშვილის განცხადებით, ეს კანონი არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება. მისი მტკიცებით, კანონი იქამდე იმოქმედებს, სანამ ქვეყნის დეოკუპაცია არ მოხდება. რა მნიშვნელობა ენიჭება, პარლამენტის მიერ 2008 წელს მიღებულ ამ კანონს? – პრესა.ჯი აკაკი მინაშვილს ესაუბრა:
- როგორ შეაფასებთ, სერგეი ლავროვის მოწოდებას, რომ კანონი გაუქმდეს?
- ბოლო პერიოდში, ძალიან კარგად ჩანს, რომ ქართული მხარის მშვიდობიან ინიციატივებზე, ჩვენს “მეგობრებს” ისტერიკული დამოკიდებულება აქვთ. ამის კარგი მაგალითი - უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ინიციატივა იყო. ამ იდეის გაჟღერების შემდეგ, კრემლის მხრიდან ისტერია დაიწყო და ინიციატივა ბოროტ განზრახვად და პროვოკაციად შეფასდა, რაც საერთოდ, გაუგებარია. როდესაც სახელმწიფოს სურს, რომ საკუთარ ქვეყანაში ბევრი ადამიანი ჩავიდეს, ეს პროვოკაციაა? - ეს პირიქით, მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია. ქართული მხარის სურვილია, რომ რუსეთიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოვიდეს და როგორმე ის პროპაგანდა დავძლიოთ, რომელიც იქ საქართველოსთან მიმართებაში მიმდინარეობს, კერძოდ, ის რომ თითქოს, საქართველო აგრესიული სახელმწიფოა. არადა, ყველაფერი პირიქითაა, რადგან ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის მაგალითია. ამიტომაც არის რომ ჩრდილოკავკასიიდან ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოდის, როგორც ზაფხულში, ასევე - ზამთარში.
- პარლამენტის მიერ მიღებული “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი არ გადაიხედება?
- ბუნებრივია, ეს კანონი არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება. რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ჩვენი პოზიცია არ არის, არამედ, მთელი მსოფლიოსი. რაც შეეხება საქართველოს საზღვრებზე შემოსვლას, ნებისმიერ სახელმწიფოში გარკვეული ადგილებია, სადაც შეგიძლია შეხვიდე, ან გამოხვიდე, თუმცა, თუ საზღვართან დაკავშირებით კანონმდებლობას დაარღვევ, მაშინ შენს მიმართ, შესაბამისი სანქციები დაწესდება. ასეა საქართველოსთან მიმართებაშიც. ამას გარდა, უნდა ითქვას, რომ ლავროვის პოზიცია უსაფუძვლოა. კრემლს, უვიზო რეჟიმი რატომ არ უნდა, იცით? - ნებისმიერი საშუალებით იყოს გაწეული წინააღმდეგობა ადამიანს შორის, რომ რუსები საქართველოში არ ჩამოვიდნენ, რათა მათ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები არ ნახონ.
- ამ კანონის მიხედვით, ნებისმიერი პირი, რომელიც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე ეწვევა, სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება, უვიზო რეჟიმის შემთხვევაში, ეს საკითხი როგორ დარეგულირდება?
- ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვინც ნამყოფია, ბუნებრივია, ის საქართველოში ვერ შემოვა. ჩვენ ყველას წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ სეპარატისტთა რეგიონებს ნუ ესტუმრებიან.
- თქვენი ინფორმაციით, ეს კანონი როგორ მუშაობს და 2008 წლიდან დღემდე, კანონის დარღვევის გამო, არის თუ არა რუსეთის რომელიმე მოქალაქე დაკავებული?
- დაკავებული არავინაა, მაგრამ გახსოვთ, რომ ამ კანონიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიაზე, სერგეი მარკოვი არ შემოვუშვით, რადგან მას კანონი დარღვეული ჰქონდა. ბუნებრივია, ეს კანონი კარგად მუშაობს.
- რაც შეეხება სერგეი ლავროვის მტკიცებას, რომ კრემლი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არავის სთხოვს, რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირი, რატომ იმართლებს თავს?
- მისი ეს განცხადება სასაცილოა. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გამოიკვეთა, რომ კრემლის “აღიარების” პოლიტიკამ კრახი განიცადა. მოსკოვმა, “დამოუკიდებლობის” აღიარება ოდიოზურ სახელმწიფოებს აიძულა - ზოგს - შანტაჟით და ზოგსაც - ფულადი სარგებლის შეთავაზებით, მაგრამ განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებს მტკიცე პოზიცია აქვთ, რომ “აღიარებას” არ დაუშვებენ. ამას კი, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მტკივნეულად განიცდის და სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ვითომ ამ საკითხზე არ მუშაობენ.
0